სუფრაჟის საუკუნე
„იმდენად, რამდენადაც ქალი და მამაკაცი დროისა და მარადისობის სიამესა და ვარამს თანაბრად იზიარებენ, განა კადნიერების მწვერვალი არ არის, საარჩევნო ყუთთან ქალს მამაკაცი წარმოადგენდეს?“ − ეს კითხვა 77 წლის ელიზაბეთ კედი სტენტონმა 1892 წელს დასვა. მაშინ, მან „ამერიკის ეროვნული აქტიური ასოციაციის“ ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. სტენტონმა ამ საქმეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. ამ სიტყვების წარმოთქმიდან 10 წლის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. მისი მიზანი კვლავაც მიუღწეველია.
მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში, ქალებს ხმის მიცემის უფლება რამდენიმე შტატში ჰქონდათ. მონტანა პირველი შტატი გახდა, სადაც ქალი (ჯანეტ რანკინი) წარმომადგენლობით პალატაში აირჩიეს. ეს 1916 წელს მოხდა. იმავე წელს ვუდრო უილსონმა (შემდგომში პრეზიდენტობის კანდიდატი) განაცხადა, რომ დემოკრატები ქალთა ხმის მიცემის უფლებას მხარს უჭერდნენ. თუმცა, ამ უფლების რეალიზებას საკონსტიტუციო შესწორება დასჭირდა, რომლის რატიფიცირება 1920 წელს განხორციელდა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ქალთა საერთო აქტიური საარჩევნო უფლება დაკანონდა. ამის მიუხედავად, სამხრეთის შტატებში შავკანიანი ქალები არჩევნებზე დიდი ხნის განმავლობაში არ დაიშვებოდნენ. ვითარება 1965 წელს შეიცვალა, როდესაც „ხმის მიცემის უფლებების აქტი“ დაკანონდა.
მას შემდეგ ქალები ამერიკის ყველაზე აქტიურ ამომრჩევლებად იქცნენ. 1964 წლის შემდეგ, ყოველ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქალი ამომრჩევლების რაოდენობა მამაკაცებისას აღემატებოდა. 1980 წლის შემდეგ ყველა საბოლოო არჩევნებში, ხოლო 1986 წლის შემდეგ ყველა შუალედურ არჩევნებზეც, ხმის უფლების მქონე ქალებში ამ უფლებით მოსარგებლეთა წილი მამაკაცების იგივე მაჩვენებელს აღემატებოდა. დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, პარტიული მიკუთვნების არსებული გენდერული დისპროპორცია კიდევ უფრო გაიზარდა.
ბატონი ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე გასაჯაროვდა ჩანაწერი, სადაც იგი ქალების სასქესო ორგანოებზე ხელის წავლებით იკვეხნიდა. იგი სექსისტური ენის გამოყენებისკენ მიდრეკილებით ხასიათდება. ტრამპის ფაქტორის ზემოქმედებით, პარტიული გენდერული დისპროპორცია გაიზარდა. 2017 წელს, ქალების 56% (ესპანურენოვანების 66%, შავკანიანების − 87%) დემოკრატიული პარტიისკენ იხრებოდა. იგივე მაჩვენებელმა რესპუბლიკური პარტიისათვის მხოლოდ 37% შეადგინა. მამაკაცთა შორის განაწილება საპირისპირო ხასიათისაა: 48% რესპუბლიკელებისკენ და 44% დემოკრატებისკენ.
2016 წელს, ჰილარი კლინტონი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ამერიკის ძირითადი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა (ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ სარა პეილინი 1984 წელს და ჯერალდინ ფერარო 1984 წელს. ვერცერთმა მათგანმა ვერ გაიმარჯვა). 2020 წელს პირველად ისტორიაში, დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინაციისთვის რამდენიმე ქალი იბრძვის, კერძოდ: ელიზაბეთ უორენი, კამალა ჰარისი და ემი კლობუჩარი.
საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ნომინირებული კანდიდატი მამაკაცი რომ აღმოჩნდეს, ქალი ამომრჩევლების როლი მაინც გადამწყვეტი იქნება. 2016 წელს, თეთრკანიანი ქალების 53%-მა და უმაღლესი განათლების არმქონე თეთრკანიანი ქალების 62%-მა მხარი ბატონ ტრამპს დაუჭირა. 2019 წელს, ორივე ამ ჯგუფის მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ შემცირდა. გასული ზაფხულის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, თეთრკანიანი ქალების უმრავლესობა ტრამპის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უმაღლესი განათლების არმქონე თეთრკანიანი ქალების 47%-მა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპს „ხმას ნამდვილად არ მისცემს“. ამ ციფრების შეცვლას თუ ვერ მოახერხებს, ბატონი ტრამპი რისკავს ისტორიაში „ერთვადიან“ პრეზიდენტად დარჩეს.
ჯონ ფასმანი, ვაშინგტონის კორესპონდენტი, The Economist ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი