ტექნოლოგიურ-საგადასახადო „ხლართის“ გახსნა

შესაძლებელია გაისად საერთაშორისო საგადასახადო სისტემამ ბოლოსდაბოლოს შეაღწიოს 21-ე საუკუნეში. 2020 წლის ზაფხულში დგება ბოლო ვადა მოლაპარაკებისა, რომელთა შედეგად მსოფლიოს დიდი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა იბეგრებოდნენ ციფრული სერვისების მიმწოდებელი ტრანსნაციონალური კორპორაციები. მაგალითად, Amazon და Zoom, რომლებიც დღეს მსოფლიოს ეკონომიკის ხერხემალს ქმნიან. თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, გადაწყვეტილებას დიდი ოცეულის ქვეყნები სულ მალე დაამტკიცებენ. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დაკავებული ტექნოკრატების გუნდი ბევრს მუშაობს და ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ შეთანხმების მიღწევა სავსებით შესაძლებელია და თუ ეს დაგეგმილ ამბიციურ ვადებში ვერ მოესწრება, ამის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უსათუოდ მოხერხდება. გლობალური კომპანიების ბოსებსაც ასეთივე იმედი უნდა ჰქონდეთ − მულტინაციონალური დაბეგვრის რეჟიმის ალტერნატივა ყველასთვის გადასახადებისგან თავისუფალი რეჟიმია, რომელიც ურთიერთგადამფარავი საგადასახადო ვალდებულებების დამაბნეველ და ხარჯიან გროვებს ქმნის. 

საერთაშორისო კომპანიების დაბეგვრის ჩარჩო, რომელიც ათასობით ორმხრივ ხელშეკრულებათა დებულებებს ეფუძნება, დიდი ხანია მოძველდა. ეს სისტემა მრეწველობის, და არა მანქანური დასწავლის ეპოქისთვის შეიქმნა. სულ უფრო მეტი არამატერიალური აქტივების მქონე ტექნოლოგიური ფირმის აღზევებამ კომპანიებს გაუადვილა სისტემის ნაკლოვანებების გამოყენება და მოგების ოფშორულ ზონებში გადაქაჩვა. სულ უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა და მოქალაქეები გამოთქვამენ ღია უკმაყოფილებას და საგადასახადო მაქინაციებში ბრალს სდებენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც Apple-ი, Amazon-ი, Facebook-ი და Google-ია. 

დიდი ოცეულის მხარდაჭერით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ამ საქმეს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ შეუდგა. მისმა „დასაბეგრი ბაზის ეროზიისა და მოგების დაბეგვრის რეჟიმის გარეთ გატანის“ პროექტმა 2015 წელს რეფორმების მთელ სერიას დაუდო სათავე, რომლებზეც ათეულობით ქვეყანა შეთანხმდა. ეს რეფორმები გადასახადის თავიდან არიდების ყველაზე გავრცელებულ სქემებს შეეხო. მაგალითად, მაქინაციებს კომპანიის შიდა ვალთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც მოგების „გაქრობა“ ხდებოდა შესაძლებელი. მაგრამ ციფრული ეკონომიკის საკითხთან დაკავშირებით „ერთი ადგილის ტკეპნა“ იმის გამო დაიწყო, რომ უდიდესი ტექნოლოგიური ფირმების სამშობლოს − აშშ-ს შეთანხმების გაფორმება არ სურდა. 

ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდმა საგადასახადო ინიციატივამ ამერიკა უკეთეს პოზიციაში მოაქცია გლობალური რეფორმის სამართავად. ნაწილობრივ ამას ევროპული ქვეყნების ინტრიგებიც წაეხმარა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებმა ტექნოლოგიური გიგანტების ევროპული გაყიდვების „ციფრული მომსახურების გადასახადზე“ შეთანხმება ვერ მოახერხეს, ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით, საკუთარი კანონმდებლობა მიიღეს. ამან ტრამპის ადმინისტრაცია გაანაწყენა და აფიქრებინა, რომ ამ გადაწყვეტილებებმა ამერიკული კომპანიები მიზანში უსამართლოდ ამოიღო. ტრამპმა განიზრახა ანგარიში გაესწორებინა ოპონენტებისათვის, რაც ზემოთ ხსენებული გადასახადის პირველი დამწესებლის − საფრანგეთის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვებში აისახა. ზავი დიდი შვიდეულის 2019 წლის აგვისტოს სამიტზე მაინც დაიდო, თუმცა მშვიდობა მყიფეა. 

ცეცხლის ასეთმა გაცვლამ გლობალური შეთანხმების მიღწევა კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა „ორი საყრდენის“ მიდგომა იქნება. პირველი საყრდენი მოიცავს ახალი „საკვანძო“ წესების შემუშავებას, რომლებითაც შესაძლებელია უკეთ აღირიცხოს იმ კომპანიების მოგება, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე საქმიანობენ ფიზიკური წარმომადგენლობის გარეშე. ეს მოითხოვს იმის ხელახლა შეფასებას, თუ როგორ დაფიქსირდეს რეალური ეკონომიკური აქტივობა, რაც დღევანდელ დღეს დასაქმებულთა, მანქანა-დანადგარებისა და სხვა მატერიალური აქტივების დათვლაზე ბევრად მეტია. ეს ასევე მოიცავს ამჟამად მოქმედი ნაკლოვანი, „თავისუფალ ეკონომიკურ აგენტებს შორის“ ტრანსფერული ფასწარმოქმნის პრინციპის სრულიად ახალ გააზრებასაც, რომელიც არსებული სისტემის საფუძველია. ამ წესით, მულტინაციონალური კომპანიები ვალდებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებს შორის განხორციელებული ტრანსაქციები საბაზრო ფასით შეაფასონ, რაც მათ გაკონტროლებას უფრო ართულებს. მეორე საყრდენი მოიცავს მულტინაციონალური კომპანიების გლობალური ოპერაციების დაბეგვრის მინიმუმის დაწესებას, რაც იმ ბადედ მოიაზრება, რომელშიც იმ დამრღვევთა დაჭერა გახდება შესაძლებელი, რომლებიც კანონით დაკისრებულ გადასახადს არ იხდიან.

 

დამბეგრე, თუ შეგიძლია 

სადავო ჯერ კიდევ ბევრია. აშშ, ევროკავშირი და სხვები შესაძლოა ვერ შეთანხმდნენ მინიმალური სამართლიანი გადასახადის განაკვეთზე. თუ მაინც შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები შესაძლოა ამონაგების გაყოფის შესახებ დავამ შეაფერხოს. უეჭველია, გაჩნდებიან მოგებულები და წაგებულები, და ყოველი დამარცხებული ნამდვილად არ იქნება ციცქნა ოფშორული ზონები, რომელთა ტერიტორიაზე ბაზირებული კომპანიების იგნორირება შეიძლება − ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, ნიდერლანდებისა და ირლანდიის ჩათვლით, არსებული მოშლილი სისტემით სავსებით კმაყოფილია. აუცილებელია ჩინეთისა და სხვა დიდი არადასავლური ქვეყნების ინტერესების უფრო მეტად გათვალისწინება. დაბეგვრის უფლებებზე მოდავე ქვეყნების უთანხმოების გადაწყვეტის მექანიზმი კვლავაც მოსაძებნია და ა.შ. 

მოკლედ რომ ვთქვათ, დადგა კორპორაციული დაბეგვრის გადამწყვეტი მომენტი. 2019 წელს მრავალმხრივი გარიგების მიღწევის ფსონები შემცირდა მას შემდეგ, რაც გადასახადებისგან თავის ამრიდებელ ფირმებზე რეიდებმა კულმინაციას მიაღწია. ამან სახელმწიფოთა მესვეურების ყურადღება სხვაგან გადაიტანა. გლობალური კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. მის გარეშე გამორიცხული არაა, მსოფლიო ტექნოლოგიებით გამწვავებულ საგადასახადო ომებში გადაიჩეხოს.

მეთიუ ვალენსია, ბიზნესის საკითხთა რედაქტორის მოადგილე, The Economist