ფარმინგის აღმასვლა
ოქტომბრისთვის დაგეგმილი „დუბაი ექსპო 2020“-ის ვიზიტორებს დიდი სანახაობა ელით, გასტრონომიულ სიამეთა ჩათვლით. მაგრამ დუბაის, როგორც უდაბნო ქვეყანას, სურსათის მეტი წილი უცხოეთიდან შემოაქვს. ექსპოს ერთ-ერთი თემაა სურსათის დიდ მანძილზე გადაადგილება, რაც, ცხადია, მდგრადობას სულაც არ ესადაგება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მზარეულთა მიერ გამოყენებულ სალათებსა და მწვანილეულობას დიდი გზის გავლა სულაც არ მოუწევს, რადგანაც ექსპოსთან ახლოს მდებარე მსოფლიოს უდიდეს „ვერტიკალურ ფერმებში“ გამოჰყავთ.
ვერტიკალური ფარმინგი მცენარეების დახურულ გარემოში გამოყვანას გულისხმობს. სივრცის დაზოგვის მიზნით, მცენარეებს ერთმანეთზე დალაგებულ ლანგრებში მოთავსებულ უნიადაგო სუბსტრატში ზრდიან. თითოეული ლანგარი ხელოვნურ სინათლეში „ბანაობს“ და წყლითა და საკვები ნივთიერებებით საზრდოობს. დუბაის ფერმა სილიკონის ველის კომპანია CropOne-ისა და Emirates Flight Catering-ის ერთობლივი პროექტია. ექსპოსთვის მიწოდების გარდა, იგი დღეში 2700 კილოგრამ ფოთლოვან მწვანილს მოიყვანს დუბაის აეროპორტის ქეითერინგისთვის. ფერმა იმაზე 99%-ით ნაკლებ წყალს დახარჯავს, რასაც იგივე მიზნით ღია გრუნტზე იყენებენ.
ტექნოლოგიური წინსვლა, განსაკუთრებით სინათლის ემიტენტი დიოდების (LED) მიმართულებით, მცენარეთა საუკეთესო ზრდის ხელშემწყობი ფერების წარმოქმნას უზრუნველყოფს და ასეთ ოპერაციებს უფრო ქმედითად აქცევს პროდუქტების საკმაოდ ფართო სპექტრისთვის, მათ შორის − ხილისა და ბოსტნეულისთვისაც. შოტლანდიის ქალაქ დანდის სიახლოვეს მდებარე ფირმა Intelligent Growth Solutions-ი LED-სისტემებს ვერტიკალურ ფარმინგს მიაწვდის, რაც წარმოების ხარჯებს გაანახევრებს.
ვერტიკალური ფერმების უმეტესობა ადგილობრივი ბაზრებისთვის პროდუქციის პირდაპირ მისაწოდებლად უშუალოდ ქალაქებში ან მათ სიახლოვეს აშენდება. კიდევ ერთმა ამერიკულმა ფირმამ, Plenty-იმ ავტომატიზებული ფერმა სან ფრანცისკოსთან ახლოს გახსნა 100-ზე მეტი ადგილობრივი სურსათის მაღაზიისთვის მისაწოდებლად. სხვა ფერმები უფრო მცირე ზომისანი იქნებიან. ბრიტანული საცალოდ მოვაჭრე Marks & Spencer-ი ახალი მწვანილის საწარმოებლად გერმანული ფირმა Infarm-ის მიერ დამზადებულ ვერტიკალური ფარმინგის ერთეულებს პირდაპირ თავისი სუპერმარკეტების ატრიუმებში განათავსებს.
პოლ მაკრაილი, ინოვაციათა რედაქტორი, The Economist