ბრძოლა ბანკისათვის
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2020 წლის 31 იანვარს ინგლისის ბანკის მმართველის პოსტს ახალი, 121-ე მეთაური დაკავებს. იგი კანადელ მარკ ქარნის შეცვლის, რომელიც მრავალ საკითხზე, მათ შორის მონატარულ პოლიტიკაზე გაკეთებული თამამი განცხადებებით დაგვამახსოვრდა. ამ მოვლენისა და ბრიტანეთის ბრექსიტის დედლაინის დამთხვევა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია. პოსტის დაკავების შემდეგ, ახალ მმართველს იმაზე უფრო რთულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მოუწევს ნავიგაცია, ვიდრე მის წინამორბედს.
2020 წელს ბანკი ვეღარ შეძლებს თავისი დამოუკიდებლობა გარანტირებულად შეიფეროს, რაც მას 1997 წელს ბლერი-ბრაუნის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიენიჭა. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ბანკს სარგებლის განაკვეთის ცვლილება დაუნინგ სტრიტისა და ხაზინის აშკარა ჩარევის გარეშე შეეძლო. ახლა, როცა პოლიტიკური სპექტრი ბრექსიტით ფრაგმენტირებული და პოლარიზებულია, პარტიები, რომლებშიც უკიდურესი მემარცხენე და უკიდურესი მემარჯვენე ფრაქციები დომინირებენ, ღიად შეეცდებიან ბანკს „უღელი დაადგან“ და თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ. ბანკისთვის ბრძოლა სერიოზულ ფორმებს მიიღებს.
ფედერალურ რეზერვთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან შედარებით, „ტრედნიდლის ქუჩის მოხუც ქალბატონად“ წოდებული ინგლისის ბანკი მსოფლიო საფინანსო კრიზისის შემდგომ პერიოდს შედარებით უვნებლად გადაურჩა. პარტიულ სიმპათიებში ბრალდებულმა ბატონმა ქარნიმ თავისი წილი დარტყმები შოტლანდიის დამოუკიდებლობისა და ბრექსიტის რეფერენდუმების კამპანიის წარმოებისას მიიღო. ამასთანავე, მას არ უწვნევია პრეზიდენტის აგრესიული ტვიტი ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელ ჯეი პაუელის, ან კიდევ უმეტესწილად გერმანელთა მტრული დამოკიდებულება ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ მარიო დრაგის მსგავსად.
უკიდურესად დაბალი ან უარყოფითი სარგებლის განაკვეთის პერიოდის გავლისა და მოთხოვნის სტიმულირებისათვის რაოდენობრივი შერბილების პროგრამების მთელი წყების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში მკაფიოდ გამოიკვეთა ცენტრალური ბანკების ძალაუფლების საზღვრები. მონეტარული პოლიტიკა ფრანკფურტის, ლონდონისა თუ ვაშინგტონის ერთადერთი თამაში აღარაა. 2020 წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და განსაკუთრებით ბრიტანეთში, აქცენტი ფისკალურ პოლიტიკაზე გადაინაცვლებს.
როგორც კონსერვატორულმა, ისე ლეიბორისტულმა პარტიამ სახელმწიფო ხარჯების ზრდის ვალდებულება იკისრეს, რითაც ფინანსური ეკონომიის პოლიტიკის დასასრული გამოცხადდა. 2020 წელს, ბრექსიტისა და ბრიტანეთის არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების უმთავრესი ელემენტი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურული შემაფერხებელი ფაქტორები გახდება. მაგალითად, სუსტი პროდუქტიულობა და ლონდონის მიღმა მდებარე რეგიონების არასახარბიელო მაჩვენებლები. არსებობს მოლოდინი, რომ ბანკი ამ „თამაშში ჩაებმება“.
ახლა, როცა ქარნის მმართველობა დასრულებულია
თეორიულად, ბანკი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის „ინტელექტუალური სინდისის“ როლის თამაშს გააგრძელებს. ეს როლი რთულ პერიოდში დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში მოქმედებასა და კონკრეტული რჩევის მიცემაში გამოიხატება. პრაქტიკულად კი უფრო მოსალოდნელია პოლიტიკოსებმა ბანკის თავის მხარეზე გადმობირება სცადონ. ლეიბორისტული პარტიის შემთხვევაში, საუბარია შოტლანდიის სამეფო ბანკზე, რომელშიც ფინანსური კრიზისის შემდეგ სახელმწიფო აგერ უკვე ათზე მეტი წლის თავზე მაინც ინარჩუნებს წილს. სწორედ ამ მექანიზმის გამო, შოტლანდიის სამეფო ბანკი მრეწველობისა და საინფორმაციო სექტორების პირდაპირი დაკრედიტების მექანიზმად გამოიყენება. ეს ემუქრება ინგლისის ბანკის ფუნქციას, უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა, რაც 2010 წელს კონსერვატორთა და ლიბერალ-დემოკრატთა კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამ უზრუნველყო.
ბრექსიტი რისკ-ფაქტორებს ზრდის. 2019 წელს ევროკავშირის დატოვების ირგვლივ კამათი უმეტესწილად საქონლით და არა მომსახურებით ვაჭრობას შეეხო, რაც ნამდვილად არ არის გამართლებული, ვინაიდან ბრიტანეთის ეკონომიკის გამოშვების სამ მეოთხედზე მეტს მომსახურება შეადგენს. 2020 წელს, თუ მოსახდენი მოხდება, ბანკი ვერ შეძლებს სერვისებთან დაკავშირებით შეცვლილი რეგულაციების მიღმა დარჩენას.
უმთავრესი შეკითხვა ისაა, თუ ევროკავშირის რეგულაციების რა ნაწილი დარჩება სისტემაში და რამდენად განსხვავებულ კურსს დაიჭერს ლონდონი, ან რას მოითმენს ბრიუსელი. ლონდონის სიტიმ უხალისოდ დაუჭირა მხარი პოსტკრიზისულ პერიოდში ბანკებისთვის დაწესებულ კაპიტალური რეზერვების გამკაცრებულ მოთხოვნებსა და სესხების გაცემის პირობების გართულებას. ზოგი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ 2020 წელს კერძო სექტორი და „ტორები“ (თუკი ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან) გამკაცრებული რეგულაციების შერბილებას ეცდებიან.
ბანკის პოზიციით, ეკონომიკის ზომიდან და სირთულიდან გამომდინარე, ბრიტანეთის ფინანსური მომსახურების ინდუსტრიას ისეთივე, ან უფრო მეტი მდგრადობა დასჭირდება, რისი უზრუნველყოფაც ამჟამადაა დაგეგმილი. ეს უკვე აჭარბებს საერთაშრისო საბაზისო მოთხოვნით გათვალისწინებულ დონეს. ბრექსიტით დაფერილ კონსერვატორულ მთავრობას აცდუნებს მოკლევადიან პერიოდში ბრიტანეთის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ევროკავშირის მაგისტრალური ხაზის საპირისპირო პოლიტიკის გატარების პერსპექტივა. ეს შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს საშუალოვადიან პერიოდში და კრახის გამეორების რისკსაც ქმნის, − აცხადებს ბანკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
ბატონ ქარნის მიღწევათაგან ერთ-ერთი, ბანკის მმართველობის მოდერნიზაცია იყო, რაც, მაგალითად, წამყვან პოზიციებზე მეტი ქალის დანიშვნასა და მართვის კულტურის შერბილებაში აისახა. მისი უდიდესი მიღწევა, ალბათ მაინც უაითჰოლის ქუჩაზე განლაგებულ სამთავრობო დაწესებულებებთან და განსაკუთრებით, ხაზინასთან „ბალკანური ომების“ თავიდან აცილება გახდა. ფისკალური და მიწოდების სტიმულირების ღონისძიებების დღის წესრიგში დამკვიდრებასთან ერთად, კონფრონტაციის საბაბი 2020 წელს საკმარისი იქნება. სულ მცირე, ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას შორის გაუმჯობესებული კოორდინაციის აუცილებლობა სრულიად აშკარა გახდება.
ბრიტანეთის ინსტიტუტები, პარლამენტიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული, ბრექსიტის პერიოდში გამოიცადა. მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად, ბანკს ახალი მმართველის დახვეწილი დიპლომატიური მანევრები დასჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
ლიონელ ბარბერი, რედაქტორი Financial Times