წინ ტექ-მიწისძვრაა
ტექნოლოგიური ბიზნესების მიმომხილველები რაღაცით სან-ფრანცისკოს მცხოვრებლებს გვანან. მათ იციან, რომ დიდი მიწისძვრა კარგა ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ზუსტად არც ის უწყიან, როდის მოხდება ყოველივე. ტექ-ბიზნესისთვის არასახარბიელო რყევები უკვე ხშირია ამერიკაში. ყველანაირი ჯურის პოლიტიკოსები უკვე ყოველკვირეულად გამოდიან ტექნოლოგიური ფირმების კრიტიკით. როგორც იუწყებიან, კოლუმბიის ოლქში, დედაქალაქ ვაშინგტონში, ანტიმონოპოლიურმა ზედამხედველებმა იუსტიციის დეპარტამენტსა და ვაჭრობის ფედერალურ კომისიაში უკვე დაიწყეს გამოძიებები Facebook-ისა და Google-ის წინააღმდეგ. მრავალი შტატის გენერალური პროკურორი საკუთარ გამოძიებას აწარმოებს. უკანასკნელი გამოკითხვებით, ამერიკელთა ორი მესამედი ბოლოდროინდელი მერჯერების გაუქმების გზით კონკურენციის წასახალისებლად დიდი ტექნოლოგიური ფირმების დაყოფის მომხრეა.
ნამდვილად შეირყევა კი 2020 წელს სილიკონის ველი? საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, სეისმური ძვრები გარდაუვალი არაა. საარჩევნო წელს ძალიან ცოტა რამ თუ მოხდება, ხოლო ანტიტრასტული გამოძიება იმდენად ხანგრძლივი პროცესია, რომ ბრალდებების წარდგენას, სულ მცირე, 18 თვე დასჭირდება.
ამასობაში, მზერას ორი ადგილი მიიპყრობს. ერთი მათგანი ბრიუსელია. ევროკომისიის კონკურენციის სამსახურის მეთაური მარგარეტე ვესტაგერი, რომელიც სათავეში უდგას მსოფლიოს ჯვაროსნულ ლაშქრობას ტექ-გიგანტების წინააღმდეგ, დაკავებული იქნება დიდი ტექ-ფირმების საწინააღმდეგო ანტისატრასტო და გადასახადებისგან თავის არიდების ქეისების დამუშავებით. სექტემბერში ის თანამდებობაზე მეორე ვადით დანიშნეს და ციფრული სფეროს ზედამხედველობის ფართო უფლებამოსილებითაც აღჭურვეს. ის უზრუნველყოფს, რომ კომისია ტექ-ფირმების, მათ შორის Amazon-ისა და Google-ის შემოწმებას კვლავაც ენერგიულად გააგრძელებს. 2020 წელს მრავალმილიარდიან სასამართლო გარიგებებს უნდა ველოდოთ.
მეორე მნიშვნელოვანი ადგილი კალიფორნიაა. მართალია, ოქროს შტატი სილიკონის ველის დაბადების ადგილია, მაგრამ შტატი ამ უკანასკნელს განსაკუთრებულად აღარ ეპყრობა. სანამ ფედერალური მთავრობა თვლემდა, კალიფორნია ტექ-ფირმების მოსათოკად ენერგიულ ზომებს მიმართავდა.
კალიფორნიამ პრივატულობის კანონი მიიღო, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონი იმ მომხმარებელთა მეტ დაცულობას უზრუნველყოფს, რომელთა პირად მონაცემებსაც ტექ-ფირმები აგროვებენ. ამასობაში, ვაშინგტონში პრივატულობის საერთოეროვნული კანონპროექტი ჯერაც განხილვის ეტაპზეა და მას საბოლოოდ, 2021 წელს მიიღებენ. ეს სულ უფრო მეტ შტატს მისცემს სტიმულს საკუთარი პრივატულობის კანონმდებლობის განსახილველად და მისაღებად. კალიფორნია 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება ლიდერი ტექნოლოგიების რეგულირების პოლიტიკის სხვა ასპექტებში, ქსელით ნეიტრალურობით დაწყებული, გადასახადებით გაგრძელებული და გაზიარების ეკონომიკის დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრით დასრულებული.
ვაშინგტონში 2020 წელს ტექ-ფირმებს მოვლენებით ღარიბი წელი ელით, თუმცა მათ სულაც არ მართებთ თავი ზედმეტად კომფორტულად იგრძნონ. ტექნოლოგიური ინდუსტრია ქვიშაზე, და არა კლდეზე დგას.
ალექსანდრა სუიჩ ბასი, უფროსი კორესპონდენტი, პოლიტიკა, ტექნოლოგია და საზოგადოება, The Economist დალასი