დიდი იდეის დათესვა
1983 წელი მცენარეთა ბიოლოგიისათვის კარგი გამოდგა. მეცნიერებმა აითვისეს ტექნოლოგიები, რომელიც მცენარის გენის იდენტიფიცირებას შეძლებდა. ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წამოიწყო საგრანტო პროგრამა ბოტანიკაში, ამ დარგში ახალი კადრების მოსაზიდად, ხოლო სიმინდის გენეტიკოსმა, ბარბარა მაკ-კლინტოკმა ნობელის პრემია მოიპოვა. მცენარეებს ანაბეჭდი ჰქონდათ! ამას შესანიშნავი აღმოჩენების 30 წელი მოჰყვა.
წარმატებათა წყებამ მცენარეთა ბიოლოგიის დარგში ჩემი კოლეგები (ვოლფგანგ ბუში, ჯოზეფ ეკერი, ჯული ლო, ჯოსეფ ნოელი) და მე შთაგვაგონა. 2016 წელს სალკის ინსტიტუტის მეურვემ, ჰოვარდ ნიუმანმა და სალკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ელიზაბეთ ბლექბერნმა უფრო დიდ პრობლემებთან შეჭიდების გამოწვევა შეგვიქმნეს. ჩვენ საკუთარ თავს ვკითხეთ: შეგვიძლია გამოვიყენოთ ფოტოსინთეზის ცოდნა და ჩვენი, როგორც მცენარეთა ბიოლოგების, კოლექტიური ექსპერტიზა იმისათვის, რათა მცენარეებს ჩვეულებრივზე მეტი ნახშირორჟანგის შენახვა და მისი მიწისქვეშ ჩვეულებრივზე მეტი ხნით გაჩერება შეძლებოდათ?
ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველწლიურად მცენარეები ფოტოსინთეზის მეშვეობით იმაზე მეტ ნახშირორჟანგს იწოვდნენ, ვიდრე ჩვენ გვსურდა ატმოსფეროდან მოგვეცილებინა. ასევე ვიცოდით, რომ ნახშირბადის უმეტეს ნაწილს ისინი ყოველი სავეგეტაციო სეზონის ბოლოს ატმოსფეროში აბრუნებდნენ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დაგროვებული ნახშირბადის დადებითი ბალანსის გაზრდა მხოლოდ სამი თვისების − ფესვის მასის, ფესვის სიღრმისა და ფესვის ნახშირბადის შემადგენლის მარეგულირებელი გენების კონტროლით შეგვეძლო. ამ გზით, ახალ მცენარეებს შეეძლოთ მეტი ნახშირბადის შენახვა სუბერინში, ბუნებრივ პოლიმერში, რომელიც დეკომპოზიციის მიმართ რეზისტენტულია (კორპი სუბერინის ტიპია). ყველაზე გავრცელებულ ექვს კულტურულ მცენარეზე − სიმინდზე, სოიაზე, ბრინჯზე, ხორბალზე, ბამბასა და კანოლაზე კონცენტრაციით შეგვეძლო ნახშირბადის შეწოვის ამოცანა გადაგვეჭრა სურსათის წარმოების პროცესში პრობლემების შეტანის გარეშე, რაც ასე მნიშვნელოვანია მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად. ამავე დროს, შესაძლებელი გახდებოდა ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაც, რადგანაც თანამედროვე ინტენსიური სოფლის მეურნეობის ათწლეულების პრაქტიკამ ნიადაგს ნახშირბადი და სხვა მკვებავი ნივთიერებები გამოაცალა.
სეკვესტრის ძიებაში
ჩვენი ამბიციური მიზანი ამ საშუალებებისთვის ისაა, რომ ეს ყველაფერი გლობალური მასშტაბით ნახშირორჟანგის დონის შემცირებისათვის გამოსაყენებლად ათ წელიწადში იყოს მზად. დროთა განმავლობაში ჩვენ მიერ გამოყვანილი ნახშირბადის სეკვესტრის მცენარეები ხელსაც კი შეუწყობენ ნეტო-ნეგატიური ემისიის მიღწევას.
ადრეული სტადიის საქველმოქმედო დაფინანსებისა და ჩვენი დონორების გარეშე, მხოლოდ იდეის გამოცდის ეტაპზე დავრჩებოდით. ამასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები, მთავრობები და კერძო/სახელმწიფო პარტნიორობის სქემებიც გვჭირდება შესაბამისი სტიმულების შესაქმნელად და გასახორციელებლად ჩვენსავე ინიციატივის მსგავსი წამოწყებების მიღებისა და საყოველთაო გავრცელების ხელშესაწყობად.
მაგალითად, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ფერმერებს საშუალებას მისცემს მოახდინონ მათ მიერ სეკვესტრირებული დამატებითი ნახშირბადის მონეტიზაცია და საპილოტე პროგრამები ნიადაგში ნახშირბადის საბაზისო და შემდგომი შემცველობის გასაზომად და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე მისი ზეგავლენის შესაფასებლად. ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელთა მხარდაჭერა და წვდომა მთელი მსოფლიოს სათესი მასალის მწარმოებელ კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მცირე ფერმერებთან.
გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და პოლიტიკის თანხვედრის მაგალითები ნამდვილად მოგვეპოვება. ჩვენი მცდელობის წარმატებისათვის გვჭირდება ფედერალური ინვესტიციებისა და კერძო და საჯარო სექტორების ისეთი პარტნიორობა, რომელიც საჯარო ჯანდაცვის სისტემის მიერ აივ/შიდსის ეპიდემიის საპასუხო პროგრამების გამარჯვებით დაგვირგვინდა. შიდსი აშშ-ში 1981 წლის ივნისში გახდა ცნობილი, როცა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც აღწერილი იყო მანამდე ჯანმრთელი ხუთი გეი მამაკაცის ორგანიზმში დაფიქსირებული ფილტვების იშვიათი ინფექციის შემთხვევები. იმ წლის ბოლოს დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს მწვავე იმუნოდეფიციტის ასობით შემთხვევა. 1982 წელს დაიწყო აქტივისტთა ჯგუფების მობილიზაცია, ხოლო კონგრესში პირველი მოსმენები ჩატარდა. 1983 წლის მაისში მან მიიღო ახალი საკანონმდებლო აქტები დაავადებათა კონტროლის ცენტრებისათვის დაავადებაზე დასაკვირვებლად 5 მილიონი დოლარისა და გამოსაკვლევად ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებისათვის 10 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. აივ-ის კვლევისა და მკურნალობისთვის გამოყოფილი ფედერალური დაფინანსება 1982 წლის რამდენიმე ასეული ათასი დოლარიდან 2019 წელს 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამჟამად, აივ-ი ამერიკაში ქრონიკულ, მაგრამ კონტროლირებად დაავადებად მიიჩნევა.
მთავარი ფიგურა, რომელმაც აივ/შიდსის პრობლემებისადმი ყურადღების ასეთ ზრდას შუწყო ხელი, ამერიკის მთავარი სანიტარული ექიმი − სი ევერეტ კუპი იყო. მან შექმნა „მთავარი სანიტარული ექიმის ანგარში აივ/შიდსის შესახებ“, რომელიც პირველად 1986 წელს გამოქვეყნდა. 1988 წელს მანვე წამოიწყო ქვეყანაში პირველი კოორდინირებული აივ/შიდსის საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც ყოველი ამერიკული ოჯახისათვის საინფორმაციო ბუკლეტის დაგზავნასაც მოიცავდა. შიდსის შესახებ 1986 წლის ანგარიშში კუპი წერდა: „დაავადებას ჩვენ ვებრძვით და არა ხალხი. ქვეყანა ამ ეპიდემიას ისე უნდა აღუდგეს წინ, როგორც გაერთიანებული საზოგადოება“.
2020 წელს ჩვენ კუპის წიგნიდან შესაბამისი გვერდი უნდა მოვიხმოთ − ჩვენ, და არა ხალხი, ვებრძვით ეკოლოგიურ კატასტროფას. მსოფლიომ ამ გამოწვევას ისე უნდა უპასუხოს, როგორც გაერთიანებულმა საზოგადოებამ. ჩვენ, ყველამ, უნდა დავიკაპიწოთ ხელები.
ჯოენ ჩორი, სალკის ბიოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის მცენარეთა ბიოლოგიის ლაბორატორიის პროფესორი და დირექტორი