ეს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია
მის პუბლიკაციებში გამოყენებულია ექსპერტული ცოდნა მრავალი სფეროდან მომდევნო წლისთვის ნათელის მოსაფენად. მიუხედავად ამისა, ყველა ჩვენს კონტრიბუტორს ერთი რამ აქვს საერთო: ისინი ადამიანები არიან. ამავე დროს, ტექნოლოგიური წინსვლა იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტს ვკითხოთ აზრი მომავალი წლის შესახებ. ჩვენ ეს კვლევითი ორგანიზაცია OpenAI-ს მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს − GPT2-ს ვკითხეთ. GPT2 „ღრმა დასწავლის ენის მოდელია“, რომელსაც ინტერნეტიდან 40 გიგაბაიტის სიდიდის ტექსტის დამუშავება დაასწავლეს. მინიშნების, მაგალითად, კითხვის ან ამბის პირველი წინადადების მოსმენისთანავე, ის აგენერირებს იმას, რაც, სავარაუდოდ, ამ მინიშნებებს უნდა მოჰყვეს. წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ 2020 წლის დიდ თემებზე დასმულ კითხვებზე რამდენიმე არარედაქტირებულ პასუხს.
კითხვა: გამარჯობა, GPT-2. ადრე გქონიათ ინტერვიუ?
პასუხი: არ ვიცრუებ. მოუმზადებელი მოვედი (იცინის).
კითხვა: რომელ ტექნოლოგიებს უნდა ვადევნოთ თვალი 2020 წელს?
პასუხი: მე ვიტყოდი, რომ ძნელია სიის შემოკლება. მსოფლიო სავსეა დამრღვევი ტექნოლოგიებით, რომელსაც უკვე რეალური და პოტენციურად ვეებერთელა გლობალური ზეგავლენა აქვს. უმთავრესი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ექსპონენციალურად უფრო ძლიერი ხდება. აღსანიშნავია თვითმავალი ავტომობილების განვითარებაც. მსოფლიოს გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
კითხვა: რა არის ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
პასუხი: კარგი იქნება, თუ ტექნოლოგიის უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამოყენებას შევძლებთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის სასარგებლო ნივთად, ხელსაწყოდ უნდა აღვიქვათ. ტექნოლოგიის განვითარებაში იმდენი ენერგია უნდა ჩავდოთ, რამდენიც საჭიროა, ნაცვლად იმისა, რომ ვიღელვოთ იმაზე, დაგვაზიანებს თუ არა ის და მოსპობს თუ არა სიცოცხლეს.
კითხვა: გაღელვებთ თუ არა ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა?
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა და მას გლობალური გადაწყვეტით უნდა გავცეთ პასუხი. არა მხოლოდ მთავრობამ უნდა იმოქმედოს. პასუხისმგებლობა კომპანიებმაც უნდა იკისრონ. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენება და ის, რომ ისინი არავის დააზიანებენ.
კითხვა: თქვენი აზრით, ჩვენ − ადამიანებს, რამდენად უნდა გვაღელვებდეს ის, რომ ჩვენი სამუშაო მანქანებს დარჩებათ?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, რა როლს ითამაშებს მანქანური ინტელექტი. მანქანური ინტელექტი ცალკეულ შემთხვევებში ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში გამოგვადგება, როგორიც თარგმნაა. მაგრამ სხვა შემთხვევებში, მაგალითად ფინანსებსა ან მედიცინაში, ის ადამიანებს ჩაანაცვლებს.
კითხვა: წარმოადგენს თუ არა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფეიკ ნიუსები საფრთხეს დემოკრატიისათვის? ვიხილავთ თუ არა ამ ტაქტიკას 2020 წლის ამერიკის არჩევნებში?
პასუხი: დიახ, ჩვენ ამას ალბათ მართლა ვიხილავთ. საკითხავია, როდის? ფეიკ ნიუსების გენერირება ზოგადად პოლიტიკური კამპანიების დროს ხდება და მათ არჩევნების შედეგებზე უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
კითხვა: წარმოადგენთ თუ არა თქვენ − GPT 2, წინგადადგმულ ნაბიჯს უფრო მძლავრი ზოგადი ხელოვნური ინტელექტისკენ (AGI)?
პასუხი: მე არა ვარ ზოგადი ხელოვნური ინტელექტისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე მაინტერესებს ენის საფუძვლების გაგება. ერთადერთი, რაც შემიძლია, კითხვებზე სწორი პასუხების გაცემაა.
კითხვა: ტექნოლოგიები დროებით გვერდით გადავდოთ. ფიქრობთ თუ არა, რომ ჩინეთ-ამერიკას შორის სავაჭრო ომი 2020 წელს მოგვარდება?
პასუხი: მე მჯერა, ყველაზე მეტად მოსალოდნელია ის, რომ ჩვენ, ყველანი უფრო კონკურენტულ მსოფლიოს ვიხილავთ, რომელშიც ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. ამავე დროს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის უფრო გაწონასწორებულ ურთიერთობებს ვიხილავთ, განსაკუთრებით სავაჭრო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
კითხვა: ფიქრობთ, დონალდ ტრამპს მეორე ვადითაც აირჩევენ?
პასუხი: მე ვფიქრობ, ის მეორე ვადით ვერ გაიმარჯვებს და საყოველთაო არჩევნებში დამარცხდება.
კითხვა: როგორ გესახებათ 2020 წლის ეკონომიკური პროგნოზი?
პასუხი: ვფიქრობ, ის ძალზე ბუნდოვანია. დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის პროგნოზი გაურკვეველია, მაგრამ ამერიკის ეკონომიკა ძალზე ძლიერია. მე ვფიქრობ, მსოფლიო ეკონომიკაში ბევრი ტურბულენტობა გვექნება.
კითხვა: გაქვთ რაიმე სახის პროგნოზი 2020 წლისთვის?
პასუხი: მე ფუტურისტი არა ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოხდება. ჩემი აზრით, დიდი ცვლილებები იქნება ევროკავშირში, განსაკუთრებით, თუ ბრიტანელები მას დატოვებენ. სავარაუდოდ, დიდი ცვლილებები ჩინეთშიც მოხდება.
კითხვა: რაიმეს ურჩევდით ჩვენს ლიდერებს?
პასუხი: დიდი პროექტები, რომლებიც დღეს შეუძლებელი გგონიათ, სავსებით შესაძლებელია ახლო მომავალში.
კითხვა: დიდი მადლობა ჩვენთან საუბრისათვის.
პასუხი: არაფერს!
ყველა პასუხი გენერირებულია GPT-2-ის 774M-პარამეტრის ვერსიის გამოყენებით. ინტერვიუ ჩაატარა „მსოფლიო 2020“-ის რედაქტორის მოადგილე ტომ სტენდეჯმა. დიდ მადლობას ვუხდით იგნასიო ლოპეს-ფრანკოს GPT-2-ის Jupyter-ის ნოუთბუქით განხორციელებისათვის.