გზა „ლიბრარაციისკენ“
ყველაფერი, სამზარეულოს ნიჟარის გარდა. ეს ისაა, რასაც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის საგადასახადო ფორმების შევსებისას საფონდო ბირჟაზე კოტირებული კომპანიები „რისკ-ფაქტორების“ გრაფაში წერენ. ხშირად გაფრთხილებები მხოლოდ შაბლონია, მაგრამ ერთი ბოლოდროინდელი შემთხვევა Facebook-თან დაკავშირებით ახალი და თანაც საჭირო იყო. „არ არსებობს იმის გარანტია, რომ Libra და მასთან დაკავშირებული ჩვენი პროდუქტები და მომსახურება დათქმულ დროზე ან საერთოდ ხელმისაწვდომი იქნება“.
მართლაც, ძალიან საეჭვოა Facebook-ის ციფრულმა ვალუტა Libra-მ, რომელიც 2019 წლის ივნისში დიდი ზარზეიმით დააანონსეს, დღის სინათლე დაგეგმილ ვადებში, 2020 წელს ან სულაც ოდესმე იხილოს. მარეგულირებლების გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ ისინი ნებართვის გაცემას უახლოეს მომავალში ნამდვილად არ აპირებენ, განსაკუთრებით Facebook-ივით არასანდო ფირმაზე. მიუხედავად ამისა, 2020 წელი კრიპტოვალუტებისთვის მაინც გადამწყვეტი იქნება. Libra-მ სათავე დაუდო ბრძოლას კერძო და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ციფრულ ვალუტებს შორის, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება.
ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, ციფრული მუსიკალური მომსახურების სერვისების, მაგალითად Napster-ის მსგავსად, მხოლოდ პირველი ცდაა. რიგით მომხმარებელს მათი გამოყენება უჭირს. კრიპტოვალუტების ღირებულება მუდმივად არამყარია. მათ უკან მდგარი ტექნოლოგიები, ბლოკჩეინად წოდებული დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, საკმაოდ შეზღუდულია. ტრანზაქციების დამუშავებას შესაძლოა საათები დასჭირდეს. ეს სისტემები უამრავ ენერგიას წვავს, არადა, კიბერშეტევიდან თავის დასაცავად მათ მხოლოდ ეს გზა აქვთ. ამავე დროს, ყოველთვის ცხადი არაა, ვინ აკონტროლებს მათ.
Libra სწორედ ამ ყველა პრობლემის გადასაჭრელადაა ჩაფიქრებული. ის იმად უნდა იქცეს, რაც Spotify და სტრიმინგის სხვა სერვისები გახდნენ Napster-ის მაგალითზე. ფულის გადაგზავნა ისევე უნდა გაიოლდეს, როგორც ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. Facebook-ი თავის აპლიკაციებში Libra-ღილაკის დამატებას გეგმავს. Libra ბლოკჩეინს დაეფუძნება, მაგრამ ფასის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ვალუტების კალათას მიებმება. მას საკმაო სიმძლავრე ექნება მრავალი ტრანზაქციის ერთდროულად გასატარებლად, ხოლო ზედამხედველობას შვეიცარიაში განთავსებული ფონდი გასწევს.
Libra ერთადერთი ასეთი პროექტი არ გახლავთ. მისი უდიდესი მეტოქე, ყოველთვიურად 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე გზავნილების აპლიკაცია Telegram-ის მიერ შექმნილი Gram-ია. ეს პროექტი ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ იგი შეაფერხა იმ მოტივით, რომ პროექტმა ფასიანი ქაღალდების კანონი დაარღვია (ახლა შესაძლოა Gram-ი აპრილში „დაიქოქოს“). ათასობით მომხმარებელი უკვე იყენებს Stellar Lumens-ის სახელით ცნობილ ვალუტას Keybase-თან ერთად. ეს უკანასკნელი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ონლაინ შენახვის მექანიზმია, რომელიც გზავნილების სერვისსაც გვთავაზობს.
ადვილია იმის დანახვა, თუ რატომ შფოთავენ რეგულატორები. Libra-მ და მისმა მსგავსმა ვალუტებმა შესაძლოა მეტი სვლა მოიპოვონ, ვიდრე Bitcoin-მა თავის ანალოგებთან ერთად და მავანმა ახალი ვალუტები ფულის გასათეთრებლად, ტერორიზმის დასაფინანსებლად ან მომხმარებელთა მონაცემების დატაცებისათვის გამოიყენოს. უდიდესი პრობლემა მაინც რჩება მსოფლიო საფინანსო სისტემაზე და განსაკუთრებით, ეროვნულ ვალუტებზე ზეგავლენა. სახელმწიფოთა მთავრობები შფოთავენ, რომ ახალმა ფულმა შესაძლოა მათი ვალუტა ჩაანაცვლოს. ერთი-ერთი მიზეზი, რის გამო Libram აშშ-ის მთავრობის ყურადღება მიპყრო, იმის შიშია, რომ ერთ დღეს მან შესაძლოა დოლარის ჰეგემონიაც დაამხოს.
მოვლენების განვითარების ასეთმა სცენარმა ზოგ ცენტრალურ ბანკს უბიძგა დაუყოვნებლივ დაეგეგმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ციფრული ვალუტების შემუშავება. ვარაუდობენ, რომ ამაში პირველი ჩინეთი იქნებოდა (ეს არგუმენტია Facebook-ის სასარგებლოდ, ვინაიდან ამ კომპანიის მესვეურთა აზრით, Libra-ს მიმოქცევაში გაშვების ხელის შეშლით მარეგულირებლები ჩინეთის მიერ ლიდერობის მოპოვებას უწყობენ ხელს). ამერიკის სტრატეგია SWIFT-ის საბანკო ქსელისა და დოლარის საანგარიშსწორებო სისტემის გამოყენებით სანქციების გატარებისა, კრიპტოვალუტების მომზიდველობას ზრდის სანქციათა ისეთი სამიზნე ქვეყნებისთვის, როგორებიც ირანი და ვენესუელა არიან. ვენესუელას ავბედითი ვალუტის, პეტროს შექმნა სწორედ დოლარისთვის გვერდის ავლის მოტივით იყო განპირობებული.
ასეთი იდეა ყველაზე მოულოდნელ ადგილასაც გაჩნდა. 2019 წლის აგვისტოში, ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ ქარნიმ კოლეგა ცენტრალური ბანკების დირექტორები გააოცა განცხადებით, რომ დოლარის დომინაცია არაჯანსაღია მსოფლიო ეკონომიკისათვის და აუცილებელია მისი გლობალური ვირტუალური სარეზერვო ვალუტით შეცვლა. ამაში ბევრმა რაღაც Libra-ს მსგავსი დაინახა. Facebook-ი ფედერალურ სარეზერვო სისტემას ალბათ ვერასოდეს შეცვლის, მაგრამ ოდესმე რაიმე Libra-ს მსგავსი ნამდვილად გაჩნდება.
ლუდვიგ სიგლი, ამერიკის ტექნოლოგიის რედაქტორი, The Economist სან-ფრანცისკო