პრობლემების ზღვა
2019 წელს, ამერიკა-ჩინეთის სტრატეგიულმა კონკურენციამ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობა თავდაყირა დააყენა. 2020 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებში კონკურენციის გამწვავებაა მოსალოდნელი. პეკინსა და ვაშინგტონშიც ლიდერებს მოთმინება ეწურებათ და მოწოდებები ქმედითი ნაბიჯებისკენ სულ უფრო ხშირად გაისმის. პირდაპირი და პოტენციურად უფრო საშიში დაპირისპირების ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს. მსოფლიომ განსაკუთრებული ყურადღება პოტენციური დაძაბულობის ერთ წერტილს − სამხრეთ-ჩინეთის ზღვას უნდა მიაქციოს.
2020 წელს, საბრძოლო ხომალდებს ამერიკა ტაივანის სრუტის გავლით ყოველთვიურად გაატარებს. მეტიც − ტაივანის პორტებს მსხვილი ამერიკული სამხედრო გემებიც ეწვევიან. ვაშინგტონი ტაივანისათვის საერთაშორისო სივრცის გაფართოებას შეეცდება, მაგალითად: მიპატიჟება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და უპრეცედენტო, სამთავრობო დონის ვიზიტის ორგანიზება. პრეზიდენტ სი ძინპინის რეაქცია მკაცრი იქნება. ტაივანის მოპირდაპირე ნაპირებთან ჩინეთის სამხედრო აქტივობების სიხშირე და სირთულე გაიზრდება, რაც ამერიკული გემებისთვის ტრანზიტს გაართულებს და არასასურველი უცხოელების სინძიანში (ისევე, როგორც სხვა ურჩ პროვინციებში) შესვლას ხელს შეუშლის. ჩინეთი შეეცდება ტაივანის სხვა დიპლომატიური პარტნიორების მიდგომა შეცვალოს: ჰაიტი პოლიტიკურ ორიენტირებს შეიცვლის. პეკინი გამოიყენებს საინფორმაციო და გავლენის კამპანიებს, ეკონომიკურ სტიმულებს, რათა 2020 წლის არჩევნებზე სასურველ კანდიდატ ჰან კუო-იუს შანსი გაიზარდოს.
დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, ჩინეთი რამდენიმე ტერიტორიულ დავაში დაპირისპირებისკენ მიისწრაფვის. აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვაში, სენკაკუ/დიაოიუს კუნძულებზე პრეტენზიას ჩინეთიც და იაპონიაც აცხადებენ. აქ პეკინი სამხედრო ზემოქმედებას კიდევ უფრო გაზრდის. 2017 წლის პაუზის შემდეგ, ჩინეთი სამხედრო სწავლებების ინტენსივობას რეგიონში სტაბილურად ზრდიდა. სამხედრო ფლოტისა და ავიაციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 2020 წელს, პეკინი კიდევ უფრო აგრესიული იქნება. იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დაძაბვით გამხნევებული, იგი რეგიონული პოლიტიკური წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება. რეგიონში რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო პატრულირება გახშირდება. პეკინში ვარაუდობენ, რომ ამერიკას ორ მთავარ გლობალურ მეტოქესთან ერთდროულად დაპირისპირების თვალსაზრისით, სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.
სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში შესაძლოა ჩინეთი კიდევ უფრო შორს წავიდეს. მაგალითად, არ უნდა გამოვრიცხოთ ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა: სპრატლის კუნძულებზე დამატებითი ფორპოსტების მოწყობა; უპილოტო დრონებით სკარბოროს წყალმარჩხის „ოკუპაცია“; პარაცელის და სპრატლის არსებული სამხედრო ფორპოსტების გაძლიერება; თავისუფალი ნავიგაციის შეზღუდვების გამკაცრება სხვა ქვეყნებისათვის. თუმცა, ჩინელი ლიდერების რეგიონში არსებული სტატუს კვოს რადიკალურ ცვლილებას მოერიდებიან. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ-ჩინეთის ზღვის არეალში დე ფაქტო კონტროლს პეკინი დღესაც ეფექტიანად ახორციელებს. ამისათვის, სამართლებრივი, ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო ზომები თანმიმდევრულად და წარმატებით გამოიყენება.
ასეც რომ იყოს, ჩინეთი გადამჭრელ მოქმედებას არ დააყოვნებს, თუ მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეტოქეები პოზიციების განმტკიცებას შეეცდებიან. მაგალითად, 2020 წელს ვიეტნამი ASEAN-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და ამ შესაძლებლობის სათავისოდ გამოყენებას მოინდომებს. შესაძლოა ვიეტნამმა სამხრეთ-ჩინეთის ზღვის ქცევის კოდექსის ჩაშლა სცადოს, რომელიც დიდი ხანია ხანგრძლივი დებატების საგანია. კოდექსის მეშვეობით, ჩინეთს გარკვეული პრეფერენციული ზომების დაკანონება სურს, როგორიცაა აკრძალვა უცხოური შეიარაღებული ძალებისთვის. ალტერნატიულად, ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე პეკინის მიმართ შესაძლოა უფრო მტრულად განეწყოს, თუ მაგალითად, სადავო წყლებში ჩინეთის ფლოტის ქმედებები ფილიპინელთა შემთხვევით დაღუპვას გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩინეთი დარწმუნდება, რომ რეგიონულ კონკურენტებთან მჭიდრო პარტნიორობის საჭიროება აღარ არსებობს, გადამწყვეტი პოლიტიკის განხორციელებას არ მოერიდება.
მანილასა და ჰანოის პოლიტიკის ნებისმიერი შესაძლო ცვლილებისგან, ვაშინგტონი მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეეცდება. ამ კონტექსტში, ვაშინგტონის მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტია რეგიონის ტერიტორიულ დავებში მიუმხრობლობის პოლიტიკაზე უარის თქმა, ან სამხრეთ-ჩინეთის ზღვის საკითხის უმაღლესი დონის შეხვედრების დღის წესრიგში შეტანა (როგორიცაა G7). თუმცა, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია უპირატესობას ეკონომიკურ ღონისძიებებს მიანიჭებს, როგორიცაა არალეგალურ აქტივობებში, შევიწროებასა და იძულებაში შემჩნეულ ჩინურ კომპანიებზე და ფიზიკურ პირებზე სანქციების დაწესება.
ამერიკის ჩინურ პოლიტიკას, მნიშვნელოვანწილად, თავდაცვის დეპარტამენტი განსაზღვრავს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თავდაცვის უწყება რეგიონის ქვეყნებისაგან მეტი სამხედრო თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებას შეეცდება. რეგიონთან მიმართებაში, ამერიკის მანტრას − „ნუ გვაიძულებთ არჩევანი გავაკეთოთ“, 2020 წელს ყავლი გაუვა.
თუმცა, ჩინეთთან მიმართებაში ამერიკის სამხედრო უპირატესობა მცირდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის თავდაცვითი პოტენციალის ამაღლებამდე, ჩინეთი ე.წ. კუნძულების პირველ ჯაჭვზე დომინანტის როლს შეინარჩუნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) პარტნიორებს მეტის გაკეთებას მოსთხოვს. 2020 წელს უნდა ველოდოთ გახშირებულ მოლაპარაკებებს რეგიონის ქვეყნებთან, მათ ნაპირებთან ამერიკული სამხედრო ყოფნის გაზრდის თაობაზე. ასევე, ჩინეთის გავლენის სფეროების გაფართოების შეჩერების მიზნით, აშშ რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.
მოსალოდნელი კრიზისი
უპირატესობის მოსაპოვებლად, ჩინეთიც და ამერიკაც მზად არიან, უფრო მეტად გარისკონ. სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში უსაფრთხოების თაობაზე კონკურენციის კრიზისში გადაზრდა მხოლოდ დროის საკითხია. მომავალი წელი შესაძლოა სირთულეებით აღსავსე იყოს არა მხოლოდ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც „ჯვარედინი ცეცხლის“ ქვეშ მოექცევიან.
ორიანა სკაილარ მასტრო, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მეცნიერ-რეზიდენტი, AEI ვაშინგტონი, DC