ისევ ცაი
2019 წლის დასაწყისში, ცაი ინ ვენის მდგომარეობა არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. ტაივანის პრეზიდენტს „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომა მოუწია. ეს მუნიციპალურ არჩევნებზე განცდილი მძიმე მარცხის საზღაური გახლდათ. ასევე, საეჭვო იყო, გახდებოდა თუ არა იგი თავისი დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მომავალი არჩევნებისთვის. თუმცა, იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცაი მეტოქეს, ჰან კუო-იუს (გომინდანი, ანუ ნაციონალისტური პარტია) მაინც დაამარცხებს.
ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ ბატონ ჰანს მასების მხარდაჭერა აქვს, ტაივანზე არსებული მორჩილი ჩინური მედიასაშუალებების მხარდაჭერით სარგებლობს და სოციალურ ქსელებში (დეზ)ინფორმაციულ ომს აწარმოებს. კუნძულის მეორე უმსხვილეს ქალაქ კაოსიუნის მერს ორატორული ნიჭი აქვს, რომელსაც ქალბატონი ცაი მოკლებულია. არჩევნებზე ბატონი ჰანი აქცენტს მუშათა კლასზე და არაურბანულ ამომრჩევლებზე გაამახვილებს (განსაკუთრებით, უფროსი ასაკის წარმომადგენლებზე). იგი ქალბატონ ცაის ცუდი ეკონომიკური მმართველობის გამო შეუტევს. მისი საარჩევნო მესიჯი იქნება, რომ ტაივანის კეთილდღეობას ჩინეთის უზარმაზარ ბაზართან მჭიდრო კავშირი განაპირობებს. ბატონი ჰანის ოჯახი წარმომავლობით მატერიკიდანაა. იგი ამბობს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა „სიფილისზე უფრო საშიშია“.
თუმცა, ახალგაზრდა ამომრჩევლები გადაწყვეტენ, რომ ჩინური დიქტატი კვლავ უფრო საშიშია. თუ ჩავთვლით, რომ ქალბატონ ცაის გამარჯვებას ერთი რომელიღაც ფაქტორი განაპირობებს, ეს ჰონკონგში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები იქნება. 1997 წელს, ყოფილი ბრიტანული კოლონიის ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, „ერთი სახელმწიფო, ორი სისტემის“ სახელით ცნობილი მიდგომა ჰონკონგის ავტონომიის გარანტირების მექანიზმად მიიჩნეოდა. დიდი ხნის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტია ამ მიდგომის ტაივანზე გავრცელებასაც ცდილობდა, რომელსაც სამოქალაქო ომის უკანასკნელ გადაუჭრელ საკითხად განიხილავს. ჩინეთის ხელისუფლების სათავეში კომუნისტური პარტია გომინდანის დამარცხების შემდეგ, 1949 წელს მოვიდა. ნაციონალისტების ნაწილმა თავი ტაივანს შეაფარა, სადაც მმართველ პარტიად ჩამოყალიბდა.
ჩინეთის ლიდერების ჩანაფიქრით, „ერთი სახელმწიფო, ორი სისტემის“ ფორმულა და ჰონკონგში მისი განხორციელება ტაივანზე რეინტეგრაციული განწყობებით უნდა გაეძლიერებინა. ამ კონტექსტში, პეკინის მიერ დაპირებების შეუსრულებლობამ (მათ შორის, ჰონკონგის მოსახლეობის მიერ, საკუთარი ლიდერების თავისუფალი არჩევა), ფორმულის მიმართ ტაივანელთა მანამდეც არცთუ განსაკუთრებული კეთილგანწყობა კიდევ უფრო შეასუსტა. პეკინის მიერ ჰონკონგელთა გატეხვის მცდელობები და პოლიციის სისასტიკის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ წახალისების ეპოქა დასრულდა (ვიდრე ჩინეთის დიქტატორ სი ძინპინს ასე სურს).
რეაქცია პეკინის ბულინგზე
გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ჩინეთის მიზნები უცვლელია. პეკინის ქუჩებში, ბატონი სი ძინპინის ლოზუნგი გამოკიდეს: „ნუ დაივიწყებთ თავდაპირველ განზრახვას. დარჩით მისიის ფარგლებში“. ეს პოლიტიკური მორჩილებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო შეძახილს ნიშნავს. ამ ბრძოლის მიზანია უთანხმოების დასრულება მეამბოხე რეგიონებში − ტიბეტში, სინძიანში და ჰონკონგში. ასევე, დაუმორჩილებელი ტაივანის პეკინისკენ შემობრუნება. თუმცა, ახლა, ჩინეთის პოლიტიკის მკაცრი ხაზი ქალბატონ ცაის ეხმარება. ბოლო პერიოდში ჩინეთი ცდილობს ტაივანს დიპლომატიური პარტნიორები ჩამოაშოროს. ასევე, ჩინელი ტურისტების შესვლის შეზღუდვით, კუნძული ეკონომიკურად დასაჯოს. ეს მცდელობები ქალბატონ ცაის თანამოქალაქეთა აღშფოთებას იწვევს. ცაი ინვენის მოწოდებები, მეამბოხე ჰონკონგელებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, ტაივანელთა შორის პოპულარულია.
ამავე დროს, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე, ქალბატონი ცაი, 2020 წლისათვის, ტაივანის ეკონომიკური ბუმის მიღწევას შეძლებს. ჩინურ ტექნოლოგიურ პროდუქციაზე ამერიკის მიერ ტარიფების დაწესების საფრთხე იზრდება. ამავე დროს, ჩინეთი სხვადასხვა კომპონენტით ამერიკული მომწოდებლების ჩანაცვლებას შეეცდება. ასეთი ვითარება ტაივანის ტექნოლოგიურ კომპანიებს უპირატესობას ანიჭებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი მეხუთე თაობის მობილური ქსელების ბაზარს დაკარგავს. ტაივანურ კომპანიებს საკუთარი წარმოების ჩინეთიდან კუნძულზე დაბრუნების სტიმული ექნებათ.
ეს ყოველივე ქალბატონ ცაის წარმოების დაბრუნების პოლიტიკის წარმატებად აღიქმება. თუმცა, ჯერ არდამდგარი წარმატება ოპოზიციის კრიტიკას ხელს ვერ შეუშლის. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დემოკრატიულმა პროგრესულმა პარტიამ ვერ უზრუნველყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ცაი საპრეზიდენტო რბოლაში გაიმარჯვებს, გომინდანი საკანონმდებლო ორგანოში მცირე უპირატესობას მოიპოვებს. ჩინეთის პოლიტიკის გამკაცრებისა და ოპოზიციის წნეხის გათვალისწინებით, მეორე საპრეზიდენტო ვადა ადვილი არ ექნება.
დომინიკ ზიგლერი, Banyan-ის მესვეტე და აზიის უფროსი კორესპონდენტი, The Economist, ჰონკონგი