ჩინეთი ქულებს არიგებს
იმ ხალხის უმეტესობა, ვინც გაცხარებით საუბრობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის სოციალური კრედიტის სისტემის შესახებ, ვერ აცნობიერებს იმას, რომ ეს საუბარი მეტწილად უაღრესად მოსაწყენია. რამდენიმე ენთუზიასტი ადგილობრივი მთავრობის მიერ მართული საპილოტო პროგრამები ზრდასრულ მოქალაქეთა „ნდობას“ ისახურებს. ჯინიანში ძაღლების პატრონები რამდენიმე ქულას კარგავენ, თუ საჯარო სივრცეში თავიანთი ცხოველების დაბმა დაავიწყდებათ. სუჩუანის მოქალაქეები კი ძვლის ტვინის დონორობით ქულებს მოიპოვებენ. კარგი მოქცევისთვის ჯილდოდ განკუთვნილია ბადმინტონის ადგილობრივ მოედნებთან უფასო წვდომა და ტურისტულ ობიექტებზე ფასდაკლება. ეს სქემები პრაქტიკული მანიფესტაციაა პატიოსნებისკენ საერთოეროვნული სწრაფვისა, რაც 2020 წელს მეინსტრიმი უნდა გახდეს. ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ადმინისტრაცია კარგად ხედავს დროს, როცა „არასაიმედონი ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ“. რეპრესიული მთავრობის ხელში ამ პრაქტიკის ანტიუტოპიური შედეგების წარმოდგენაც კი შეგვძრავს. სხვა ამგვარი ინიციატივის ფარგლებში, 13 მილიონი ადამიანი ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს და ზოგ მათგანს თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა და შვილების კერძო სკოლებში მიბარება აუკრძალეს.
ამავე დროს, ყველაზე დიდ დანაკარგებს 2020 წლის დამდეგიდან კომპანიები იწვნევენ. სკეპტიკოსები მართლები არიან, როცა მიუთითებენ, რომ ოფიციალური ორგანოების მიერ მათი შეფასების ვეებერთელა სამუშაოს დასრულებას წლები დასჭირდება. მიუხედავად ამისა, ყველა უცხოურ თუ ადგილობრივ ფირმას უკვე აქვს უნიკალური სოციალური კრედიტის კოდი. მულტინაციონალურ კომპანიებს დაახლოებით 300 კრიტერიუმით აფასებენ (მათი უმეტესობა არსებულ კანონმდებლობას ეფუძნება). ამჟამად მიმდინარეობს ერთიანი მონაცემთა ბაზის ტესტირება, რომელშიც თავს იყრის ფირმების მიერ სამთავრობო სტრუქტურებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ რეიტინგებად გარდაიქმნება. შანხაიში მდებარე ევროკავშირის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ ეს სისტემა „საფუძვლიანად შექმნის ჩინეთში ბიზნესის კეთების პრაქტიკას“.
მულტინაციონალური კომპანიების უმეტესობა და მრავალი ადგილობრივი კერძო კომპანია ამჯობინებს ჩინეთის კომუნისტური პარტია შორს იყოს მათი საქმეებისგან. სოციალური კრედიტის სისტემა ფირმებს პარტიის აპარატთან განსხვავებულ ურთიერთობაში შესვლას აიძულებს. მაღალი ქულები ფირმებს დაფინანსების სწრაფად მიღებისა და საბაჟო სერტიფიკატების დროულად მოპოვების საშუალებას მისცემს. დაბალი ქულების მიმღებ ფირმებს მეტი აუდიტორული შემოწმება ელით. მართალია შესამოწმებელ მონაცემთა მეტი წილი სახელმწიფოსთან ურთიერთობის ისეთ ბანალურ სფეროს ეკუთვნის, როგორიცაა გადასახადები და პროდუქტის ხარისხი, თუმცა აქვეა უფრო სენსიტიური ინფორმაციაც, მაგალითად, პერსონალის ყოფაქცევის ამსახველი მასალები.
კომპანიის შეფასება მის მმართველთა პირად შეფასებაზეც იქონიებს ზეგავლენას. თუ ფირმა „შავ სიაში“ მოხვდება, დარტყმას მისი ბოსებიც მიიღებენ. ამ ორი სისტემის გადახლართვა იმას გამოწვევს, რომ სამუშაოს მაძიებლები დაბალრეიტინგიან კომპანიებს თავს აარიდებენ. ფირმებმა მომწოდებელთა და პარტნიორთა მონიტორინგიც უნდა აწარმოონ, ვინაიდან ამ უკანასკნელთა შეფასება თავად ფირმებზეც ახდენს ზეგავლენას. ამ ორმხრივი კონტროლის მიზანია შეიქმნას თვითრეგულირებადი ბაზარი, სადაც ძლიერია „ურჩ“ ტოლ-სწორთა გარიყვის სტიმულები.
ამ ვითარებით შესაძლოა მულტინაციონალურმა კომპანიებმა იხეირონ კიდეც − მათი უმეტესობა ისედაც უაღრესად მორჩილია, რის გამოც, რეიტინგებით შესაძლოა ადგილობრივ კომპანიებზე უპირატესობაც კი მოიპოვონ. ქულები შესაძლოა პარტნიორთა გადამოწმების კარგი საშუალებაც გამოდგეს. გარდა ამისა, ჩინეთს სოციალური კრედიტის სისტემის გარეშეც შეუძლია მათთვის ცხოვრების გართულება.
მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერში საცდურიც აშკარად ჩანს. ჩახლართული კანონმდებლობა სჯის ბიზნესებს „რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ ინტერესებს“ ან ჩინელი მომხმარებლების ,,ლეგიტიმურ უფლებებს ზღუდავენ.“ ამ უკანასკნელმა წესმა 2019 წლის ივნისში FedEx-ი ხაფანგში მოიმწყვდია, რაც ამერიკის მთავრობისათვის ჩინეთის წამყვანი ფირმის, Huawei-იsს საქმიანობის აკრძალვის გამო მიყენებულ საპირისპირო დარტყმად იქნა აღქმული. 2018 წელს ავიაციის რეგულატორმა გააფრთხილა ავიახაზები, რომ თუ ამ უკანასკნელთა ვებსაიტებზე ტაივანი ჩინეთის პროვინციად არ იქნებოდა მოხსენიებული, მათი ეს დარღვევა სოციალური კრედიტის ჩანაწერებში იქნებოდა შეტანილი. 2020 წელს დაანგარიშება იწყება.
სტეფანი სტადერი, ჩინეთის ბიზნესკორესპონდენტი, The Economist შანხაი