პაპის ანტი-დავოსი
იტალიის ნაყოფიერი მიწებით ცნობილs უმბრის რეგიონში შუა საუკუნეებში დაარსებული ქალაქი ასიზი ვენახებსა და ზეთისხილის კორომებს ზემოდან გადაჰყურებს. ამ ქალაქის მაღაზიებში ყველაზე დახვეწილი ადგილობრივი ღვინო, ზეთი და ტრიუფელები იყიდება. ხანდახან რთული წარმოსადგენია, რომ იტალიის მფარველმა წმინდანმა ფრანცისკე ასიზელმა, რომელიც ბაზილიკაშია დაკრძალული, პილიგრიმთა წმინდა ორდენი სწორედ აქ დააარსა. ეს ქალაქი თავაზიანი სიუხვის და არა სიღარიბის ასოციაციას აღძრავს.
2020 წლის მარტში სწორედ აქ პაპი ფრანცისკე სტუდენტთა, სწავლულთა და სოციალური საკითხებით დაინტერესებულ მეწარმეთა შეკრებას უმასპინძლებს. აქ ისინი შეიმუშავებენ სწორედ იმას, რაც ასიზელის წმინდა ორდენის მუქი ჯვალოთი შემოსილი ბერების იმედით, ახალი ტიპის ეკონომიკის „მაგნა კარტა“ გახდება, რომლითაც აღდგება მცირე ზომის საბაზრო ეკონომიკა და ასიზის სოციალური ჰარმონია. „ფრანჩესკოს ეკონომიკა“ სახელს ბუნების მოყვარული წმინდანის პატივსაცემად მიიღებს.
წამოწყების ღია მიზანია ცხოვრების უფრო მდგრადი გზის გამონახვა, რომელიც ღარიბებს შეუმსუბუქებს ტვირთს „ცირკულარული ეკონომიკის“ განვითარების გზით, რომელშიც ყველა სარგებელს ნახულობს, ბუნების ჩათვლით. წამოწყების ქვეტექსტია თავისუფალი საბაზრო კაპიტალისტური სისტემის ალტერნატივების კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მოდელმა კაცობრიობის უმეტეს ნაწილს სიღარიბე დააძლევინა. როგორც პაპის ერთგვარი „ანტი-დავოსური“ პოზიცია, ეს ინიციატივა ცდაა, შეივსოს პაპის მიერ 2015 წელს გამოცემული კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილი ენციკლიკა Laudato Si. ამან პონტიფიკს გარემოსდამცველთა მძლავრი მხარდაჭერა მოუპოვა. ეკონომისტებისგან მსგავს რამეს არ უნდა ველოდოთ.
პაპ ფრანცისკეს სრული უფლება აქვს თავისუფლად ილაპარაკოს ბიზნესის შესახებ. ღმერთი და მამონა უკვე დიდი ხანია თანაარსებობენ. უმბრიაში ბერებმა წვრილმანების პირველი მაღაზიები შექმნეს, ნება დართეს საბანკო სესხებზე სარგებლის გადახდისა და წაახალისეს აყვავებული საბაზრო ეკონომიკა, რომელთა ამაყი ბენეფიციარი ასიზიცაა. დღეს ზოგი ბერი აცხადებს, რომ მხარს უჭერენ კონკურენციაზე დაფუძნებულ კაპიტალიზმს, თუკი ის სამართლიანია. მაგრამ, სირთულე სწორედ აქაა. მათი ხედვით, კაპიტალიზმის ანგლო-საქსონური ვერსია „ნარცისისტული“ გახდა.
სირთულეა იმგვარი ალტერნატივის მოძებნა, რომელიც ბრძანებისა და კონტროლის სისტემად არ გადაიქცევა. ერთ-ერთი იტალიური უნივერსიტეტის დეკანი ფრანცისკანული ეკონომიკისათვის „რადიკალური სიმარტივის“ იდეას მოიხმობს. ვატიკანთან დაახლოებული ბიზნესმენი „მადლიანი ზრდის“ კონცეფციას იცავს. მიუხედავად ამისა, იტალიური ბიზნესსკოლების სტუდენტები, რომლებიც პაპის მიერ მოწვეულ ყრილობაზე დასწრებას იმედოვნებენ, აღიარებენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს ეს იდეები.
თავად პაპი საკმაოდ მერყევია, როცა საქმე პრობლემების კონკრეტული გადაწყვეტის შემოთავაზებას ეხება. ის აცხადებდა, რომ ბიზნესი „კეთილშობილი საქმიანობაა“ და ბოლო დროს ნახშირბადის ემისიის შეფასებას, როგორც კლიმატის ცვლილებასთან საბაზრო მექანიზმებით ბრძოლის საშუალებას, დაუჭირა მხარი. ამავდროულად, ის თავისუფალ ბაზრებს ტირანიას უთანაბრებს და მხედველობიდან რჩება ის გარემოება, რომ დღევანდელობის მრავალი პრობლემა, მეტადრე ისეთ ქვეყნებში, როგორიც იტალიაა, სწორედ ბაზრების არასაკმარისი თავისუფლებითაა გამოწვეული.
მისი პოზიცია ბევრად მყარია ეთიკის საკითხებში. მისი პოზიცია ბევრად თანმიმდევრული იქნებოდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კათედრის გამოყენებისას, თუ ბიზნესს დასაქმებულების, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და გარემოს მიმართ მორალურად უფრო მტკიცე დამოკიდებულებისაკენ მოუწოდებდა. თუ იგი საბოლოოდ ბიზნესის ეთიკის შესახებ ისეთსავე გააზრებულ და ემოციურ ენციკლიკას დაწერს, როგორც კლიმატის ცვლილების შესახებ, ასეთი შეგონება ბევრად მეტ ყურადღებას მიიპყრობს, ვიდრე სანახევროდ მომზადებული პოლიტიკური ღონისძიებების დოკუმენტები, რომლებსაც ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ეკონომისტი უმალ სანაგვე ყუთში გადაუძახებს.
ჰენრი ტრიქსი, შუმპეტერის მესვეტე, The Economist ასიზი