შფოთიანი ტერიტორია
მარშებითა და სიმღერებით, ბოიკოტებითა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებით“, ჰონკონგელებმა აჩვენეს, რომ პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ. 2019 წლის ზაფხულში, ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და ექსტრადიციის არაპოპულარული კანონის ჩაგდება მოითხოვეს. კანონპროექტი აღარ არსებობს, მაგრამ სახალხო რისხვა შენარჩუნდა. მთავრობისა და სახალხო პროტესტის მონაწილეთა მხრიდან ორმხრივი კომპრომისის არარსებობის პირობებში, ვითარება არ შეიცვლება. მთავრობა პროტესტების შემზღუდავ ნორმებს შემოიღებს და პოლიციის უფლებამოსილებებს გაზრდის. „ფრონტის ხაზის“ დემონსტრანტები ვითარებას თუ გაამწვავებენ, ზომიერების მომხრე მასების მხარდაჭერას მაინც შეინარჩუნებენ. ჰონკონგელებს მათთვის მისაღები ლიდერების არჩევა სურთ, მაგრამ ჩინეთი მოთხოვნილი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას არ დაუშვებს. პეკინში ჰონკონგის ლიდერის პოსტზე კერი ლამის შემცვლელი რომც გამოძებნონ (ეს შესაძლებელია), არჩევის წესის თაობაზე დაპირისპირება მაინც იქნება. ჩინეთი ქალბატონ ლამის შეცვლას არ ჩქარობს, თუმცა წლის ბოლოსთვის ის შესაძლოა თანამდებობას გამოემშვიდობოს.
ქუჩის არეულობებში პოლიციის როლის გამოძიების პირველი ანგარიში თებერვალში უნდა გამოქვეყნდეს და იგი დეტალური შესწავლის საგანი გახდება. ამ მხრივ განსაკუთრებით იაქტიურებენ ისინი, ვისაც ალტერნატიული, დამოუკიდებელი სასამართლო გამოძიების ჩატარება სურდა. სექტემბერში ჰონკონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები იგეგმება. როგორც ცნობილია, ეს ორგანო პროტესტის ფიზიკური და იდეოლოგიური სამიზნეა. საბჭოს 70 წარმომადგენლიდან პირდაპირი წესით მხოლოდ ნახევარი აირჩევა. დანარჩენები დარგობრივ ინტერესთა ჯგუფების მიერ ინიშნება. ამ უკანასკნელთა სიმპათიები ადგილობრივი მთავრობისა და მისი მხარდამჭერი პეკინისკენ იხრება. დემოკრატიული რეფორმების ხმამაღალი მოთხოვნა არჩევნებში აქტივობას და ოპოზიციის გამარჯვების შანსს ზრდის, თუმცა ახალგაზრდობა პროცესს ჩაშლის, თუ მათთვის სასურველ კანდიდატებს კენჭისყრას აუკრძალავენ. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა წინა არჩევნების დროს, როდესაც ავტონომიური უფლებების გაფართოების საკითხი წყდებოდა.
პეკინში შესაძლოა გათვალონ, რომ ჰონკონგში სამხედრო ძალების შეყვანა მეტი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე თვით საპროტესტო გამოსვლები. სანაცვლოდ, ჩინეთი ზემოქმედებას განახორციელებს ადგილობრივ პოლიციაზე, სასამართლო სისტემაზე, ბიზნესსა და მედიაზე. ეს საზოგადოებრივ წინააღმდეგობას კიდევ უფრო გააღრმავებს. პეკინი პროტესტის მხარდამჭერ კომპანიებს დასჯის, შეზღუდავს „უცხოეთიდან ჩარევას“ (განსაკუთრებით აშშ-დან, სადაც ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰონკონგის საკითხით ძლიერ დაინტერესდება).
უცხოური პასპორტის მქონე ბევრი მოქალაქე ჰონკონგის დასატოვებლად მზად იქნება. ეკონომიკა დაზიანდა, როგორც აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომისგან, ისე საპროტესტო გამოსვლებისგან. კონტინენტური ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის შემცირების გამო, დაზიანდება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა, უძრავი ქონება, ტურიზმი და საცალო ვაჭრობა.
ქალბატონი ლამი იმედოვნებს, რომ საბინაო რეფორმები ქალაქს უფრო სამართლიანს გახდის, თუმცა სახალხო რისხვის წინაშე ის უფრო რეალისტური უნდა იყოს და საზოგადოებას გაცილებით მეტი შესთავაზოს. პოლიტიკური რეფორმა ის თემა აღარ არის, რომელსაც ჰონკონგის ლიდერი უბრალოდ მიჩქმალავს. შერყეულ საზოგადოებას სასწრაფო „შეკეთება“ ესაჭიროება.
კეროლაინ კარტერი, აზიის ახალი ამბების რედაქტორის მოადგილე, The Economist, ჰონკონგი