ფინანსური ცენტრი, რომელიც არ არსებობდა

ჩინეთის ოფიციალურ პირებს უყვართ მიზნების დასახვა და არ უყვართ, როცა ეს მიზნები ვერ სრულდება. ასე რომ, 2020 წლის ბოლოსათვის, შანხაის მსოფლიო ფინანსურ ცენტრად გადაქცევას პეკინი საზეიმოდ გამოაცხადებს. ჩინეთის მთავრობამ ეს მიზანი ათწლეულის წინ წარმოადგინა. უფრო გონივრული შეფასებით, შანხაი ჰონკონგს, ლონდონსა და ნიუ იორკს რამდენადმე ჩამორჩება.

ჩინეთი იმედოვნებდა, რომ ფინანსური გავლენა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად გაიზრდებოდა. სინამდვილეში, ამ თვალსაზრისით, სხვაობა მნიშვნელოვანია. გლობალური მშპ-ის 16% ჩინეთზე მოდის. მსოფლიო ფინანსური ბაზრის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. საერთაშორისო ტრანზაქციებში იუანის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, რაც კანადური დოლარის იგივე მაჩვენებელს შეესაბამება. 

ამის მიზეზი ნათელია − ფინანსების კონტროლს ჩინეთი მისი ეკონომიკური სიჯანსაღის აუცილებელ პირობად მიიჩნევს. თუმცა ეს ასპექტი ქვეყნის ფინანსურ ამბიციებს ზღუდავს. უცხოელი ინვესტორების დაცვის შესახებ ჩინეთის დაპირებების მიუხედავად, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა კიდევ ერთი წინაღობაა. კომუნისტურ პარტიას ცოტა ვინმე თუ ენდობა. მაგალითად, ჩინეთში ვიზიტამდე, ბევრი უცხოელი მენეჯერი თავის მობილურ ტელეფონს შინ ტოვებს და ვიზიტისას სპეციალურად შეძენილ, „ერთჯერად“ ტელეფონს იყენებს. 

და მაინც, ბოლო პერიოდში, ჩინეთმა თავისი კარები ოდნავ უფრო ფართოდ შეაღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფონდების მმართველებისთვის კვოტების სისტემა გაუქმდა და უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი ბროკერების აქციების საკონტროლო პაკეტების ფლობის უფლება მიეცათ. 

აქციებისა და ობლიგაციების გლობალურ ინდექსებში ჩინეთის მნიშვნელობა იზრდება. 2020 წლის თებერვალში, J.P.Morgan განვითარებადი ქვეყნების სავალუტო ობლიგაციების ინდექსს ჩინურ ობლიგაციებსაც დაუმატებს. 2020 პირველი სრული წელი გახდება, როდესაც კონტინენტური ჩინეთის კომპანიათა აქციები განვითარებადი ბაზრების აქციების ინდექსის (MSCI) 3%-ს შეადგენს. ამ ინდექსებით დაინტერესებულ ინვესტორებს დიდი არჩევანი არ გააჩნიათ. მათ ჩინურ აქტივებში დაბანდება უნდა გაზარდონ. დივერსიფიცირების მიზნების გათვალისწინებით, ბევრი ამას სიამოვნებით გააკეთებს. 

მკაცრი პოლიტიკის ზოგი მომხრე ამერიკაში ასეთი კავშირების გაწყვეტას ისურვებდა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი გზა საპენსიო ფონდებისათვის ჩინეთში ინვესტირების აკრძალვა იყოს. თუმცა „ქორების“ ინიციატივები 2020 წელს პოპულარული არ იქნება. კონსერვატიული შეფასებით, მომავალ წელს, ჩინურ ფასიან ქაღალდებში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 50 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ნამდვილ გლობალურ ფინანსურ ცენტრად აღიარებას შანხაი არ იმსახურებს, თუმცა 2020 წელს იგი ჩინეთისა და დანარჩენი მსოფლიოს დამაკავშირებელი ხიდი იქნება. სწორედ ახლა, მსგავსი კავშირები მსოფლიოში დეფიციტურია.

საიმონ რაბინოვიჩი, აზიის ეკონომიკის რედაქტორი, The Economist შანხაი