ქარპირი Huawei-ის მიღმა

ჩინური ტელეკომის გიგანტი Huawei 2019 წლის ჰედლაინებში დომინირებდა, ვინაიდან ვაჭრობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დავების შუაგულში აღმოჩნდა. ამერიკა და მისი მოკავშირეები არ ენდობიან ჩინეთის ტექნოლოგიურ ფირმებს, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ ოპერირებს. რაც უფრო მეტად იხვეწება ეს ფირმები და გლობალურ პოზიციებს იმყარებს, სულ უფრო მეტად ღელავს ამერიკა იმაზე, რომ მათ პროდუქტებს ჩინეთის სახელმწიფო ბოროტი მიზნებით გამოიყენებს. 

Hiawei მხოლოდ ერთ-ერთია გაძლიერებული ჩინური ტექნოლოგიური ფირმებიდან. ამერიკული და ევროპული სტარტაპების ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მაგალითად ჯანდაცვასა და ფინანსურ სერვისებში არსებულ თანამედროვე და ეფექტიან (თუმცა ტექნოლოგიურად არცთუ განვითარებულ) ფირმებთან კონკურირება უწევთ. მათგან განსხვავებით, ჩინურ სტარტაპებს შეუძლია სწრაფად აკრიფოს წარმოების მასშტაბები, რადგანაც ქვეყნის მზარდი სიმდიდრე ახალ ბაზრებს ხსნის გადახდის სისტემებში (Alipay და WeChat), სურსათის დაგზავნაში (Meituan), სამედიცინო ტესტებში (Yunhu Health), ან ყავახანებში (Luckin Coffee). ჩინურმა ტექნოლოგიურმა ფირმებმა ხეირი ნახეს კონკურენტების სისუსტით ან მათი არარსებობით და იმითაც, რომ ჩინური ბაზარი დიდი, დაცული და სწრაფად მზარდია. 

ახლა ეს უკვე დახვეწილი ფირმები საზღვარგარეთ საქმიანობის გატანას იმედოვნებენ. 2020 წელს მათ მცდელობებს უფრო მეტად პოლიტიკური, და არა კომერციული ან ტექნიკური დაბრკოლებები ეღობება. Huawei ყურადღების ცენტრში დარჩება და მას სხვა ჩინური ფირმებიც შეუერთდებიან. ამერიკელი პოლიტიკოსები ახლაღა იწყებენ იმის შემჩნევას, რომ ათეულობით მილიონი ამერიკელი მოზარდი დაახლოებით 75 მილიარდ დოლარად შეფასებულ პეკინურ სტარტაპ ByteDance-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია TikTok-ით მოიხმარენ ვიდეოპროდუქციას. TikTok-ი ბაზარს პეკინელი პროგრამისტების მიერ შედგენილი კოდებით შექმნილი მანქანური დასწავლის ალგორითმებით შერჩეულ მოკლე გასართობ ვიდეოკლიპებს აწვდის ბაზარს. დასავლეთის ქვეყნებისთვის ჩინეთში დაწერილი ალგორითმებით კონტენტის მიწოდება ნამდვილი რეცეპტია გავლენის მოხდენის მცდელობაში დასაეჭვებლად, მიუხედავად იმისა, რეალურად არსებობს ამის საფუძველი, თუ არა (არ არსებობს რაიმე სამხილი, რომ ByteDance-მა ამ მიმართულებით რაიმე მოიმოქმედა, თუმცა აღინიშნავენ, რომ მის მიერ არჩეულმა კონტენტის მოდერაციის პოლიტიკამ სინძიანისა და ჰონკონგის მსგავსი ადგილებიდან მომდინარე პოლიტიკური გზავნილები „დაწნეხა“). 

ჩინური ფირმები უკვე ცდილობენ ასეთი შეშფოთების პრევენციას. ეს ტენდენცია 2020 წელსაც გაგრძელდება. გუანჯოუში მდებარე დრონების დამამზადებელი ფირმა EHang-ი აცხადებს, რომ კონტროლის სისტემებს ყოველთვის იმ ქვეყანაში ამონტაჟებს, სადაც მისი მომხმარებლები არიან და უკან, ჩინეთში რაიმე სახის მონაცემებს არ აგზავნის. ByteDance-მა იგივე გააკეთა TikTok-თან დაკავშირებით, განათავსა რა ორი უდიდესი ბაზრისთვის − ინდოეთისა და აშშ-ისთვის კონტენტის მიმწოდებელი სერვისები ამავე ქვეყნების იურისდიქციაში. ამგვარადვე იმოქმედებენ სხვა ფირმებიც. 

კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი სხვა ჩინური კომპანიებიც აწყდებიან პრობლემებს. კომპონენტების უცხოეთიდან შემოტანა, განსაკუთრებით ამერიკიდან, სულ უფრო ძნელდება. Huawei ცდილობს მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი ტექნიკის კომპონენტების საკუთარი ვერსიების დამზადებას. მიაღწევს ის ამაში წარმატებას? თუ ასე მოხდება, ეს ამერიკას მოწყვლადობის გრძნობას კიდევ უფრო გაუძლიერებს.

ჰელ ჰოდსონი, აზიის ტექნოლოგიის კორესპონდენტი, The Economist პეკინი