განსაკუთრებულობის დასასრული?
რა აქვთ საერთო აშშ-სა და პაპუა ახალ გვინეას? მსოფლიოში მხოლოდ ეს ორი ქვეყანაა, რომლებსაც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ნორმატიული პოლიტიკა არ გააჩნიათ. საშუალო მდიდარი ქვეყანა ახალშობილთა დედებს 18-კვირიან ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობს. ამერიკაში არცერთი კვირა გარანტირებული არ არის. კვლევითი ორგანიზაცია „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ მონაცემებით, ამერიკელები, რომლებსაც ახალშობილების მოვლის გამო სამსახურის დროებით დატოვების აუცილებლობა უდგათ, სახელფასო შემოსავლების სახით ყოველწლიურად 21 მილიარდ დოლარს კარგავენ. დასაქმებული ამერიკელი ქალებისათვის, მუსიკოსისა და მოცეკვავეს, აისედორა დუნკანის სიტყვები კვლავ აქტუალურია: „რა ფასის გადახდა გვიწევს დედობით ტკბობისთვის?“
თუმცა, ისევე, როგორც გეი-ქორწინებამ განვლო გზა უმნიშვნელო საკითხიდან ფართო საზოგადოებრივ აღიარებამდე, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების საკითხი 2020 წლის საყოველთაო განხილვის საგნად გადაიქცევა. უპირველეს ყოვლისა, საკითხი ატუალური იქნება საარჩევნო კამპანიის თანმხლებ დებატებზე. პირველად 2016 წელს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პოლიტიკას მხარი დაუჭირეს. 2020 წელს კანდიდატების განხილვის საგანი ამ პოლიტიკის სხვადასხვა ხედვა გახდება. დონალდ ტრამპის მიდგომა გულისხმობს ანაზღაურებად შვებულებას მხოლოდ ახალშობილის მშობლებისათვის. დემოკრატები მხარს დაუჭერენ წესების გავრცელებას არა მხოლოდ ჩვილი ბავშვების, არამედ მზრუნველობის საჭიროების მქონე ოჯახის სხვა წევრების შემთხვევაშიც (მაგალითად, ავადმყოფობის შემთხვევები).
შემდგომში, კონგრესი საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგება. წარმომადგენლობითი პალატა მოიწონებს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკელთათვის ანაზღაურებადი შვებულების გახანგრძლივებას (ეს პირველად მოხდება) ითვალისწინებს. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატი კანონპროექტს ჩააგდებს, თუმცა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს, თუ დემოკრატები 2020 წლის არჩევნებზე სენატში დამატებით ადგილებს მოიპოვებენ.
და კიდევ − სულ უფრო მეტი შტატი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების საკუთარ წესებს შემოიღებს, რაც ფედერალურ პოლიტიკას იმპულსს მისცემს. შესაბამისი კანონები რვა შტატში და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, უკვე მიღებულია. კანონპროექტები აქტიური განხილვების ფაზაშია და დიდი ალბათობით, მალე დამტკიცდება კოლორადოში, მინესოტასა და ვირჯინიაში.
გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების შემოღებას მხარს უჭერს. თუმცა შეკითხვები კვლავ რჩება: ვისზე უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი კანონი? როგორ უნდა დაფინანსდეს მისი აღსრულება? ზოგიერთი პოლიტიკოსი მერყეობს განსაზღვრულ მიდგომებთან დაკავშირებით, როგორიცაა მომავალი ანაზღაურების წინასწარი გამოყენების უფლება დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე მშობლებისათვის. „გადაწყვეტები, რომლებიც „საპირისპირო ნაპირებისკენ იხრებიან“, ამ უაღრესად საჭირო რეფორმისგან გვაშორებენ“, − ამბობს ვიკი შაბო, კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაცია „ახალი ამერიკის“ წარმომადგენელი. ბოლოსდაბოლოს, პოლიტიკოსებმა დასაქმებულ ამერიკელთათვის ის სიკეთე უნდა გახადონ ხელმისაწვდომი, რომელიც მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.
ალექსანდრა სუიჩი, უფროსი კორესპონდენტი, პოლიტიკა, ტექნოლოგია და საზოგადოება, The Economist დალასი