ელექტრობასავით სწრაფი
ელექტრიფიკაცია საავტომობილო ინდუსტრიის მუდმივი ყურადღების საგანია. ბაზრის ერთ დროს მაღალფასიან სეგმენტში, რომელიც გარკვეულ პერიოდში Tesla-ს ჰქონდა დაბევებული, უკვე ხელმისაწვდომია ისეთი მარკები, როგორებიცაა Audi, Jaguar, Mercedes და Porsche. უფრო იაფის მაძიებელ მძღოლებსაც გაუფართოვდათ არჩევანი. Volkswagen-ი ელექტრიფიკაციის ამბიციურ გეგმებს ამუშავებს და 2019 წელს ბაზარზე ID.3 ჰეჩბეკი გამოუშვა. ეს პირველია იმ ავტომობილების წყებაში, რომელიც საბოლოოდ მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდება. 2020 წელს ელექტრომობილები, რომლებიც ბევრად „დაბალი სიმჭიდროვის“ ბაზარს ემსახურებიან, ასევე გამოვა ბაზარზე. ეს გამორჩეულად ძვირი ჰიპერკარებია, რომლებსაც ბატარეები გასაოცარ სისწრაფეს სძენენ.
ისეთი მწარმოებლები, როგორებიც Ferrari (ამ კომპანიის თავმჯდომარე The Economist-ის მშობელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია) და McLaren-ია, ზემძლავრი ჰიბრიდების გამოშვებას შეუდგნენ, რომლებშიც შიგაწვის ძრავა ბატარეებთან არის შეთანწყობილი არა „მწვანე“ მიზნებით, არამედ იმიტომ, რომ ეს მხოლოდ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის სიჩქარეზე ბევრად მეტი სიჩქარის მიღების საშუალებას იძლევა. 2020 წელს გასაყიდად გამოსატანი მოდელი SF90 Stradale Ferrari-ს უმძლავრესი საგზაო ავტომობილი იქნება 210 მილზე (340 კმ/სთ) მეტი სიჩქარით. მისი სავარაუდო ფასი 500 000 დოლარია, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება სუპერკარად, რომელთა ფასები მილიონებიდან იწყება. ბაზარზე ახლახან დამკვიდრებული ზოგი ფირმა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ბატარეებით მართულ ავტომობილებში ჰიპერმდიდარი მომხმარებელი მეტსაც გადაიხდის.
ამას უცნაურად ჰგავს ყველაზე გამორჩეული ახალი ფირმების მიდგომებიც. ყოველი მათგანი წარსულში ცნობად სახელებს იყენებს. ფირმა Hispano Suiza-მ ლიმუზინების წარმოება ჯერ კიდევ 1940-იან წლებში მეტოქე Rolls-Royce-ს დაუთმო, მაგრამ მისი მფრინავი გედის ემბლემა მანქანების კაპოტზე მოდაში ისევ დაბრუნდა. Automobili Pininfarina აღადგენს იმ ფირმის სახელს, რომელმაც Ferrari-ს ყველაზე ლამაზი ავტოების დიზაინი შექმნა. Piëch Automotive, რომელიც მარკეტინგული მიზნებით 2019 წელს გარდაცვლილი Volkswagen-ის ყოფილი ბოსის, მოღუშული სახით ცნობილი ფერდინანდ პიეხის გვარს გამოიყენებს, იმედია უფრო მოაწონებს თავს ნოსტალგიურად განწყობილ ავტომოყვარულებს.
სპეციალური ავტომობილების სხვა დამამზადებლებიც არ კარგავენ დროს სარფიან ბიზნესში დასამკვიდრებლად. სუპერკარების დამამზადებელი ფირმები სუპერმომგებიანები არიან, ხოლო სუპერკარების ბიზნესის ყველაზე მომგებიანი ნაწილი მცირე პარტიებად ერთგული მომხმარებლებისთვის დამზადებული ექსკლუზიური მოდელების საწარმოო ხაზებზე მოდის. სწორედ ამიტომ, ბრიტანული ფირმა Lotus-ი, რომელიც ამჟამად ჩინურ ავტომწარმოებელ Geely-ის ხელშია, 2020 წელს ბაზარზე Evija-ს გამოტანას გეგმავს. ნაწილობრივ Porsche-ს საკუთრება − ხორვატიული ფირმა Rimac-ი, ემზადება უკვე რამდენიმე ეგზემპლარად გამოშვებული, წარმოუდგენლად სწრაფი Concept One-ის შემდგომი მოდელის ბაზარზე გამოსატანად. ახალი მოდელის სახელი არცთუ მახვილგონივრული Concept Two იქნება, თუმცა იგი წინამორბედებს სისწრაფეში ტოლს არ დაუდებს.
მდიდარი კოლექციონერების მოსაზიდად „მადისაღმძვრელი“ ავტომობილების მეტად შეზღუდული რაოდენობით დამზადების იდეა არსებული სუპერკარების მწარმოებლებისგანაა ნასესხები. 2019 წელს Ferrari-იმ ორი ახალი მოდელი დააანონსა − Monza SP-1 და SP-2, რომლებიც წარსულის სპორტული ავტომობილებითაა შთაგონებული. ამ მოდელების მხოლოდ ხუთასი ეგზემპლარი დამზადდება და მათი ფასი დაახლოებით 1.7 მილიონი დოლარი იქნება. რაოდენობის თვალსაზრისით, ახალ ავტომწარმოებლებს კიდევ უფრო მოკრძალებული ამბიციები ექნებათ, თუმცა ფასებზე ამას ვერ ვიტყვით. Pininfarina თავისი Battista-ს მხოლოდ 150 ერთეულს დაამზადებს, მაგრამ მყიდველს თითოში 2 მილიონ დოლარზე მეტს გადაახდევინებს. Hispano Suiza Carmen-ის მძღოლებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ კიდევ ერთის ყიდვა. ამ მოდელის სულ რაღაც 19 ერთეული დაივანებს კლიმატის კონტროლის აპარატურით აღჭურვილ ფარეხებში, შეიხებისა და ოლიგარქების ფარეხებში, რომლებსაც 1.7 მილიონი დოლარი მანქანისთვის აქვთ გადანახული. Rimac-ი დაახლოებით 150, ხოლო Lotus-ი 130 ავტომობილის დამზადებას გეგმავს. ორივე მათგანი თითო მანქანაში 2 მილიონის გადამხდელი მყიდველის ცდუნებას ფიქრობს.
ბაზარზე დღეს არსებული ფირმები მაინცდამაინც არ იღელვებენ. ყოველი მათგანი საკუთარი „სუფთა“ ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. ამასთანავე, ჰიპერკარში 2 მილიონი დოლარის გადამხდელი კოლექციონერია, ვისაც თითქმის უეჭველად ჰყავს რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა. თავიანთი პარკისთვის „სუფთა“ ელექტრომობილის დამატება ამ ხალხს ნამდვილად არ შეუმცირებს McLaren-ისა თუ Aston Martin-ის ცალობით გამოშვებული კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლების მქონე ჰიპერკარის ყიდვის მადას.
ამ ფირმებიდან რამდენი გადარჩება? წარსულში შიგაწვისძრავიანი მანქანების მწარმოებლების მეტოქე ჰიპერკარების ცალობით დამამზადებლები წარსულში ბაზარზე საგანგაშო სიხშირით შემოდიოდნენ და ქრებოდნენ. ზოგი მათგანი, მაგალითად Pagani და Koenigsegg-ი ჯერ კიდევ მუშაობენ, მაგრამ Lotec-ი, Cizeta-Moroder-ი და Laraki გაქრნენ. დიდი ფირმების კაპიტალისა და ექსპერტიზის გარეშე, ბაზრის ზოგი ახალწვეულის ბედი შესაძლოა მათივე წარმოებული ავტომობილებივით უხმაურო აღმოჩნდეს.
საიმონ რაიტი, ინდუსტრიის რედაქტორი, The Economist