ნაბიჯი კიბის ქვედა საფეხურისკენ

ამერიკის ეკონომიკა 2020 წელს სირთულეებს წააწყდება. თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს პრობლემები, დამოკიდებულია ორ მხარეზე, რომელთა შორის თანხმობა არ არსებობს. ეს მხარეებია: ქვეყნის ენერგიული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, და ფრთხილი ბიზნესელიტა. ბატონი ტრამპი სავაჭრო პარტნიორებს არასოდეს ენდობოდა. დროებითი ზავების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომი ჩინეთთან არ დასრულებულა. 2019 წელს, ეს ფაქტორი ამერიკის ეკონომიკურ ზრდას აფერხებდა. 2020 წელს, ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებზე სავაჭრო ომი ნეგატიურად აისახება. ეს კომპანიები რთული ამოცანების წინაშე აღმოჩნდებიან, როგორიცაა შემცირებული მოგების ნორმები, გაზრდილი დანახარჯები მუშახელზე, ვარდნა საფონდო ბაზრებზე ეკონომიკური ექსპანსიის დასასრულის მოახლოებისას (რომელიც 2009 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება). 2020 წელს, რეცესია გარდაუვალი არ არის, მაგრამ ეკონომიკის შენელება მოსალოდნელია. 

მომდევნო 12 თვისათვის, ბატონი ტრამპის სატარიფო ომი ჩინეთთან ამერიკის ეკონომიკისათვის ყველაზე დიდი რისკის შემცველია. თვით ვაჭრობის წილი ამერიკის მთლიან წარმოებასთან მიმართებაში იმდენად დიდი არ არის, რომ მისი შემცირება ეკონომიკის რეცესიის სერიოზული საფრთხის გამომწვევი იყოს. თუმცა, ბიზნესწრეების აღქმა მთელ ეკონომიკაზე აისახება. ამ აღქმის გაუარესებამ შესაძლოა კაპიტალდაბანდებების და, საბოლოო ჯამში, დასაქმების შემცირება გამოიწვიოს. სამუშაოდან დათხოვნები და ახალი სამუშაო ადგილების ნაკლებობა სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას განაპირობებს, რომელიც ქვეყნის მთლიანი წარმოების დაახლოებით 70%-ია. 

ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო კავშირების ხანგრძლივად მოშლის ეფექტი გრანდიოზულიც იქნება და უაზროც. მსოფლიოს ეს ორი უმსხვილესი ეკონომიკა დაახლოებით 90 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის გლობალური ეკონომიკის 40%-ს შეადგენს. ათწლეულების განმავლობაში ზრდის შემდეგ, ამერიკა ჩინეთის ორმხრივი სავაჭრო ნაკადის სატარიფო ომის მსხვერპლი გახდა. 2019 წლის პირველი რვა თვის ვაჭრობის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა (იხილეთ დიაგრამა შემდეგ გვერდზე). მიწოდების ჯაჭვები მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულია, ასევე, ხშირად, სპეციფიკურია კომპანიების დონეზე. ამ კავშირების ოდნავი შესუსტებაც კი ბიზნესაქტივობას ანელებს, რადგან კომპანიებს ახალი პარტნიორების მოძიება უწევთ და დანახარჯები იზრდება.


ამერიკელი მწარმოებლები 2019 წელს შეკვეთების თანმიმდევრული შემცირების შესახებ იტყობინებოდნენ, რაც რეცესიის პირველი ნიშანია. ბიზნესის აქტივობის შემცირება მხოლოდ სავაჭრო ომით არ აიხსნება. თუმცა, ტარიფებისა და მომწოდებლებთან კავშირების თაობაზე შეშფოთების გარეშე, ამერიკული კომპანიები მომავლის პერსპექტივებს იშვიათად განიხილავენ. შესაძლოა სავაჭრო უთანხმოება შერბილდეს, თუ ბატონი ტრამპი ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწევს (თუნდაც 2020 წლის არჩევნებზე მისი შანსის გაზრდის მიზნით). თუმცა, მოულოდნელი სულაც არ იქნება, თუ ამერიკის პრეზიდენტი ურთიერთობებს ისევ დაძაბავს და მდგომარეობას კიდევ უფრო ბნელ ჩიხში შეიყვანს. ნეგატიურ შედეგებს თავის თავზე დანარჩენი მსოფლიოც გამოცდის, რომელიც, ბაზრების, ინვესტიციებისა და ინოვაციების თვალსაზრისით, ამერიკაზე და ჩინეთზეა დამოკიდებული. 

სავაჭრო ომი სხვა ტიპის შეშფოთებასაც გამოიწვევს − ამერიკის კორპორაციული ვალი მშპ-ის დაახლოებით 50%-ს შეადგენს და უფრო მაღალი არასოდეს ყოფილა. დავალიანება კომპანიების რისკ-ფაქტორების მიმართ მოწყვლადობას ზრდის. მაგალითად, ასეთ პირობებში, გაყიდვების შემცირებამ და ხარჯების ზრდამ შესაძლოა კომპანიების გაკოტრება გამოიწვიოს. უკანასკნელ წლებში, ვალის მართვა არა მხოლოდ ძალზე დაბალი საპროცენტო განაკვეთების მეშვეობით, არამედ კორპორაციული მოგებისა და აქციების ღირებულების მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებით ხდებოდა. 2020 წელს, ორივე ეს მაჩვენებელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ვითარება მყიფეა ფინანსურ ბაზრებზეც. 2019 წლის მეორე ნახევრისთვის, გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა მოკლევადიანი ვექსილების განაკვეთზე ქვემოთ დაეცა. ეს ინვესტორთა ნდობის შემცირების ნიშანია − ისევე, როგორც რეცესიის უტყუარი მომასწავებელი. ამერიკის პარტნიორებიც რთულ მდგომარეობაში არიან. ბრიტანეთი ბრექსიტის პერიპეტიებში იყო. აზიური ეკონომიკები დასავლეთში მოთხოვნის შესუსტებისა და სავაჭრო ომის გავლენის ქვეშ მოექცა. 

რეცესიის თავიდან აცილება ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია (როგორც წესი, ის განისაზღვრება, როგორც ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის უწყვეტად შემცირება ). 2019 წელს, უმუშევრობის დონე 4%-ზე ქვემოთ ნარჩუნდებოდა, რაც ბოლო 50 წლის საუკეთესო მაჩვენებელია. მომხმარებელთა შემოსავლები ასევე მაღალ ნიშნულზე იყო. როგორც წესი, განსაკუთრებით დაბალი უმუშევრობის პირობებში, ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების ზრდისკენ ისწრაფვის. თუმცა, მოსალოდნელი ვარდნის პრევენციის მიზნით, 2019 წლის შუა რიცხვებიდან ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთის შემცირება სამჯერ მოახდინა. 2020 წელს, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ეკონომიკის მაქსიმუმ 1.6%-იანი ზრდის მიღწევას. ეს მაჩვენებელი შეესაბამება 2011 და 2016 წლებს, როდესაც ყველაზე სუსტი დაფიქსირდა 2009 წლის რეცესიის შემდეგ. 

საპროცენტო განაკვეთის შემდგომი შემცირების მიზნით, ბატონი ტრამპი ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელზე ზემოქმედებას გააგრძელებს. პრეზიდენტი კვლავ თავს დაესხმება კომპანიებს, რომლებიც მის სავაჭრო პოლიტიკას აკრიტიკებენ. თუმცა, მას შეუძლია კომპანიებს თუნდაც სულის მოთქმის საშუალება მისცეს. 2020 წელს, თუ ამერიკული ბიზნესწრეები ნდობას დაკარგავენ, ეკონომიკა მათთან ერთად თავქვე დაეშვება.

ლეო აბრუცეზი, უფროსი გლობალური მრჩეველი, საჯარო პოლიტიკა, The Economist ინტელექტუალური გუნდი