ფრენა შტორმში

გლობალიზაციის შენელების მიუხედავად, ავიაგადაზიდვების ინდუსტრია აღმავლობას განიცდის. 2009 წლის შემდეგ გლობალურად საავიაციო ტრანსპორტის მგზავრთა რიცხვი 80%-ით გაიზარდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეკადებიდან ყველაზე სწრაფი ათწლეულია. ავიახაზები ქრონიკულად ზარალობდნენ, ახლა კი მაღალმომგებიანნი არიან. 2015 წლის შემდეგ, გადამყვანების შემოსავალმა მათი მოზიდული კაპიტალის ღირებულებას გადააჭარბა. აეროპორტები გაფართოებას ეშურებიან. 2019 წელს მსოფლიოს უდიდესი, სტამბოლისა და პეკინის აეროპორტების პირველი ფაზები გაიხსნა. თითოეულ მათგანს წლიურად 90 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. თუმცა, 2020 წელს ეს ზრდა შენელდება, რაც ნაწილობრივ ეკონომიკების სისუსტითაა განპირობებული. იგივე ეხება გარემოსდაცვით წესებსაც. 

ერთი შეხედვით, ეს უცნაურია. ავიაცია (საზღვაო გადაზიდვებთან ერთად) გლობალური დათბობის პარიზის ხელშეკრულებაში არ შედის. გადაფრენა ადამიანის მიერ გამოწვეული სათბურის გაზების ემისიის მხოლოდ 2.4%-ს შეადგენს, თუმცა ეს წილი სწრაფად იზრდება. გაეროს მარეგულირებელი ორგანო, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის შესაძლოა ამ ინდუსტრიის ემისია დაახლოებით 3-7-ჯერ გაიზარდოს, თუ ამის საწინააღმდეგოდ არაფერი გაკეთდება. 

ამიტომაც, ICAO-ს შემოაქვს CORISA-ს სახელით ცნობილი რეგულაცია (მოკლედ, ნახშირბადის ემისიის ანაზღაურებისა და შემცირების სქემა საერთაშორისო ავიაციისთვის) საავიაციო ემისიის შესამცირებლად. 2020 წლიდან ავიახაზებმა უნდა შეისყიდონ ანაზღაურება საერთაშორისო ფრენების მიერ დადგენილ ზღვარზე მეტი ემისიისთვის. „მწვანეთა“ ჯგუფებმა უკვე სამართლიანად გააკრიტიკეს ეს რეგულაცია მეტისმეტი სირბილისათვის. CORSIA-ს ანაზღაურების წყარო, კიოტოს პროტოკოლის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სუფთა განვითარების მექანიზმი, მეტად არასერიოზულია. 2017 წელს ევროკომისიის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, მისი ანაზღაურების პროექტების 85%-მა ემისიების შემცირება ვერ მოახერხა. 

ამის ფონზე, ყველგან, და განსაკუთრებით ევროპაში, ძლიერდება სახელმწიფოს მიერ ავიაციის უფრო მკაცრი დაბეგვრის მოთხოვნა. შვედეთმა თავის საჰაერო გადაზიდვებზე ამგვარი გადასახადი 2018 წელს შემოიღო. მას საფრანგეთი 2020 წელს, ხოლო ნიდერლანდები 2021 წელს შეუერთდებიან. ამ ტენდენციას მეტი ქვეყანა შეუერთდება, თუ შვედური flygskam,ანუ„ფრენის შერცხვენის“სქემა, რომელიც მოგზაურებს მოუწოდებს არ იფრინონ, მსოფლიოში პოპულარული გახდება. 

თვითმფრინავების მწარმოებლებს იმაზე ფიქრი მოუწევთ, თუ როგორ გახადონ თავიანთი თვითმფრინავები ნაკლებად დამაბინძურებლები. მცენარეთა ქსოვილისგან დამზადებული ბიოსაწვავის გამოყენება ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია, მაგრამ სავარაუდოდ, სურსათის ფასების გაუზრდელად ავიამწარმოებლებისთვის სათანადო რაოდენობით მასალის საწარმოებლად საჭირო მიწის გამონახვა გაძნელდება. მეორე ვარიანტი ელექტრობატარეების დანერგვაა. სამწუხაროდ, დღევანდელი თაობის ბატარეები იმდენად მძიმეა, რომ მათ მხოლოდ მოკლე ფრენების მომსახურება შეუძლიათ. 2050 წელს მთელ ინდუსტრიაში ნეტო-ნულოვანი ემისიის მიღწევა რთულია. ავიაციასავით მასშტაბური ამოცანა სულ რამდენიმე ინდუსტრიას თუ აქვს გადასაწყვეტი.

ჩარლზ რიდი, Gulliver-ის კორესპონდენტი, The Economist