საგნების სპლინტერნეტი
წლების განმავლობაში ტექნოლოგიების ექსპერტებს მოუთმენლობით სუნთქვა ეკვროდათ, როცა „საგნების ინტერნეტის“ ეპოქის დადგომას გვპირდებოდნენ. წვრილ მომხმარებლებს უკვე დიდი ხანია ეუბნებიან, რომ ყველგანმყოფი სენსორები და უნივერსალური კავშირის შესაძლებლობა, საგნების ინტერნეტი ჩვეულებრივ საამქროებს ჭკვიან ქარხნებად გარდაქმნიან. მგზავრები ავტონომიური ავტომობილებით უსაფრთხო მოგზაურობით ისიამოვნებენ და ტვირთები შეუფერხებლად გადაკვეთენ საზღვრებს. მომხმარებლები მობილური ხელსაწყოებით ელვისებურად სწრაფი კავშირით ისარგებლებენ, რაც მთლიანი ფილმების მყისიერად ჩამოტვირთვის საშუალებას მისცემს.
ტექნოლოგიების შემქმნელები ასეთ ეიფორიულ ხედვას იმდენად ძლიერად და დიდხანს ახალისებდნენ, რომ ახლა ის ქიმერასავით გამოიყურება. არადა, ეს ქიმერა არაა. საგნების ინტერნეტის მოსვლას ორი ძირითადი ტექნოლოგური ფაქტორი აჩქარებს − ესენი იაფი სენსორებისა და ზესწრაფი ქსელური აღჭურვილობის სწრაფი განვითარებაა. კვლევითი ჯგუფი Gartner-ი ვარაუდობს, რომ სენსორებით აღჭურვილი ხელსაწყოების რიცხვი გლობალურად 2017 წელს დაფიქსირებული 8.4 მილიარდიდან 2020 წელ ს 20.4 მილიარდამდე გაიზრდება.
დიდი ცვლილებების მეორე ხელშემწყობი ფაქტორი 5G ტელეკომ-ქსელური ტექნოლოგიაა, რომელიც 4G მობილურ ქსელებს სჯობს. ამერიკულ ტელეკომ-გიგანტ Verizon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს ვესტენბერგმა თავისი ფირმის სტრუქტურა მთლიანად 5G-ის პოტენციალზე გადააწყო. მისი აზრით, ელვისებური სისწრაფის გარდა, ეს კიდევ ბევრ დამატებით სიკეთეს მოიტანს. მაგალითად, 5G-კავშირზე დაფუძნებული საგნების ინტერნეტის ქსელი მილიონ ხელსაწყოს კვადრატულ კილომეტრში შეჯგუფების საშუალებას მისცემს, რაც მჭიდროდ დასახლებული ქარხნის იატაკს ან გადაჭედილ სპორტულ არენას წააგავს. ეს ბევრად მეტია დაახლოებით 60 000 ხელსაწყოზე, რაც 4G-ტექნოლოგიითა შესაძლებელი.
სამწუხაროდ, გლობალური გავრცელების ერთ დროს ნათელი პერსპექტივა თანდათან „კარგი, ცუდი და ბოროტის“ ისტორიად გადაიქცა. კარგი სიახლე ისაა, რომ რამდენიმე დიდ ბაზარზე 2020 წელს 5G სათანადო მასშტაბით დამკვიდრდება. Verizon-ის მოლოდინით, 2020 წელს მის მიერ ბაზრისთვის მიწოდებული ტელეფონების სამი მეოთხედი 5G-ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული, ხოლო მისი მეტოქე ფირმა AT&T საერთოეროვნული დაფარვის ამოცანის მიღწევას წლის შუაში გეგმავს. ჩინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გიგანტმა, Huawei-იმ 5G-ინსტრუმენტების პაკეტის შექმნას 46 მილიარდი ამერიკული დოლარი დაახარჯა და 2020 წლის ბოლოსთვის ასობით ჩინურ ქალაქში 1.5 მილიონი საბაზისო სადგურის მოწყობას გეგმავს. ბაზრის ფრაგმენტაციამ ევროპა შედარებით უკან დატოვა, მაგრამ ევროკავშირის კომისია 2020 წლის ბოლოსთვის 5G-ტექნოლოგიის მთელი ევროპის მასშტაბით ბაზარზე კომერციულ გაშვებას აქტიურად უწყობს ხელს.
ცუდი ამბავი ისაა, რომ თავდაპირველად ხეირი ამ ყველაფრისგან შთამბეჭდავი არ იქნება. თუ მომხმარებლები ახალთახალი 5G ტელეფონის აპარატების შესაძენად მთელ ავლადიდებას არ დახარჯავენ, ვერც ზესწრაფი „ჩამოტვირთვის“ ხიბლს შეიგრძნობენ. კომპანიების უმრავლესობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი ქარხნული აღჭურვილობის ყველა კომპონენტში სენსორები ჩამონტაჟებული ნამდვილად არ ექნება, თუმცა მწარმოებლები Siemens-ისა და GE-ის დარად ხალისით შეეცდებიან მათთვის „ინდუსტრიული ინტერნეტის“ მიწოდებას. აგრეთვე, არსებობს ცალკეულ დარგებში საგანთა ინტერნეტის გამოყენების შემაფერხებელი ბარიერებიც (მაგალითად, პრივატულობასთან დაკავშირებული საკითხები ჯანდაცვაში), რომელთა დაძლევა პოლიტიკის რეფორმირებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც მომდევნო წლებში სხვადასხვა დაბრკოლებას გადალახავენ, აღნიშნავს კვლევითი ცენტრი McKinsey Global Institute-ის წარმომადგენელი მაიკლ ჩუი, საგანთა ინტერნეტის ტექნოლოგიები 2025 წლისათვის გლობალურად 3.9 ტრილიონიდან 11.1 ტრილიონ დოლარამდე ეკონომიკურ ღირებულებას შექმნიან.
5G-ტექნოლოგიის ბოროტი ასპექტი გეოპოლიტიკას ეხება. ამერიკულ სატელეფონო ქსელებში Huawei-ს დაშვების აკრძალვამ და ამერიკელი მომწოდებლებისგან სასიცოცხლოდ აუცილებელი ინტელექტუალური საკუთრების მისთვის მიწოდების შეჩერებამ ბაზრის ლიდერს მძიმე დარტყმა მიაყენა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ახსენა. Huawei მიუთითებს, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის ბოროტმოქმედების დამადასტურებელი სამხილი არავის არასდროს წარმოუდგენია.
ამერიკა მთელ მსოფლიოში თავის მოკავშირეებს „აიარაღებს“ იმისათვის, რათა ამ უკანასკნელებმა ჩინური ტექნოლოგია უარყონ. ზოგმა, მაგალითად ავსტრალიამ, ეს უკვე გააკეთა. სხვებმა, მაგალითად ბრიტანეთმა, შესაძლოა Huawei თავისი ქსელების პერიფერიულ ნაწილებში „გამოკეტონ“. ქვეყნებში, სადაც Huawei აკრძალულია, ტელეკომის კომპანიები იძულებულნი ხდებიან დაეყრდნონ არაჩინურ, უფრო ძვირ 5G-ტექნოლოგიებს, რომლებსაც ფინეთის Nokia, შვედეთის Ericsson-ი ან სამხრეთ კორეის Samsung-ი აწარმოებენ. დაინახა რა ახალი შესაძლებლობები, Ericsson-ი 2020 წელს ტეხასში ახალი ქარხნის გახსნას გეგმავს 5G-აღჭურვილობის გამოსაშვებად, რომელიც მისაღებია თეთრი სახლისთვის.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ვეებერთელა რეგიონები − რუსეთიდან დაწყებული, მალაიზიით გაგრძელებული და პერუთი დამთავრებული, Huawei-ისთვის ღია იქნება (იხ. რუკა). ამის მიზეზი მხოლოდ ის როდია, რომ ყველა ეს ქვეყანა ჩინეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაშია. ამავე დროს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი აზიური და აფრიკული ქვეყანა მართლაც ჩინეთის გავლენის სფეროშია. Huawei-ის 5G-აღჭურვილობა უფრო დაწინაურებულიცაა − ჩინურ ფირმებზე 5G-სთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პატენტების გლობალური გამოყენების მესამედზე მეტი, მხოლოდ Huawei-ზე კი მსოფლიო ჯამური მაჩვენებლის 15% მოდის. ამასთანავე, Huawei-ის აპარატები კონკურენტების აპარატებზე იაფია.
ამ ყველაფრის შედეგი საგნების ინტერნეტის ბიფურკაცია იქნება. მსოფლიო გაიყოფა ქვეყნებად, რომლებიც მზად არიან ჩინური ტელეკომების მისაღებად და ქვეყნებად, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამერიკის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას იზიარებენ. 5G-ის ოცნების ნაწილი ქსელური კავშირის უნიფიცირებულ გლობალურ სტანდარტსაც შეიცავდა. მას შემდეგ, რაც ეს მიუღწეველი გახდა, შედეგად მიღებული გაყოფა დიდ თავისტკივილს მოიტანს. მულტინაციონალური ფირმები, რომლებსაც ოპერაციები შენჯენშიც აქვთ და სილიკონის ველზეც, ორივეგან საგნების ინტერნეტის ერთი სისტემის გამოყენებას ვერ შეძლებენ. საგნების ინტერნეტის ხელსაწყოების დამამზადებელი გლობალური ფირმები, რომლებიც შეუფერხებელ 5G-ის, მაგალითად, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის აპლიკაციებს ეყრდნობიან, შეიძლება წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ ბაზრებს შორის ინტეროპერაბელურობის თვალსაზრისით.
ლოგისტიკისა და ამანათების დაგზავნის მომსახურების გიგანტ Deutche Post DHL-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფრანკ აპელი გვაფრთხილებს, რომ თუ სხვადასხვა ქსელი ინფორმაციის თავისუფლად გაცვლას ვერ შეძლებს, მაშინ „ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დოკუმენტების ხელით შევსებას, ბეჭდვასა და მათ სისტემაში შეტანას... არ ვიცი, როგორ მოვახერხებთ ამას“. ბატონი ვესტბერგი Verizon-იდან ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, 5G რეგრესი გახდება 1G-ისა და 2G-ისკენ, რადგანაც ეს ტექნოლოგიები იყენებდნენ სტანდარტს, რომლებიც უწყვეტ მყისიერ გლობალურ კავშირს ვერ უზრუნველყოფდნენ. Huawei-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვინსენტ პენგი გვაფრთხილებს, რომ ამის შედეგად შესაძლოა კატასტროფული „ციფრული ბერლინის კედელი“ აღიმართოს. თუ 5G საკითხთან დაკავშირებით ჩინეთსა და ამერიკას შორის პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგა, 2020 წელი ისტორიაში „საგნების სპლინტერნეტის“ (ასე ვთქვათ, „საგნების გამხლეჩი“) სახელით შევა.
ვიჯაი ვაითისვარანი, შეერთებული შტატების ბიზნესრედაქტორი, The Economist ნიუ იორკი