ყველაფერი ზომიერების ფარგლებში

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას წინ პირქუში წელი ელის. სავაჭრო ომი აშშ-სთან, არეულობა ჰონკონგში, არჩევნები ტაივანში (ჩინეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მმართველობა შესაძლოა კიდევ 4 წლით გაგრძელდეს) − ყოველივე ეს ჩინელ ლიდერთა მძიმე საფიქრალი იქნება. თუმცა, ისინი შეეცდებიან ეს არ შეიმჩნიონ. 2020 წელი ჩინეთის ხელმძღვანელობის კალენდარში დიდი ხანია ტრიუმფის წლად მოინიშნა. სწორედ ამ დროისათვის, ქვეყანას თავისი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპისთვის უნდა მიეღწია − „ყველა თვალსაზრისით, ზომიერად აყვავებული საზოგადოება“ შეექმნა. მსოფლიოში ჩინეთს მზარდ სუპერსახელმწიფოდ აღიქვამენ, რომელიც ამერიკას სიმდიდრით მალე დაეწევა. ასე რომ, აღნიშნულ საეტაპო მიზანს, შესაძლოა ბევრი უცნაურად მოკრძალებულად მიიჩნევდეს. თუმცა, პარტიულ წრეებში საკითხი უაღრესად რეზონანსულია. პოლიტიკური ელიტა წლის ბოლოსათვის საზეიმო განწყობაზე ყოფნას იმედოვნებს. 

„ზომიერად აყვავებული“ ჩინური ცნება Xiaokang-ის ოფიციალური თარგმანია. ტერმინი დენ სიაოპინმა უძველესი კონფუცის ფილოსოფიიდან ისესხა − მას შემდეგ, რაც ეკონომიკური რეფორმები წამოიწყო (1978 წელს). Xiaokang გულისხმობს, რომ საზოგადოება ეგალიტარული უტოპიისკენ მიისწრაფვის. დენ სიაოპინს სჯეროდა, რომ Xiaokang-ს მაშინდელი საზოგადოებიდან ბევრი მოესწრებოდა. მიზნისკენ სწრაფვის ტემპის შესაფასებლად, მან სწორხაზოვანი საზომი შეარჩია: მთლიანი და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაოთხმაგება 1980 წლის დონესთან შედარებით. სიაოპინის პროგნოზით, ჩინეთს ამ მაჩვენებლისთვის 2020 წლამდე უნდა მიეღწია. იგი შთამბეჭდავად ზუსტი აღმოჩნდა. 1995 წელს, ჩინეთის მთლიანი მშპ, რეალურ ფასებში, ოთხჯერ გაიზარდა. 1997 წელს იგივე განმეორდა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. თუმცა, ბევრი ჩინელი ამ კეთილდღეობას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. ქვეყანაში, დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ასე რომ, პარტიამ უფრო მაღალი მიზნები დასახა. 2012 წელს გამოცხადდა, რომ: ათწლეულის ბოლოს ჩინეთში Xiaokang საზოგადოების ჩამოყალიბება უნდა დასრულებულიყო; მშპ და საშუალო შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე, 2010 წელთან შედარებით, უნდა გაორმაგებულიყო; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არავინ უნდა დარჩენილიყო. 

ეს ადვილი ამოცანა არ აღმოჩნდა. უკომპრომისო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპის დღეები წარსულს ჩაბარდა. მთავრობა უფრო მდგრადი ზრდის მიღწევას ცდილობს, რომელიც საკმარისად მაღალი იქნება Xiaokang მიზნების მისაღწევად, მაგრამ არა ისე, რომ ფინანსური ქაოსის რისკი წარმოიშვას. მშპ-ის ზრდის გენერატორი უნდა იყოს ნაკლებად „ბეტონის ჩასხმა“ და უფრო მეტად, ინტელექტუალური ძალა. გლობალური ეკონომიკის შენელება ამ ამოცანას ართულებს, ისევე, როგორც მომხმარებელთა და ბიზნესწრეების იმედგაცრუება ქვეყანაში. 2010 წელთან შედარებით, რეალური მშპ-ის გასაორმაგებლად, 2019-2020 წლების პერიოდში ჩინეთის წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2% უნდა იყოს. ეს ძნელად მისაღწევი მიზანია. სექტემბერში, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა განაცხადა, რომ 6%-იანი ზრდაც კი „ძალიან რთული“ იქნება. 

აბსოლუტური სიღარიბის დაძლევა ყველაზე მეტად გაჭირდება. ჩინეთი ამტკიცებს, რომ დიდ ქალაქებში ეს უკვე მოახერხეს. პრობლემა არაურბანულ ზონებშია. დენ სიაოპინის რეფორმების შემდეგ, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება: ოფიციალური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (სულზე წლიური 2300 იუანი, ანუ 340 აშშ დოლარი, 2010 წლის ფასებში) მცხოვრები სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 1980 წელს 775 მილიონს შეადგენდა. 2018 წლის ბოლოსათვის ეს მაჩვენებელი 16.6 მილიონამდე შემცირდა, თუმცა, ძირითადად, ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით მოხდა, როდესაც ურბანულ ზონებში სამუშაო ადგილები შეიქმნა და მიგრანტებმა სოფლებიდან ქალაქებს მიაშურეს. სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილთაგან ბევრს მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია. სავარაუდოდ, ისინი სოციალურ დახმარებებს მიიღებენ, თუმცა, კორუფციული და ბიუროკრატიული ხარვეზების გამო, ზოგი ამ დახმარების გარეშე დარჩება, ან საკმარისად ვერ მიიღებს. 

სტატისტიკური ფოკუსები სასარგებლო იარაღია. ქალაქებში სიღარიბის ოფიციალური დამარცხება, მთავრობის მიერ მხოლოდ ერთი რამით აიხსნება: ურბანულ და არაურბანულ ზონებში ხელისუფლება აბსოლუტური სიღარიბის ერთსა და იმავე სტანდარტს ითვალისწინებს. ამავე დროს, ცხოვრების ღირებულება ქალაქებში უფრო მაღალია. უკანასკნელ წლებში, ხელისუფლება განსაკუთრებით მოწადინებული იყო, ოფიციალურად კლასიფიცირებულ ასეულობით „გაღარიბებული ოლქიდან“ ბევრს ეს სტატუსი მოხსნოდა. მთავრობის განცხადებით, 2020 წლის ბოლოსათვის ასეთი ოლქები ჩინეთში აღარ იქნება. 

სასურველი მიზნის მისაღწევად ფაცი-ფუცი და ციფრებით მანიპულირება ჩინეთის მთავრობის რუტინად გადაიქცა. Xiaokang-მიზნების მიღწევის ვალდებულება ბიუროკრატებს წნეხის ქვეშ აქცევს. მთავრობის სურვილია 2021 წლისათვის საზოგადოებამ ამ მიზნების სრულყოფილად შესრულება ირწმუნოს. სწორედ ამ დროს, გეგმის მიღებიდან 100 წლისთავი სრულდება. თუმცა, 2019-2020 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა 6,2%-ზე დაბალი აღმოჩნდეს. პარტიისათვის ეს პრობლემა იქნება. მმართველ ელიტას სურს xiaokang-ამოცანა საიუბილეო, 2021 წლის 1 ივლისისათვის შესრულდეს. ამ დროისათვის შესაძლოა ყალბი განაცხადიც გაკეთდეს, რომ მიზანი „ძირითადად“ მიღწეულია. 

ბევრი ჩინელი კვლავ დაიჩივლებს, რომ ბევრად არ გამდიდრებულა და მათსა და მდიდრებს შორის ეკონომიკური უთანასწორობა იზრდება. უტოპიის იდეა კვლავაც ინარჩუნებს მომხიბვლელობას. მორიგი მიზნებია „თანამედროვე სოციალისტურ“ ქვეყნად ჩამოყალიბება 2035 წლისთვის, მიერთება მდიდარ სახელმწიფოთა რიგთან 2049 წლისთვის (კომუნისტური მმართველობის მე-100 წლისთავზე). პარტიის განცხადებით, ამ დროისათვის ჩინეთი იქნება „აყვავებული, ძლიერი, დემოკრატიული, კულტურულად განვითარებული, ჰარმონიული და ლამაზი“. ამ ტერმინების მნიშვნელობას, როგორც ყოველთვის, პარტია განგვიმარტავს. 

ჯეიმს მაილსი, ჩინეთის რედაქტორი, The Economist