უძირო მწვანე ზღვა
მღელვარე ზღვებში მეკობრეობის ოქროს ხანა კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. ახლა უკვე ყველას აქვს სქელი სახელმძღვანელოები გემების, ასევე მათი ეკიპაჟისა და ტვირთების უსაფრთხოებისა და უვნებლობის დასაცავად. რაც შეეხება დაბინძურებას, ეს დარგი კვლავაც უკონტროლოა და რეგულაციათა რიცხვიც მცირეა.
2020 წელს ეს შეიცვლება. პირველი იანვრიდან გაეროს ზღვაოსნობის სააგენტო, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), საზღვაო საწვავში გოგირდის დასაშვებ შემცველობას 3.5%-დან 0.5%-მდე შეკვეცს, რათა შეამციროს გოგირდის ემისია. ეს, თავის მხრივ, ჰაერს აბინძურებს და მჟავურ წვიმებს იწვევს. საკონსულტაციო ფირმა Wood Mackenzie-ს გათვლებით, ეს ცვლილება ინდუსტრიის მთლიან წლიურ ხარჯებს საწვავზე დაახლოებით 60 მილიარდი დოლარით გაბერავს. ეს ყველაფერი არაა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ შემოიღო წესები, რომლებიც გემების მეპატრონეებს 2024 წლისათვის სპეციალური აღჭურვილობის დამონტაჟებას ავალდებულებს, რითაც გადასაღვრელად განკუთვნილი ბინძური ბალასტი სითხის ამოტუმბვა და გაწმენდა უნდა მოხდეს. ასეთი აღჭურვილობა 50 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. გასულ წელს IMO-მ იკისრა ვალდებულება 2050 წლისთვის გაანახევროს ინდუსტრიის ნახშირბადის ემისიის 2008 წლის დონე, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის აუცილებელი ტექნოლოგია დანერგილი ჯერაც არ არის.
მართალია გემებზე ნახშირბადის გლობალური ემისიის მხოლოდ 2% მოდის, მაგრამ მძიმე საწვავი ზეთების წვით, ისინი მსოფლიო გოგირდის ემისიას 13%-ს უმატებენ, ხოლო აზოტის ოქსიდების გლობალურ ემისიას 15%-ით ზრდიან. ევროკავშირის ვარაუდით, თუ ეს დარგი რეგულაციების მიღმა დარჩება, 2050 წლისათვის გემებზე ნახშირბადის გლობალური ემისიის 17% მოვა.
დაახლოებით 595 000 უდროო სიკვდილი და საბავშვო ასთმის 14 მილიონი შემთხვევა გემების გამონაბოლქვი გოგირდითაა გამოწვეული. გოგირდის ემისიის ახალი შეზღუდვები ამ რიცხვებს შეამცირებს. ამავე დროს, ამ ემისიის გვერდითი ეფექტი გლობალური დათბობის შემცირებაა, რაც ატმოსფეროში მზის სინათლის მეტი გაბნევითაა შესაძლებელი. ახალი წესები ამ „გაგრილების“ ეფექტს 2020 წლის შემდეგ დაახლოებით 80%-ით შეამცირებს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას რაიმე სახის ანალიზი არ ჩაუტარებია იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა მზის სინათლის გამაბნეველი გოგირდის ემისიით გაზრდილი გლობალური დათბობა უფრო მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდეს, ვიდრე გემების მიერ ჰაერის ყოველწლიური დაბინძურების უყურადღებოდ დატოვება. პარადოქსულია, მაგრამ ეს ახალი მწვანე წესები შესაძლოა გარემოსთვის სულაც არ გამოდგეს კარგი სიახლე.
ჩარლზ რიდი, Gulliver-ის კორესპონდენტი, The Economist