2020 წლის არჩევნების შედეგების გამოსაცნობად

ამერიკის პრეზიდენტთა უმრავლესობამ ხელახალ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა. ძლიერი ეკონომიკის შემთხვევაში, ისინი ამას თითქმის ყოველთვის ახერხებენ. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დინამიკურად მზარდი ეკონომიკის მიუხედავად, მოქმედმა პრეზიდენტმა მეორე ვადისათვის ბრძოლა დათმო, 1892 წელს დაფიქსირდა. ამგვარად, ისტორია გვეუბნება, რომ ეკონომიკის შენელების თავიდან აცილების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების უდავო ფავორიტი უნდა იყოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სხვა მოლოდინი უარყო, მოქმედი პრეზიდენტი იმედგაცრუების რისკის წინაშე დგას. ეს იმედგაცრუება მან ერთხელ Twitter-ზე აღნიშნა, როგორც „განპრეზიდენტება“. 

დემოკრატებს საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ 2020 წლის არჩევნებს წინა კამპანიებთან საერთო ცოტა რამ ექნება. უპირველეს ყოვლისა, 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ტრამპმა კონკურენტთან შედარებით, 2%-ით ნაკლები საერთო ხმები მოიპოვა. ეს სხვაობა უფრო დიდია, ვიდრე ჯონ კენედის 1960 წელს, რიჩარდ ნიქსონის 1968 წელს და ჯიმი კარტერის 1976 წელს. ელექტორთა კოლეგიაში გამარჯვებისათვის, ხმების გეოგრაფიული განაწილება 2016 წელს განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა. მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში უაღრესად მცირე სხვაობით გამარჯვებამ გადაწონა მარცხი ისეთ მსხვილ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია და ნიუ იორკი. ასეთი შედეგის გამეორება ბატონ ტრამპს გაუჭირდება. 

მეტიც − 2016 წლის შემდეგ, ბატონი ტრამპის პოპულარობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. პრეზიდენტობის პირველ წელს მისი მოწონების რეიტინგი 45%-დან 35%-მდე დაეცა. ახლა ეს მაჩვენებელი 42%-ის ფარგლებშია. როდესაც ბარაკ ობამამ და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ხელახალი არჩევა მცირე უპირატესობით მოახერხეს, მათი რეიტინგი 50%-მდე იყო. ბილ კლინტონისა და რონალდ რეიგანის შემთხვევაში (ორივე მათგანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა), იგივე მაჩვენებელი 55%-დან 58%-მდე იყო (იხილეთ დიაგრამა). 

ამომრჩეველთა გულების მოსაგებად, ბატონ ტრამპს ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს. ხელახალ არჩევნებამდე, იგივე პერიოდში, ტრამპისა და ობამას რეიტინგები პრაქტიკულად იდენტურია − 43%-მდე, თუმცა წინამორბედებთან შედარებით, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგის ცვლილებების დიაპაზონი ძალიან ვიწროა. პოლიტიკური სიახლეების გიჟური ტემპის მიუხედავად, ტრამპის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი ყოველთვის 37-43%-ის ფარგლებში მერყეობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ორპარტიულ პოლარიზებულ გარემოში საზოგადოების ტრამპის მიმართ დამოკიდებულება სტაბილური გახდა და მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება. მეტიც − 11-წლიანი უწყვეტი ეკონომიკური ზრდის (რეკორდი ამერიკის ისტორიაში) და ტრამპის ადმინსტრაციის მიერ გადასახადების შემცირების შემდეგ, 2020 წელს ეკონომიკის შენელება სავსებით მოსალოდნელია. მკვეთრი შენელება, ან სულაც რეცესია, ტრამპის შანსს ალბათ ხაზს გადაუსვამს. 

ჩამოხვალთ ფსონს?

2020 წელი მხოლოდ ტრამპის საქმიანობის შეფასების რეფერენდუმი თუ იქნება, ის თითქმის 100%-ით წააგებს, თუმცა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პოლიტიკური ფსონების შეფასების გათვალისწინებით, ტრამპის გამარჯვების შანსი 46%-ია. ამ ოპტიმიზმს, მისი გამარჯვების კონტექსტში, ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია გაურკვევლობა შესაძლო ოპონენტის სიძლიერესთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენი, რომელმაც დემოკრატ კანდიდატებს შორის ლიდერობა გაცილებით ადრე მოიპოვა, 76 წლისაა და პოლიტიკური კარიერის დასკვნით ფაზაშია. ელიზაბეტ უორენი (რომლის პოპულარობა დემოკრატებში ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა) და ბერნი სანდერსი უფრო მემარცხენე შეხედულებების მქონენი არიან, ვიდრე საშუალოამერიკელი ამომრჩეველი. სანდერსისა და უორენის მემარცხენეობამ შესაძლოა ურბანული ზონების მდიდარი, განათლებული ამომრჩევლების გაუცხოება გამოიწვიოს. 2018 წელს, სწორედ ასეთმა გაუცხოებამ რესპუბლიკელებს კონგრესზე კონტროლი დააკარგვინა. ბატონი ტრამპი შეეცდება ოპონენტების დემონიზება მოახდინოს და 2020 წელს საზოგადოება ნაკლები ბოროტების არჩევანის აუცილებლობის წინაშე დააყენოს. მისი შეტევების მოგერიებას დემოკრატთა მოხერხებულობა დასჭირდება. 

ტრამპის პერსპექტივების კონტექსტში, ბუკმეკერების ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი შემდეგია: შემდგომი არჩევნებისას, ბატონმა ტრამპმა შესაძლოა ამომრჩეველთა კოლეგიაში უპირატესობა კვლავ მოიპოვოს. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ მოქმედი პრეზიდენტი დაძაბულ ბრძოლაში კვლავ მცირე უპირატესობით გაიმარჯვებს. ზემო შუა-დასავლეთის შტატებში (რომელმაც ტრამპს 2016 წელს გამარჯვება მოუტანა) თეთრკანიანი, მომუშავე ამომრჩევლების მაღალი კონცენტრაციაა. ამომრჩეველთა ეს ჯგუფი პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებით ლოიალურია. ნაწილობრივ ამის გამოა, რომ ბევრ გადამწყვეტ შტატში ტრამპის მოწონების რეიტინგი მხოლოდ რამდენიმე პუნქტითაა ნაკლები 50%-ზე. მეტიც − დემოკრატების სასარგებლოდ 2018 წლის ნაციონალური „ლურჯი ტალღის“ აგორების მიუხედავად, დემოკრატიული პარტიის გუბერნატორობის კანდიდატი ფლორიდაში დამარცხდა, ხოლო ვისკონსინში გაჭირვებით გაიმარჯვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი შტატი კვლავ უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ქვეყანა საშუალოდ. 

ამერიკის პოლიტიკური გეოგრაფია არჩევნებიდან არჩევნებამდე განსხვავებულია. არჩევნების საერთო შედეგების უგულველყოფით, რამდენიმე გადამწყვეტ შტატში წარმატების მოპოვებაზე დაფუძნებული სტრატეგიები საშიშად მყიფეა. ბუკმეკერების აზრით, ბატონი ტრამპის მიერ ოპონენტზე მეტი ხმების მოგროვების შანსი მხოლოდ 24%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო შედეგებსა და ამომრჩეველთა კოლეგიას შორის სხვაობა, დიდი ალბათობით, ორი საარჩევნო ციკლის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ თვალსაზრისით, 2020 წლის რბოლა გამოცდა იქნება არა მხოლოდ ნორმების წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტისთვის, არამედ ამერიკული დემოკრატიის ლეგიტიმურობის აღსაქმელადაც.

დენ როზენჰეკი, მონაცემების რედაქტორი, The Economist