აღწერის სიზუსტე
ამერიკის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებთა რაოდენობის განსაზღვრის იაფი და ზუსტი გზები არსებობს. შერჩევითი კვლევები დემოგრაფებს საშუალებას აძლევს მოსახლეობის ცვლილებას თვალყური ადევნონ. მათ, ვისაც დემოგრაფიული ტენდენციები აინტერესებს (მაგალითად, რამდენად სწრაფად ბერდება ამერიკის მოსახლეობა (საუკუნის ბოლოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი 65 წელზე უხნესი იქნება) ან როდის აღმოჩნდება თეთრკანიანი მოსახლეობა უმცირესობაში), კარგი პასუხების მიღება რიცხვების ოსტატებისგან შეუძლიათ. ამისათვის, ქვეყნის საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებთან გასაუბრება აუცილებელი არ არის.
თუმცა, ამერიკული კონსტიტუციის მიხედვით, მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში უნდა ჩატარდეს. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველია ფული. ფედერალური სახსრები შტატებზე და ქალაქებზე, 2020 წლის 01 აპრილის აღწერით დადგენილი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება. 2019 წელს ამ დაფინანსების მოცულობამ 675 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე მიზეზი პოლიტიკურ გავლენას უკავშირდება. კონგრესის 435 ადგილი შტატებში აღწერით დაფიქსირებული მოსახლეობის მიხედვით (და არა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით), ამავე შტატებზე ნაწილდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამხრეთისა და დასავლეთის რამდენიმე შტატი დამატებით ადგილებს მოიპოვებს, მათ შორის არიზონა, კოლორადო, მონტანა, ჩრ. კაროლინა და ორეგონი. ფლორიდას კვოტა შესაძლოა ორით გაიზარდოს, ტეხასის − სამით. ძირითადად, ადგილებს აღმოსავლეთისა და შუა-დასავლეთის შტატები დაკარგავენ: ილინოისი, მიჩიგანი, მინესოტა, ნიუ იორკი, ოჰაიო, პენსილვანია და დასავლეთ ვირჯინია. თავისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, აღწერა წყნარად ჩატარდება? ნაკლებად სავარაუდოა. დაძაბულობის ზრდას ხელს დონალდ ტრამპი უწყობს. იგი მოითხოვდა აღწერის კითხვარში ახალი კითხვის დამატებას − რესპონდენტის მოქალაქეობის შესახებ. ოპონენტების აზრით, ეს მიზნად ისახავს უკანონო მიგრანტების პროცესიდან გამოთიშვას. ამგვარი მიგრანტების უმრავლესობა დემოკრატიულ შტატებში ცხოვრობს. დადებით ეფექტს რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ მყოფი არეალები მიიღებენ.
ბატონი ტრამპის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა „ზიანი უკვე მოყენებულია“, − ამბობს ჯოზეფ ჩეიმი, დემოგრაფი, რომელიც გაერო-ში მოსახლეობის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მისი აზრით, ბევრი მიგრანტი აღწერაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს, რათა მათი პირადი მონაცემები სადეპორტაციო ორგანოების ხელში არ აღმოჩნდეს. აკადემიური წრეების წარმომადგენელი ვისკონსინიდან, ფილიპ როკო მოსახლეობის აღწერის პოლიტიკურ ასპექტებს იკვლევს. იგი ასევე შიშობს „უზარმაზარი დეპრესიული ეფექტის“ და უმცირესობათა ჯგუფების პროცესიდან გამოთიშვის გამო. როკოს განცხადებით, შტატების მთავრობები, ჩვეულებრივ, აღწერის პროცესს ხელს უწყობენ, თუმცა, ამჯერად ზოგიერთი შტატისგან (როგორიცაა არიზონა) დახმარება იგვიანებს.
როგორც წესი, ბიზნესწრეები და საქველმოქმედო ორგანიზაციები აღწერაში მონაწილეობის წახალისების მიზნით ბევრს აკეთებენ. პროცესის ირგვლივ არსებულმა წინააღმდეგობებმა შესაძლოა მათი იმედგაცრუება გამოიწვიოს. მუსლიმურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია CAIR-მა მოსახლეობის აღწერის ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა. ამერიკელ მუსლიმთა პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა მათი მიზანი იყო. Fox News-ზე ატეხილი აურზაურის შემდეგ, ეს თანამშრომლობა არ შედგა.
ყველაზე დიდ შიშს იწვევს მოლოდინი, რომ ბატონი ტრამპი აღწერის პროცესის, როგორც „სიყალბის“, დისკრედიტაციას და დელეგიტიმაციას შეეცდება. „თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორ აცხადებს იგი შემდეგს: „აღწერაში არ შეიყვანოთ არალეგალურად მცხოვრებლები“. ეს აღწერის პროცესისათვის საფრთხეა“, − ამბობს ბატონი ჩეიმი. ბატონი როკოს განცხადებით, „ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ პერიოდში ვართ“. ეს სიმართლეა მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება უბრალოდ ხალხის გადათვლას.
ადამ რობერტსი, შუა-დასავლეთის კორესპონდენტი, The Economist ჩიკაგო