შესაძლებლობების ფანჯრის გაღება

ჩვენ უკიდურესობების საუკუნეში ვცხოვრობთ. ჩვენი პოლიტიკა საპირისპირო პოლუსებს შორის მერყეობს და პოლიტიკოსებს ოქროს შუალედის გამოძებნა, როგორც ჩანს, არ სურთ. ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ ზრდის სტიმულირებას ეფუძნება, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი თავს მიტოვებულად გრძნობს. 

2020 წელს დროა „ამერიკული ოცნება“ გადავაფასოთ. თაობების განმავლობაში, ამერიკაში საკუთარი ნებით გადასახლებას ირჩევდნენ ისინი, ვისაც აქ ოცნების, გაბედვის და კეთების შესაძლებლობის სჯეროდათ. ჩემი წინაპრები ამერიკაში იძულებით ჩამოიყვანეს. რვა თუ ცხრა თაობის შემდეგ, ოჯახში პირველი ვიყავი, ვინც საკუთარი, როგორც ამერიკელის, უფლებების გარანტირება შეძლო. ეს ისტორია ბევრი აფროამერიკელის ბედის ანალოგიურია. და მაინც, ჩვენ გავიზარდეთ იმ განცდით, რომ ამერიკული ოცნება ჩვენიცაა. 

დენვერის იმ ნაწილში, სადაც ვცხოვრობდი, ჩემი მეზობლები, ძირითადად, განათლებული, ამაყი, მშრომელი და ამბიციური ადამიანები იყვნენ - დანტისტები, მასწავლებლები, იურისტები, „პულმანის“ თერძები და მცირე მეწარმეები. ისინი სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, მაშინაც კი, როცა საკუთარ შვილებს ვიეტნამის ომს სწირავდნენ. პრაქტიკულად, ვერცერთი ობიექტიური საზომით ვერ ვიტყვით, რომ მათი მონდომება წარმატებული იყო. ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნისთვის უფრო მეტი გაიღეს, ვიდრე სანაცვლოდ მიიღეს. თუმცა, მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ დროის საკითხი იყო და უკეთესობას მათი შვილები მაინც ნამდვილად მოესწრებოდნენ. 

ეს მათი ამერიკული ოცნება იყო. ეს ასახავს ურყევ რწმენას, რომელსაც საფუძველი დამფუძნებელმა მამებმა ჩაუყარეს და რომელმაც ლინკოლნიდან კინგამდე თაობების ცვლას გაუძლო. რწმენა იმისა, რომ არასრულყოფილი კავშირის ყოველდღიური მცირეოდენი გაუმჯობესება ამერიკის მთავარი ფუნქციაა.

 

ჯგუფური სარჩელი

ჩემი მეზობლებიდან და ჩემი თაობიდან, ბევრისათვის ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები გამოდგა. ისინი შრომობდნენ, მსხვერპლს გაიღებდნენ, მაგრამ მათი წილი ამერიკული ოცნება მიუწვდომელი აღმოჩნდა. მე გამიმართლა. ყოველდღიურად, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, ავტობუსს ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე საჯარო სკოლაში მივყავდი. სკოლაში თეთრკანიანები სჭარბობდნენ და სწავლების მაღალი დონე იყო. ამ ჯგუფის შემდგომ ბედს რომ გაეცნოთ, საოცარ ფაქტს აღმოაჩენთ. პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე, ყოველი ჩვენგანი ბიზნესლიდერი, ექიმი ან საჯარო მოსამსახურე გახდა. ჩემი უბნის ადგილობრივ სკოლაში დარჩენილი მეგობრები ჩვენს ჯგუფს, შედეგების მიხედვით, რადიკალურად ჩამორჩნენ. 

საბედნიეროდ, იმ იღბლიანთა რიგებში აღმოვჩნდი, რომლებმაც შესაძლებლობების ვიწრო ფანჯარაში შეაღწიეს. ტრაგედია ის გახლავთ, რომ ეს ფანჯარა ძალიან მალე დაიკეტა. პოლიტიკური ზემოქმედებისა და ძალადობის გამო, სასკოლო ავტობუსმა მუშაობა შეწყვიტა. ხშირად ვფიქრობ, თუ რაოდენ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, რამდენიმე წლით გვიან რომ დავბადებულიყავი. 

საზოგადოების გამხლეჩი ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მსოფლიოს ბევრ კუთხეში არეულობების ფონზე, 2020 წელს გლობალური ეკონომიკის შექმნის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ასეთმა ეკონომიკამ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობის ფანჯრები უნდა გახსნას. ჩვენ ეს შეგვიძლია. დღეს, ისტორიაში პირველად, წარმატებას არ სჭირდება სიმდიდრე ან კაპიტალი, არც მიწის საკუთრება, ბუნებრივი რესურსები და არც მუშახელი. სიმდიდრე შეიძლება შეიქმნას მთლიანად იდეების საშუალებით. ინტელექტუალურ კაპიტალს შეუძლია ერთი თაობის განმავლობაში ხალხი სიღარიბიდან ამოიყვანოს და კეთილდღეობამდე მიიყვანოს. ოცდამეერთე საუკუნის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის, ტექნოლოგია ინსტრუმენტების სრულიად ახალ ნაკრებს ქმნის. 

ეს იყო ჩემი გზავნილი, 2016 წლის მაისში, „მორჰაუზის“ კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას. მაშინ, ჩემ მიერ 2019 წლის გამოშვების კლასის სტუდენტური სესხების დაფარვის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება შესაძლებლობების ფანჯრის გაღების ერთ-ერთი გზა იყო. იმედი მაქვს, ვალის ტვირთისგან გათავისუფლებული კოლეჯის კურსდამთავრებულები საკუთარ სიდიადეს იპოვიან, ოცნებებს აისრულებენ და თავიანთ თემებს დაეხმარებიან. ბევრმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ „მორჰაუზის“ კოლეჯის შემდგომი თაობებისათვის გაწეული ქველმოქმედებით, სიკეთეს სიკეთით უპასუხებენ. 

ამერიკული ოცნების გარდაქმნისათვის საჭიროა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, დიდი თუ მცირე ძალისხმევით, შესაძლებლობის ეს ფანჯრები გააღოს. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმით, რომ ვართ მაგალითის მიმცემები, მენტორები, კარგი მეზობლები. ჩვენ ამას ასევე ვაკეთებთ საკუთარ სამუშაო ადგილებზე, როდესაც მრავალფეროვნებას ბიზნესიმპერატივად და სტრატეგიულ უპირატესობად აღვიქვამთ (არა მხოლოდ სოციალურ სიკეთედ). უფრო მეტი სასწავლო და სტაჟირების პროგრამა უნდა შევქმნათ. ამით ეკონომიკაში უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავთ. გაიზრდება მათი რიცხვი, ვისაც უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად საკუთარი შვილების დახმარება შეეძლებათ. ეს ყოველივე უნივერსალური მიზნებია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ამერიკული ოცნების კონცეფცია იდეალი იყო: ზოგისთვის მიღწევადი და სხვებისთვის მირაჟი. ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც კონკურენციის შანსი ყველას აქვს. სწორედ ეს არის იდეების რეალიზების გზა, ხოლო ამ მიზნისთვის უფრო მეტი საშუალება ჩვენ ხელთ არასოდეს ყოფილა. მე ჩემს წილ გასაკეთებელს გავაკეთებ.

რობერტ ფ. სმიტი, Vista Equity Partners-ის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.