სანავთობო ცვლილება?
ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდესი დაზვერილი მარაგების სამყოფელია. მის მიწისქვეშა სიმდიდრეს მასშტაბით მიწის ზემოთ ნიკოლას მადუროს მმართველობისას „დაგროვილი“ სიღატაკე თუ შეედრება. მისი ეკონომიკური მომავლისთვის გადამწყვეტია ის, თუ როდის ან საერთოდ აღდგება თუ არა მისი სანავთობო ინდუსტრია. ვენესუელას სანავთობო სექტორის დაცემა მადუროს ხელისუფლებაში მოსვლამდე მრავალი წლით ადრე დაიწყო. მისმა წინამორბედმა, უგო ჩავესმა სახელმწიფო სანავთობო კომპანია Petróleos de Venezuela (PDVSA)-ს პროფესიონალი მენეჯერები მოხსნა, უცხოელების სანავთობო პროექტები დაიქვემდებარა, შეკვეცა PDVSA-ს ინვესტიციები და მოგება სოციალურ პროგრამებში მიმართა. ინდუსტრიის დაცემა აჩქარდა ბატონი მადუროს მმართველობისას, რომელმაც PDVSA-ს ხელმძღვანელად დარგში მუშაობის სრულიად გამოუცდელი გენერალი დანიშნა. 2018 წელს წარმოება 28%-ით შემცირდა.
ვითარება 2019 წლის იანვრიდან, აშშ-ის მიერ ახალი სანქციების გამოცხადების შემდეგ გაუარესდა. ვენესუელა თავის ნავთობს ამერიკაში ვეღარ ყიდის. თავის მხრივ, ამერიკულ კომპანიებსაც ეკრძალებათ PDVSA-სთვის ეგრეთ წოდებული „გამზავებლების“ მიყიდვა, რომლის შერევა უაღრესად „მძიმე“ ნავთობთან, სრულიად აუცილებელია ამ უკანასკნელის ბაზარზე გასატანად. გარკვეული დახმარება ვენესუელას რუსულმა ენერგოგიგანტმა, Rosneft-მა აღმოუჩინა, მიაწოდა სასიცოცხლოდ აუცილებელი „გამზავებლები“ და ვენესუელას ნავთობი საზღვარგარეთაც გაიტანა. მიუხედავად ამისა, აგვისტოში ექსპორტმა დღეში 808 000 ბარელი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელს 40%-ით ჩამორჩება, − იუწყება ენერგეტიკული მონაცემების ანალიტიკური ფრიმა Kpler-ი.
რამდენად სწრაფად გაუმჯობესდებოდა ვითარება პოლიტიკური გარღვევის გზით ამერიკის სანქციების გაუქმების შემთხვევაში? გამომუშავება ნაწილობრივ საკმაოდ სწრაფად მოიმატებდა. ეს მოპარული და დაზიანებული აღჭურვილობის გამოცვლის გზით გახდებოდა შესაძლებელი, − გვიამბობს მონაცემთა და კვლევითი ფირმა Rystad Energy-ის თანამშრომელი პაოლა როდრიგეს-მასიუ. Rystad-ის შეფასებით, ვენესუელას შედარებით სწრაფად შეუძლია დღეში საშუალოდ 500 000 ბარელის წარმოების უზრუნველყოფა. ამის მეტი გამოშვების მაჩვენებლების დაფიქსირება ბევრად რთულია.
უმთავრესი დეფიციტი, უპირველესად, კადრებია. PDSVA-ს გათავისუფლებულმა ხელმძღვანელებმა სხვაგან დასაქმება მოახერხეს და თავიანთ გამოცდილებას კოლუმბიელ და კანადელ ნავთობმომპოვებლებს ახმარენ. კაპიტალი, თანაც დიდძალი, ვენესუელას მარაგების ათვისებასაც სჭირდება. შედარებით ძველი საბადოების წარმადობა იკლებს, ნავთობშემცველი ფენები ცუდი მართვით დაზიანდა, ხოლო ორინოკოს აუზში ახალი საბურღი დაზგები, ნავთობსადენები და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. ფრანსისკო მონალდი რაისის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ დღიური წარმოების 3 მილიონ ბარელამდე გაზრდა, სავარაუდოდ ათ წელზე მეტსა და 120 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. რადგან თავად ვენესუელას ასეთი თანხები არ აქვს, ისინი უცხოელმა ინვესტორებმა უნდა დააბანდონ. თავის მხრივ, მათი მოზიდვა ვენესუელას ნახშირწყალბადის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირებას მოითხოვს, რაც უცხოელ ინვესტორებს სანავთობო პროექტებში უპირატესი წილის მოპოვების საშუალებას მისცემს.
ასეც რომ მოხდეს, ცხადი სულაც არაა, რომ ინვესტორები ვენესუელას მიმზიდველად ჩათვლიან. ამერიკული მდიდარი ფიქლის ნავთობის საბადოების ექსპლუატაციამ კომპანიები ბევრად სელექტიური გახადა საინვესტიციო პროექტების შერჩევის თვალსაზრისით. უზარალო წარმოების მისაღწევად საჭირო ფასი ვენესუელურ პროექტებში ამერიკული პროექტების შესაბამის ფასზე 40%-ით, ხოლო მეზობელ გაიანაზე 60%-ით მაღალია, − იუწყება Rystad-ი. ვენესუელაში მოპოვებული ნავთობის ბარელზე ნახშირორჟანგის ემისია გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ, ხოლო საუდის არაბეთის მაჩვენებელზე ექვსჯერ მაღალია. 2020 წელს და შემდგომ უკვე გაჭიანურებულ ეკონომიკურ სირთულეებს შეჩვეულ ვენესუელელებს მშველელად ნავთობის მოვლინების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
ჩარლოტ ჰოვარდი, ენერგიისა და საბირჟო საქონლის რედაქტორი, The Economist ნიუ იორკი