მოთვალთვალე სახელმწიფო
ჰონკონგში, განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ტრადიციულ იარაღს იყენებდა: რეზინის ხელკეტები, ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი. იმავდროულად, თავდაცვის მიზნით, მომიტინგეები უჩვეულო საშუალებებს იყენებდნენ, როგორიცაა ლაზერული მაჩვენებელი და სპრეის საღებავი. მათი დანიშნულება არა პოლიციელთა დაბრმავება, არამედ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის ხელის შეშლა იყო. ჰონკონგში, ადამიანების იდენტიფიცირებისათვის, 50 000 დახურულწრედიანი ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.
შესაძლოა ეს ბევრად მოგეჩვენოთ. სინამდვილეში, ყოველ ათას კაცზე კამერების რაოდენობით, ჰონკონგი მსოფლიო ქალაქების წამყვან 25-ეულში არ შედის. ყოველ ათას კაცზე, ჰონკონგში 6,71 სათვალთვალო კამერა მოდის. ეს კონტინენტური ჩინეთის ქალაქების − ჩონგკინგის და შენჩჟენის ანალოგიური მაჩვენებლების მეოცედზე ნაკლებია. ჩინეთის მთავრობა სათვალთვალო ტექნოლოგიებზე დიდ ფსონს ჩამოდის. ადგილობრივი დამწყები ტექნოლოგიური კომპანიებისათვის პეკინი დაფინანსებას არ იშურებს. ამ კომპანიებით თავიანთ მახვილ მზერას უკვე დანარჩენ მსოფლიოსაც აპყრობენ. თუმცა, სათვალთვალო კამერების სიმჭიდროვით, ჰონკონგი თავისუფალ ქვეყნებსაც ჩამოუვარდება. მაგალითად, ლონდონში 1000 კაცზე 68,4 კამერა მოდის, ატლანტაში − 15,6, ჩიკაგოში − 13,1.
არცერთ ამ ქალაქში მოქალაქეებს სახელმწიფო თვალთვალისათვის ხმა არ მიუციათ. თუმცა ის უკვე აქაა. წლების განმავლობაში, მსოფლიოში სათვალთვალო ტექნოლოგიების გავრცელებისას (როგორც დიქტატორულ, ისე დემოკრატიულ რეჟიმებში), ერთი კანონზომიერება შეინიშნებოდა − უშიშროების ორგანოები იმას იღებდნენ, რასაც ითხოვდნენ.
შედეგად, პოლიცია ლიბერალურ ქვეყნებში ინსტრუმენტების მთელ არსენალს იყენებს. სახის ამომცნობ სისტემებთან ერთად, ისინი იყენებენ საპოლიციო მანქანებსა და სატელეფონო ანძებზე დამონტაჟებულ კამერებს, რომლებსაც მოძრავი ავტომობილების სანომრე ნიშნების ამოცნობა შეუძლია. ასევე აღსანიშნავია სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ფიჭური კავშირგაბმულობის ანძების სიმულირებას ახდენენ და ახლომდებარე მობილური ტელეფონებიდან მონაცემებს მოიპოვებენ, მათ შორის − ტექსტურ შეტყობინებებს, შემავალი და გამავალი ზარების ნომრებს, ვებმისამართებს. ამ მოწყობილობების ერთობლიობა პოლიციას ადამიანთა ცხოვრების ზუსტი სურათის მიღების საშუალებას აძლევს.
ეს ცუდი ამბავია. თუმცა, კარგი ის არის, რომ (მინიმუმ) შეერთებულ შტატებში დაინტერესებული მოქალაქეები სისტემის დამუხრუჭებას იწყებენ.
2019 წელს, ამერიკის ორივე სანაპიროს ქალაქებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება პოლიციას აეკრძალა. კალიფორნია პირველი შტატია, სადაც პოლიციას უნიფორმაზე დამაგრებული კამერების გამოყენება აეკრძალა. ასეთ კამერებს სახელმწიფო ორგანოები მოქალაქეებთან დაპირისპირებების ჩასაწერად იყენებდნენ. სამოქალაქო უფლებების ჯგუფ ACLU-ს მასაჩუსეტსის ოფისის წარმომადგენელმა, კეიდ კროკფორდმა ეს აკრძალვები მოიხსენია, როგორც „ტექნო-დეტერმინიზმის ბორბლებში ჯოხის ჩაგდება: რწმენა იმისა, რომ რაც უკვე დაიწყო, უნდა გაგრძელდეს და სჯობს წინ არ გადაეღობოთ“. 2020 წელს ტენდენცია გაგრძელდება და ამერიკის შიდა ტერიტორიებს მოიცავს.
2018 წელს, ნიუ იორკში მიზნობრივი გუნდი შეკრიბეს, რომელსაც ქალაქის ორგანოების მიერ ალგორითმების გამოყენების წესი უნდა გამოეკვლია. გადაწყვეტილების მიმღები პროგრამული უზრუნველყოფა მოულოდნელ ადგილებში აღმოჩნდება ხოლმე. მსგავსი საშუალებები მხოლოდ რისკ-ფაქტორების შეფასებისთვის (მაგალითად, რა შემთხვევებშია მიზანშეწონილი წინასწარი პატიმრობის გამოყენება) და საპოლიციო მოდელირებისათვის არ გამოიყენება (გულისხმობს კრიმინალური შემთხვევების ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, კრიმინალური აქტივობების პროგნოზირება და კონტრღონისძიებების დაგეგმვა). მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლოა ასევე განისაზღვროს: ვინ რომელ სკოლაში წავა ან რომელ შენობაშია მიზანშეწონილი სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირება
ჩვენ ალგორითმი გვაქვს
ბევრი შიშობს, რომ პროგრამული ალგორითმი აპერსონალური, მიუკერძოებელი ინსტრუმენტი სულაც არაა, რომელიც რასობრივად მიკერძოებული მონაცემების გამოყენებით ვითარდება. შედეგად, ალგორითმების განვითარების კვალდაკვალ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ მიკერძოებულობის რეპლიკაცია ხდება. შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ალგორითმი არაანგარიშვალდებული შავი ყუთია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჭვირვალობას გულისხმობს. ეს კი დემოკრატიასთან შეუთავსებელია. დემოკრატმა კონგრესმენებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მათსავე სისტემებში ალგორითმული მიკერძოებები გამოავლინონ და შეასწორონ. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა 2020 წელს ნაკლებად მოსალოდნელია.
თუმცა, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატების ტრიუმფით თუ დასრულდება, შესაძლოა კონგრესმა აღნიშნული კანონპროექტის მიღების პროცედურა დაიწყოს. დემოკრატების რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ თვალთვალის ტექნოლოგიების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მათ შესაბამისი კრიმინალური მართლმსაჯულების რეფორმების პაკეტებიც წარმოადგინეს. ბერნი სანდერსს ალგორითმული რისკ-ფაქტორების შეფასება და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების სრული აკრძალვა სურს. ელიზაბეთ უორენმა პირობა დადო, რომ „პრივატულობის დაცვის“ ღონისძიებებს შეიმუშავებს და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში ციფრული კონფიდენციალურობის თემაზე მომუშავე ჯგუფს“ ჩამოაყალიბებს. ტექნოლოგიებით წახალისებული რასიზმის საწინააღმდეგო რეგულაციების მიმართ, კამალა ჰარისმა უფრო მეტად მოზომილი მხარდაჭერა გამოხატა.
შესაძლოა დემოკრატები ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, მაგრამ პირადი მონაცემების დაცვის და სახელმწიფო ძალაუფლების მიმართ სკეპტიციზმი ორპარტიული საკითხებია. ოპტიმიზმი, რომელიც რესპუბლიკელი და დემოკრატი პოლიტიკოსების ტექნოლოგიების მიმართ აღტკინებას ასაზრდოებდა, ნელ-ნელა ფერმკრთალდება. იგივე შეიძლება ითქვას კრიმინალის შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ კონსენსუსზე. პოლიტიკოსებს პოლიციის მოთხოვნებზე უარის თქმის ეშინოდათ და სულ უფრო მკაცრი განაჩენების გამოტანას ემხრობოდნენ. ამ ორი ტენდენციის შერწყმა ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, ყოვლისმხედველი მოთვალთვალეები, ბოლოსდაბოლოს, „თვალში თითის კვრას“ მიიღებენ.
ჯონ ფასმანი, ვაშინგტონის კორესპონდენტი, The Economist ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, ავტორი წიგნისა „ჩვენ ყველაფერს ვამჩნევთ: თავისუფლება და მართლმსაჯულება მუდმივი თვალთვალის ეპოქაში“ (2020 წელს გამოსაცემად ამზადებს Public Affairs Press)