გვერდით ჩაიწიე, ხელფასიანო მამაკაცო
2020 წლის ივლისში, როდესაც ტოკიოში ოლიმპიური თამაშები გაიხსნება, მთავარი სპორტული მოედნებიდან ორზე განთავსებული გამოსახულებები რაღაც უჩვეულოს გვიჩვენებს: გამოჩენილი ქალი პოლიტიკური ლიდერები. იურიკო კოიკი − ტოკიოს გუბერნატორი და ფუმიკო ჰაიაში − იოკოჰამას მერი. მუქ კოსტიუმებში გამოწყობილი და შავად შეღებილი თმის მქონე მამაკაცი კოლეგების ფონზე. ისინი აშკარად გამოირჩევიან. ბევრი კრიტერიუმით, იაპონიაში თანასწორობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. თუმცა, გენდერული თვალსაზრისით, ქვეყანა აშკარა აუტსაიდერია.
გინდ დაიჯერეთ გინდ არა (მკვეთრად გამოხატული პატრიარქალური იაპონური საზოგადოება სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა), ვითარება მალე შეიცვლება.
McKinsey Global Institute-ის მონაცემებით, იაპონიაში ყოველი 100 ლიდერიდან მხოლოდ 15-ია ქალი, თუმცა მომდევნო ათწლეულში, წამყვან პოზიციებზე მომსახურე იაპონელ ქალთა ხვედრითი წილი გაორმაგდება.
ამის მთავარი მიზეზი მოწოდებაა. 1980-იან წლებში, 18 წლის ასაკის იაპონელ გოგონათა უმრავლესობა, სკოლის შემდეგ სწავლას ორწლიან „უმცროს კოლეჯებში“ აგრძელებდა (ძირითადი აქცენტი − ოჯახური მეურნეობის წარმართვა). თანატოლი მამაკაცებისგან განსხვავებით, ოთხწლიან საუნივერსიტეტო კურსებზე ისინი უარს ამბობდნენ. ამ თაობის წარმომადგენლები ახლა 50-55 წლისანი არიან − სწორედ ის ასაკობრივი ჯგუფი, საიდანაც კომპანიები და სხვა ორგანიზაციები თავიანთ ლიდერებს არჩევენ. მათ ქალთა შეზღუდული არჩევანი აქვთ.
როგორც დიაგრამა აჩვენებს, ტენდენცია 1990-იან წლებში შეიცვალა. ოჯახებმა და თვით გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ სრულფასოვან უმაღლეს განათლებას ქალებიც იმსახურებენ. მეტიც − სულ უფრო ცოტა ქალი ამბობს უარს სამსახურზე (ან ნაკლებად აიძულებენ), როდესაც ისინი ოჯახდებიან ან დედები ხდებიან. ამასთან, ქორწინებათა რაოდენობაც შემცირდა. ასე რომ, პოტენციურ ქალ ლიდერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
შეარჩევენ მათ? რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ძალიან ცოტა კომპანიამ (განსაკუთრებით − მსხვილმა და ცნობილმა კორპორაციებმა) შეცვალა თანამშრომელთა დაწინაურებისა და მართვის პრაქტიკა ისე, რომ ეს მიდგომა ოჯახზე ორიენტირებულად ჩაითვალოს. საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტებში (როგორიცაა ტოკიოსა და კიოტოს) გენდერული დისბალანსი კვლავ მნიშვნელოვანია. წამყვანი ორგანიზაციები ახალ თანამშრომლებს სწორედ მსგავსი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებიდან არჩევენ. თუმცა, ბევრმა ორგანიზაციამ საკუთარი პრაქტიკა აუცილებლობიდან გამომდინარე შეცვალა: იაპონიის მოსახლეობის დაბერების და შემცირების ფონზე, მმართველი პოზიციებისთვის სათანადოდ მომზადებული და გამოცდილი მამაკაცების რაოდენობა საკმარისი აღარ არის. „მრავალფეროვნება“ მოდური სიტყვა გახდა. საშუალო რგოლის ქალი პერსონალის შენარჩუნების მიზნით, ბავშვის მომვლელ დაწესებულებებზე გაწეული ხარჯები გაიზარდა. მალე, ქალი მენეჯერების კრიტიკული მასა დაგროვდება, რაც კორპორაციული კულტურისა და პროცედურების შეცვლას განაპირობებს. სწორედ ასე მოხდა ევროპასა და აშშ-ში.
ქალბატონი კოიკე (67 წლის) კაიროში არაბულ ენას სწავლობდა და გამოჩენილი ჟურნალისტი გახდა. ქალბატონმა ჰაიაშიმ (73 წლის) Nissan Auto Sales-ის ხელმძღვანელობას მიაღწია. მათი თაობიდან, ორივე მათგანი გამონაკლისთა შორის იყო, პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც კი. ასევეა მარი მიიოშიც, რომელიც 2019 წლის აგვისტომდე დუბლინში იაპონიის ელჩად მსახურობდა. 1980 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 ახალწვეულ მამაკაც დიპლომატთან ერთად, იგი ერთადერთი ქალი იყო. 2016 წლის ნაკადში, უკვე 10 ქალი და 18 მამაკაცი იყო. გენდერული დისბალანსი კვლავ ძალიან დიდია. თუმცა 2030 წლისთვის, ქალი ლიდერი იშვიათი შემთხვევა აღარ იქნება.
ბილ ემოტი, „იაპონიის საზოგადოების“ თავმჯდომარე და ავტორი წიგნისა „იაპონიის ბევრად უფრო ქალური მომავალი“ (მზადდება 2020 წელს გამოსაცემად, Oxford University Press-ის მიერ).