წინ კარგი კრიზისია?
იმ მრავალ მოულოდნელობას შორის, რომელსაც ინდოეთში პირველად ჩამსვლელი აწყდება, ერთ-ერთი, ამ ქვეყნის ბიზნესმენთა ოპტიმისტური პოზიციაა მოსალოდნელ კრიზისთან დაკავშირებით. ეს ბევრს მეტყველებს არსებულ გარემოზე, სადაც ნოსტალგიური აღტაცებით იხსენებენ 1991 წელს, როცა სოციალიზმთან ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ეკონომიკის კოლაფსით დამთავრდა, რასაც, თავის მხრივ შემდგომი ათწლეულების ზრდით დაგვირგვინებული პოლიტიკის შეტრიალების მტკივნეული პროცესი მოჰყვა. 1991 წლის წინანდელი „ლიცენზიების ინდოეთის“ მცოცავმა დაბრუნებამ, ამ ჯერზე უთვალავი მოთხოვნილი ნებართვით, ტარიფებით, გადასახადებით, სუბსიდიებით, შეზღუდვებითა და მთავრობის პირდაპირი მაქინაციებით, ინდოეთი კიდევ ერთხელ დააყენა უფსკრულის პირას. პირველად მოგება და ინვესტიციები შემცირდა. უფრო ახლო წარსულში იგივე დაემართა მოხმარებასაც. გაყიდვები მცირდება მთელი რიგი საქონლისათვის, მათ შორის სკუტერების, ბისკვიტების, საცვლებისა და იაფი აუცილებელი მედიკამენტებისთვისაც კი. ეს უკანასკნელი უპრეცედენტო მოვლენაა, − აცხადებენ წამლების მწარმოებლები.
პანიკით ატანილმა მთავრობამ ამ ვითარებას ეკონომიკის მთელი სპექტრისათვის კონტრკრიზისული ღონისძიებების ფართო სპექტრით უპასუხა. შემცირებული საგადასახადო შემოსავლებიდან მიღებული მწირი რესურსებიც კი იმ კომპანიებისკენ გადაისროლეს, რომლებიც თავიანთ შესაძლო დაცემას უდიდესი სისტემური ზიანის წინაპირობად სახავენ. ეს უპირველესად, ბანკებია, რომლებსაც კაპიტალის შევსებით ეხმარებიან და ავტომწარმოებლები, რომლებსაც მთავრობა დაჩქარებული სახელმწიფო შესყიდვებით ასაზრდოებს. სოციალისტური ინსტრუმენტების ნაკრებიდან სხვა ინსტრუმენტებსაც იყენებენ. ასე მაგალითად, შემოთავაზებულია სანიტარულ ხელსახოცებზე, დეზინფექტანტებსა და ანტიბიოტიკებზე ფასების კონტროლის შემოღება ღარიბთათვის წვდომის უზრუნველსაყოფად. დაბოლოს, და მძიმე წნეხში მოქცეული ბიზნესისათვის ერთგვარად შოკისმომგვრელია ისიც, რომ მთავრობა კაპიტალიზმის მომხრედაც გამოდის და ამცირებს ქვეყანაში არსებულ სულისშემხუთავად მაღალ, კონკურენციის შემზღუდავ კორპორაციულ გადასახადის განაკვეთს.
მაგრამ ამ მცდელობებიდან, სავარაუდოდ, ვერცერთი გამოაცოცხლებს ინდოეთის ბიზნესგარემოს და ენერგიით აანთებს სამეწარმეო ინსტინქტს, ვინაიდან ისინი არ არიან მიმართული დაცემის გამომწვევი მიზეზების სამკურნალოდ. ეს კი, რაზეც ბიზნესწრეების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ჩურჩულებენ (ამაზე მეტისმეტად ხმამაღლა ლაპარაკი მთავრობის მიერ ისჯება), სტრუქტურული და არა ციკლური პრობლემაა. ინდური ეკონომიკა სულ უფრო მეტად ჩაიძირა სტატიკურ ჭაობში. ისეთი ღონისძიებები, როგორიც მაგალითად ფასების კონტროლია, საქონელთან წვდომის უზრუნველყოფის ნაცვლად, მხოლოდ შეზღუდავენ მათ ხელმისაწვდომობასა და ხარისხს, ან სულაც, ორივეს. ფავორიტი დარგებისთვის თანხების „მიგდება“ ახალისებს არაეფექტიან წარმოებას და დამანგრეველ ლობისტურ საქმიანობას. თვით გადასახადის შეკვეცაც არ არის ის, რაც უნდა იყოს, რადგანაც გადასახადები, მასზე ფასნამატებისა და ბრუნვაზე მოსაკრებლის ფორმით, კვლავაც ძალაში დარჩება.
თუმცა კოლაფსი ინდოეთის ეკონომიკის ფორმალურ ნაწილს სიხარულს ნამდვილად არ მოუტანს, ის მაინც ქმნის საყოველთაო ოპტიმიზმის შეგრძნებას სამი ურთიერთდაუკავშირებელი მიზეზით. ორი მათგანი გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს უკავშირდება, რომლებიც ინდოეთისთვის სასარგებლოდ ვითარდება, თუკი სახელმწიფო ეკონომიკას გზიდან ჩამოეცლება. ქვეყნის ყველაზე დამამძიმებელი იმპორტის, ენერგიის ფასები სტაბილურია ან მცირდება (დროებითი უცაბედი ნახტომების მიუხედავად), მაშინ, როცა მზის პანელებსა და ქარის ტურბინებზე მუდმივად კლებადი ფასები ალტერნატიული ენერგიის წყაროებს უფრო ქმედითად და არა მხოლოდ „მწვანე“ ოცნებად აქცევენ. ამავე დროს, ამერიკის კინკლაობამ ჩინეთთან მრავალ გლობალურ ბიზნესს უზარმაზარი მიწოდების ჯაჭვებისათვის ახალი ბაზის ძიებისკენ უბიძგა. საქმიანობის გადასატანად იდეალური ადგილი შედარებით მაღალანაზღაურებადი სამრეწველო სამუშაო ადგილების მაძიებელი უიმედოდ ღარიბი ფერმერებით გადავსებული ქვეყანაა, რომელსაც უხვად ჰყავს ნაწილობრივ დასაქმებული ინჟინრები და დიდი პოტენციალის შიდა ბაზარიც აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ინდოეთია. დღევანდლამდე ამ ხელსაყრელი საგარეო ფაქტორებით უფრო მცირე ზომის ქვეყნები − ბანგლადეში, ტაილანდი და ვიეტნამი სარგებლობდნენ. ინდოეთის მიერ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა სხვებს ნამდვილად არ დაუკარგავთ.
მესამე მიზეზი ინდურ პოლიტიკას უკავშირდება. ბევრს სჯერა, რომ მხოლოდ მძლავრ „შენჯღრევას“, მაგალითად, ეკონომიკურ კრიზისს შეუძლია აიძულოს ინდოეთის მყვირალა დემოკრატია, მისი ბიუროკრატია და დაცული დარგები, დათანხმდეს რეფორმების გატარებას. ინდოეთის სახალხო პარტიამ მაისში წამლეკავი გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციას საკუთარი ეკონომიკური იდეები არც კი აქვს, თვინიერ სოციალიზმის კიდევ ერთი ნირწამხდარი ვერსიისა.
არავითარი ტალანტის ნაკლებობა
უდიდესი დაბრკოლება ისაა, რომ ინდოეთის სახალხო პარტიაში არავინ ჩანს ქვეყნის შებოჭილი ბაზრების გამხსნელი ან თუნდაც იმის დამნახავი, თუ რისი გაკეთებაა საჭირო. ამავე დროს, არც ზემოთ აქვთ რაიმე ილუზია იმის შესახებ, რომ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად საჭირო საგადასახადო შემოსავლების მისაღებად, აყვავებული ბიზნესია საჭირო. რეფორმისთვის საჭირო ინტელექტუალური კაპიტალი, სწორედ რომ უხვად მოიძევება, თუკი მთავრობას მისი გამოყენების სურვილი გამსჭვალავს. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა ასეთი იღბლიანი და განებივრებული ბიზნესტალანტის ამგვარი სიუხვით − ინდოელ სწავლულთა გლობალური ლაშქრით დაწყებული, კორპორაციული ელიტითა და მუმბაის ძველ ბიზნესცენტრში მომუშავე გარემოვაჭრეებით დამთავრებული, ვინც ლუკმაპურს „ჰაერის გაყიდვით“ შოულობს. მოკლედ, ინდური ბიზნესისათვის მომავალი წელი შესაძლოა საშინელი, მაგრამ ოპტიმიზმით სავსე გამოდგეს.
ტომ ისტონი, Mumbai-ს ბიუროს მეთაური The Economist მუმბაი