არა უბრალოდ ბურთის გაგორება
ყოველ კვირას, ნახევარი საათით, ტიანძინის საპორტო ქალაქის საბავშვო ბაღი „მინ ძე“ საფეხბურთო აკადემიად გადაიქცევა. მოსწავლეები სათამაშო მოედანზე აუცილებელი ვარჯიშებისთვის იკრიბებიან. ბავშვთა შეკრებას არგენტინელი და ესპანელი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ (არც მეტი არც ნაკლები, ესპანურ ენაზე). საღამოსათვის, ყველაზე ნიჭიერებისთვის ერთსაათიანი დამატებითი ვარჯიში იმართება.
„მინ ძე“ ჩინეთში საბავშვო ბაღების იმ პირველ ნაკადშია, რომლებსაც „საფეხბურთო მახასიათებლები“ აქვს. საპილოტე პროგრამა განათლების სამინისტრომ 2019 წელს წამოიწყო. 2020 წლის ბოლოსათვის, ამ სქემაში დაახლოებით 10 ათასი საბავშვო ბაღის ჩართვას ელიან. მონაწილეობის სურვილის მქონე სასწავლო დაწესებულებებმა სამწლიანი გეგმა უნდა წარმოადგინონ. გეგმით განმარტებული უნდა იყოს სპორტული ენთუზიაზმის წახალისების და უნარების ამაღლების გზები. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო გრანტები ხელმისაწვდომია.
ჩინეთის პრეზიდენტს და ფეხბურთის თავგადაკლულ გულშემატკივარ სი ძინპინს 2050 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა და მასში ჩინეთის გამარჯვება სურს. ამ ტურნირში მონაწილეობა ჩინეთმა მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მიიღო და ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლო. მამაკაცთა ეროვნული ნაკრების სუსტმა გამოსვლამ (ქალთა ნაკრები კარგ შედეგებს აჩვენებს) 1,4-მილიარდიან, პატრიოტულად განწყობილ ქვეყანაში ღირსების გრძნობა შელახა.
ამგვარად, ახალგაზრდა ტალანტების მოძიება პრიორიტეტული გახდა. 2019 წლის ივლისში მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2020 წლის ბოლოსათვის, 29 000 საფეხბურთო მოედნის (მათ შორის, სკოლებში) მოწყობას აპირებს. დაახლოებით იგივე რაოდენობის სასკოლო მოედნები 2015-2018 წლებში მოეწყო.
თუმცა, ჩინელი ლიონელ მესის აღმოჩენას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს. ამავე დროს, გეგმის ავტორებმა ჩამორჩენის აღმოფხვრის გზა დასახეს: უცხოელი ფეხბურთელებისათვის ჩინეთის მოქალაქეობის მინიჭება. 2019 წელს ბრაზილიელი მოთამაშე, ელკესონი პირველი უცხოელი (არაჩინური წარმომავლობის) გახდა, რომელიც ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. ახლა მას ჩინური სახელი აქვს − აი კესენი. ბრაზილიელი შესაძლოა ამჟამად გუნდის საუკეთესო ფეხბურთელიც კია. 2020 წელს, ნატურალიზაციის ცერემონიებს კიდევ უნდა ველოდოთ.
ჯეიმს იანი, ჩინეთის კორესპონდენტი, The Economist, ტიანძინი