გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი
2016 წელს, ტრამპის მხარდაჭერის ყველაზე ცხადი არგუმენტი შეგვიძლია გატაცებულ თვითმფრინავში მგზავრთა თვითმკვლელ მისიას შევადაროთ. ამ „რეისი #93 ტიპის არჩევანის“ კონსერვატორი დამცველი აღიარებს, რომ შესაძლოა შედეგი კატასტროფული იყოს. თუმცა, იგივე კონსერვატორის აზრით, ჰილარი კლინტონის გამარჯვება უცილობელი კატასტროფის მომასწავებელი იქნებოდა. ტრამპის ამომრჩეველი ისტერიული იყო, თუმცა 2020 წლის მორიგი არჩევნების მიჯნაზე, ბევრი ფიქრობს, რომ ფსონები ამჯერად კიდევ უფრო მაღალი იქნება.
ოთხი წლის წინ, რესპუბლიკელთა უმრავლესობა ტრამპს ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ ახლა მის გარშემო კონსოლიდირება მოახდინეს. ლინკოლნის პარტია ახლა პიროვნების კულტს დაემსგავსა. არჩევნებზე პარტიის კანდიდატთა შერჩევა ტრამპის მიმართ ლოიალობის მიხედვით ხდება. ამის გამო, დემოკრატების მიერ წამოწყებული ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა (საფუძველი: ხელახლა არჩევის უზრუნველყოფის მიზნით, საგარეო პოლიტიკის გამოყენების მცდელობა) სენატში ჩავარდება. ჯერჯერობით, რესპუბლიკელ სენატორთა უმრავლესობა აღიარებს და გმობს, რომ ბატონი ტრამპი, მისი შესაძლო მეტოქის, ჯო ბაიდენის საქმის გამოძიების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტზე ზემოქმედებას ახდენდა. ამერიკის პრეზიდენტი არ მალავს, რომ რაშიც ადანაშაულებენ, ის ნამდვილად გააკეთა. ამავე დროს, პრეზიდენტი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის ასეთმა პოზიციამ ვითარება შეცვალოს. ამ იმპიჩმენტის დრამაში არაფერია ტრამპის Twitter-ზე უფრო სკანდალური, რომელიც მის მხარდამჭერებს ძალიან უყვართ.
იმპიჩმენტის პროცედურის შედეგად, ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორებას სენატის განხილვებში 20 რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა სჭირდება. ორი ვადა მეტისმეტია. დემოკრატთა წარუმატებელი მცდელობების მთავარი ეფექტი პარტიული სიბრაზეა − ეს სწორედ ისაა, რაც ტრამპს ძალას აძლევს. 2020 წლის არჩევნებზე, დემოკრატების მხრიდან ჯო ბაიდენი ან სხვა ზომიერი შეხედულებების მქონე კანდიდატი რომ წარდგეს, მემარჯვენე ფლანგიდან მაინც სოციალისტობაში და ამერიკის სიძულვილში დაადანაშაულებენ.
დემოკრატები და დისიდენტი კონსერვატორები ამგვარ თანამშრომლობას განიხილავენ, როგორც საპასუხო რეაქციას სხვადასხვა საფრთხეზე. ყველა ეს საფრთხე ქმნის ვითარებას, როდესაც პირველი ვადისას ტრამპის მიერ მიყენებული ზიანი, ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ასტრონომიულად გაიზრდება. ტრამპის ოპონენტები შიშობენ, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადისას, იგი არსებულ წესებს კიდევ უფრო ნაკლებად დაიცავს. უცხოელი მოკავშირეები დარწმუნდებიან, რომ ამერიკის სახით, საიმედო და გახსნილი პარტნიორი აღარ არსებობს. სისტემის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების სანაცვლოდ, ბატონი ტრამპი ხელახალი პრეზიდენტობით თუ დაჯილდოვდება, ამერიკელთა შერყეული ნდობა დემოკრატიის მიმართ საბოლოოდ დასამარდება. ასე ფიქრობენ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ოპონენტები. მათივე მტკიცებით, ამ შედეგის თავიდან აცილება ამერიკის გადარჩენის ტოლფასია.
ასე რომ, წინ მახინჯი არჩევნებია. სიურპრიზი არ უნდა იყოს, თუ ვიეტნამის ომის შემდეგ ყველაზე უარესი პოლიტიკური ძალადობის მომსწრენი გავხდებით. თუმცა, აპოკალიფსური რიტორიკა შედარებით მცირე რაოდენობის ამომრჩევლებს შეაცვლევინებს აზრს. ამომრჩეველთა ურთიერთდაპირისპირებული ბაზები მკვეთრად შემოსაზღვრულია. ბატონი ტრამპი თავისი მრავალრიცხოვანი ელექტორატის (უმეტესწილად − თეთრკანიანი უმრავლესობა) უფრო გაზრდას ვერ შეძლებს − ისევე, როგორც მისი ოპონენტები დიდი რაოდენობით დამატებითი ამომრჩევლების გადაბირებას ვერ მოახერხებენ. არჩევნების ბედს რამდენიმე მერყევი შტატი გადაწყვეტს. ბატონმა ტრამპმა რომც გაიმარჯვოს, ეს ხმების საერთო რაოდენობის უმცირესობით იქნება მიღწეული. მისი ხელახალი არჩევა 2016 წლის ისტორიის გამეორება იქნება, როდესაც ელექტორთა კოლეგიაში უმრავლესობის მოპოვება მოახერხა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა გამარჯვება შემდეგ შტატებში: ფლორიდა და ოჰაიო (სადაც 2020 წელსაც გაიმარჯვებს); მანამდე იყო დემოკრატების კონტროლქვეშ არსებული „ჟანგიანი სარტყლის“ შტატები (ამჯერად აქ გაუჭირდება). მოსალოდნელია, რომ მიჩიგანს და პენსილვანიას დემოკრატები დაიბრუნებენ. ასეთ პირობებში, ვისკონსინი უშეღავათო დაპირისპირების არენად გადაიქცევა. აქ თეთრკანიან, კონსერვატორ ამომრჩეველთა რაოდენობა შედარებით მეტია. საპრეზიდენტო პრაიმერზე, დემოკრატებს არჩევანის გაკეთება ზომიერ და მემარცხენე კანდიდატებს შორის მოუწევთ. უპირველეს ყოვლისა, პარტიის შიგნით საკუთარ თავს შეკითხვა უნდა დაუსვან: რომელი კანდიდატი შეძლებს „მაჩვის შტატში“ წარმატების მიღწევას. დემოკრატების საუბედუროდ, შესაძლოა, პრაიმერის გამარჯვებული მემარცხენე-ლიბერალი − ელიზაბეთ უორენი გახდეს.
სენატზე კონტროლის მოსაპოვებლად საარჩევნო ბრძოლა ასევე დაძაბული იქნება. რესპუბლიკელებს 22 ადგილის დაცვა მოუწევთ, ხოლო დემოკრატებს − 12-ის. დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტია სენატში დამატებით ადგილებს მოიპოვებს, თუმცა უმრავლესობის ფორმირებისათვის ეს საკმარისი არ იქნება. სავარაუდოდ, რესპუბლიკელები წააგებენ კოლორადოში და მენში, მოიგებენ ალაბამაში. ასევე, მცირე უპირატესობით მოიგებენ არიზონასა და ჩრდილოეთ კაროლინაში. კონგრესზე კონტროლს დემოკრატიული პარტია შეინარჩუნებს. საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვებულის ვინაობის მიუხედავად, ასეთი ვითარება მთავრობის კიდევ უფრო გახლეჩვასა და ჩიხურ მდგომარეობას ნიშნავს.
გაითვალისწინეთ ეს პერსპექტივა და ცხარე დებატების მომავალი თვეები. 2016 წელს, ბატონმა ტრამპმა გრანდიოზული ცვლილებების პირობა დადო − ეროვნული ვალის შემცირება, კედლის მშენებლობა მექსიკის საზღვარზე, და ა.შ. 2020 წელს, მისი დემოკრატიული მეტოქის დაპირებები თითქმის ასევე ხმამაღალი იქნება. ზომიერი შეხედულებების მქონე ბატონი ბაიდენიც კი, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაპირებას იძლევა, რომლის შესრულებას 1,7 ტრილიონი აშშ დოლარი დასჭირდება. მკვეთრად პოლარიზებულ ამერიკაში, რომელიღაც მსგავსი დაპირება რეალობასთან ახლოსაც კი არ არის.
ჯეიმს ასტილი, ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი