ფლორენცია და მანქანა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი „ექთნის წელიწადად“ გამოაცხადა, ჰოსპიტალური სანიტაციისა და ექთნობის თანამედროვე პრინციპების ფუძემდებელ ფლორენს ნაითინგეილის დაბადებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავად. მას რომ დღეს ჰოსპიტალში შეევლო, უთუოდ ნასიამოვნები დარჩებოდა მისი დროიდან დღემდე საეთნო საქმეში მიღწეული წინსვლით და იმით, თუ კიდევ რა სახის ცვლილებები მოხდება უეჭველად მომდევნო წლებში.
ნაითინგეილმა პირველი საექთნო სკოლა ლონდონის ჰოსპიტალში 1860 წელს შექმნა და დაახლოებით 200 წიგნი და სტატია დაწერა. ის გახდა პირველი ქალი, რომელიც სამეფო სტატისტიკის საზოგადოებაში მიიღეს, სტატისტიკური ინფოგრაფიკის სფეროში გზის გაკაფვისთვის. ყირიმის ომში ბრიტანელი ჯარისკაცების მოვლისას, ნაითინგეილმა წარმოადგინა ქეისი ჰოსპიტალური სანიტაციისათვის წრიული დიაგრამის ვარიაციის გამოყენებით, რომელსაც „აღმოსავლეთში დისლოცირებულ არმიაში მოკვდავობის მიზეზების დიაგრამა“ უწოდა. ამით მან აჩვენა, რომ ინფექციით იმაზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე ჭრილობებით. ნაითინგეილს დიაგრამის მეშვეობით სურდა „მხედველობაზე ზემოქმედებით გაეგებინებინა ის, რისი მიტანაც საზოგადოების ტვინამდე ვერ ხერხდებოდა სიტყვებისათვის დახშული ყურების გავლით“. მოგვიანებით, მის მიგნებას „პოლარული დიაგრამა“ ეწოდა, რომელშიც ყოველ სექტორს ერთი და იგივე კუთხური სიგანე და მოცემული კატეგორიის ამსახველი ფართობი აქვს (მაგალითად, გარდაცვლილთა რაოდენობა).
ჩვენს ეპოქაში, ბევრი ადამიანი (თუ ადამიანთა უმრავლესობა არა) ექთნობას აღიქვამს როგორც უნარების შეზღუდულ ნაკრებს, რასაც ადამიანი უშუალოდ სამუშაო ადგილას იძენს, როგორ ეს ნაითინგეილის დროს იყო. რეალობაში კი ექთნებს უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხები აქვთ და ექთნობის სადოქტორი პროგრამებიც არსებობს. ექიმების მსგავსად, ექთნებიც უამრავი კლინიკური დისციპლინებიდან სპეციალიზაციას არჩევენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ნეონატოლოგია, კარდიოლოგია და გადაუდებელი დახმარება. ექსპერტ-კრიმინალისტი ექთნებიც კი არსებობენ. ინოვაციების ტემპი საექთნო საქმეში ისეთია, რომ ყოველთვიური ჟურნალი American Nurse Today ხანდახან 70 გვერდსაც კი მოითვლის.
2020 წელს და შემდგომ, ექთნები სულ უფრო მეტად შეასრულებენ იმ საქმეს, რაც უწინ ექიმების პრეროგატივა იყო − როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას. უკვე დღეს, ამერიკელი პაციენტებისთვის მიცემული ანესთეზიის თითქმის ორი მესამედის ადმინისტრირებას სერტიფიცირებული ექთან-ანესთეზიოლოგები ახდენენ. ბრიტანეთში სპეციალიზებული ექთნები მუცლის ღრუს, ორთოპედიულ და გულ-სისხლძარღვთა ოპერაციებსაც კი აკეთებენ. სუბსაჰარული აფრიკის ცალკეულ ქვეყნებში ექთნებს გადაუდებელი საკეისრო კვეთის გაკეთებას ასწავლიან და მათი ჩატარებული ოპერაციების რიცხვი უკვე ექიმების ჩატარებული კვეთების რიცხვს უახლოვდება.
საექთნო საქმის ფორმის ცვლილება
ექთნები სულ უფრო ხშირად შეცვლიან ზოგადი პროფილის ექიმებს ისეთი პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც დიაბეტი და ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, რომლებიც ცხოვრების სტილის ცვლილებას მოითხოვს. ექთნებს განსაკუთრებით კარგად შეუძლიათ ამისთვის საჭირო ჰოლისტური მკურნალობის გაწევა, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ინდივიდის ცხოვრებისეულ გარემოებებს, რადგანაც სწორედ ექთნები ხდებიან პაციენტების ნდობით აღჭურვილი პირები. აკადემიკოს ბრაიან დოლანის თქმით, „ადამიანები ექიმს ეძებენ, მაგრამ თვალებში ექთანს შესცქერიან“. სხვადასხვა პროფესიის ადამიანების სანდოობასთან დაკავშირებულ კვლევებში ექთნები ყოველთვის ლიდერებად გვევლინებიან.
წარმოსახვით დროში მოგზაურობისას ნაითინგეილს იმედს გაუცრუებდა ის გარემოება, რომ საექთნო საქმის ტრანსფორმაცია არათანაბარი იყო. ისეთ ქვეყნებში, როგორებიც ინდოეთი, გერმანია და პორტუგალიაა, ექთნები კვლავაც მხოლოდ ექიმთა თანაშემწეებად აღიქმებიან და ზოგადი დაავადებების დიაგნოზის დასმისა და წამლების გამოწერის უფლება შესაძლოა არც კი მიეცეთ. მართალია ექთნები მსოფლიოს ჯანდაცვის მუშაკთა თითქმის ნახევარს შეადგენენ, და მათზე პაციენტების კონტაქტების 90% მოდის, მაგრამ მათ ჯანდაცვის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მრგვალ მაგიდასთან არავინ უხმობს. 2018 წლამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც კი არ ჰყავდა საექთნო საქმის უფროსი ოფიცერი.
სხვა ტენდენცია, რაც ნაითინგეილს გაანაწყენებდა, ისაა, რომ ექთნობამ მიმზიდველობა დაკარგა და ადგილების უმეტესობის დაკომპლექტება გართულდა. ბევრ ქვეყანაში ექთნობაზე ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. მომდევნო დეკადაში ექთნების ნაკლებობა მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების უდიდესი პრობლემა გახდება. 2030 წლისთვის მსოფლიოს 7.6 მილიონი ექთანი დააკლდება, რაც მათი დღევანდელი რიცხვის მესამედია.
ამ ტენდენციის შემოსაბრუნებლად უფრო მიზანმიმართული გახდება მცდელობა, მეტი ხალხი მოიზიდონ საექთნო საქმეში და გამოცდილი ექთნები სამუშაო ადგილებზე შეინარჩუნონ. ქვეყნები უმეტესწილად ექთნების ადგილზე მობილიზებას მიაქცევენ ყურადღებას მათი უცხოეთიდან შემოყვანის ნაცვლად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, სადაც ნაწილობრივ სწორედ ექთნების ნაკლებობით აიხსნება ჯანდაცვის სავალალო მდგომარეობა. ეროვნული მედია შეეცდება ექთნების პროფილის ამაღლებას და მოძველებული შეხედულების გაქარწყლებას, რაც ამ პროფესიას უკავშირდება. ზოგმა შესაძლოა იდეები სინგაპურის მეტად ეფექტიანი კამპანიიდან ისესხოს, რომლის სპონსორობით შეიქმნა დრამები ექთნების შესახებ, დოკუმენტური ფილმები და „ექთნობის ჰიმნიც“ კი (მიმზიდველი პოპმუსიკის ჟანრის ვიდეოკლიპის სახით). ამ კამპანიის Instagram-ის გვერდზე ყველას შეუძლია სათავისოდ რაღაცის ნახვა, მათ შორის წყვილთა სასიყვარულო ისტორიები, რომლებიც ერთმანეთს საექთნო სკოლაში შეხვდნენ.
2018 წელს დაწყებული გლობალური კამპანიის მიერ შექმნილი იმპულსებით შეგულიანებული სულ უფრო მეტი საავადმყოფო და სხვა დამსაქმებელი შექმნის პროფესიული განვითარებისა და ლიდერობის პროგრამებს ექთნებისათვის. მეტი იქნება საუბარი და იმედია, მოქმედებაც იმისათვის, რომ ექიმებმა თავისი კომპეტენციისა და უნარების სრულად გამოყენება შეძლონ. ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს იმას, რომ მათი სამუშაო უფრო მართვადი და ნაკლებად დამღლელი გახდეს. მაგალითად, ალგორითმებით შესაძლებელი გახდება მორიგეობის ოპტიმალური მონაცვლეობის დაგეგმვა.
ამავე დროს, დიაგნოსტიკური სისტემებისა და ქირურგი რობოტების წინსვლის კვალობაზე, შესაძლოა ექთნობა ჯანდაცვის სფეროს ერთადერთი ასპექტი გახდეს, რომელშიც ადამიანებს მანქანები არ ჩაანაცვლებენ. მართალია საექთნო საქმის განვითარებას მედიცინა და ტექნოლოგიები განსაზღვრავს, სწორედ ისე, როგორც ნაითინგეილის დროს, მაგრამ განკურნების ძალა კვლავაც ემპათიასა და ადამიანურ ფაქტორშია.
სლავეა ჩანკოვა, ჯანდაცვის კორესპონდენტი, The Economist