პიკური მოდი
2020 წელს, ნარენდრა მოდი ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წლისთავს აღნიშნავს. მისი ძალაუფლება თითქმის შეუზღუდავია. 2019 წლის არჩევნებზე, მოდის პარტიის − „ინდოეთის სახალხო პარტიის“ (Bharatiya Janata Party − BJP) გამარჯვებას ბევრი ელოდა. თუმცა, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ წარმატება უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდებოდა, ვიდრე 2014 წელს. მანამდე დამარცხებული ოპოზიცია, უკვე სუსტი და დანაწევრებული, კიდევ უფრო ჩამოიშალა. ანალიტიკოსები ახლა ვარაუდობენ, რომ ინდური დემოკრატია ერთპარტიული ჰეგემონიის პერიოდში შედის, როგორც ეს 1950-60-იან წლებში იყო (მაშინ მაჰათმა განდის და ჯავაჰარლალ ნერუს პარტია აბსოლუტურად დომინირებდა).
ბატონი მოდის დიდების ზენიტში ყოფნა მხოლოდ მისი წარმატებული პარტიის ლიდერობა არ გახლავთ. მისი კრიტიკოსებიც აღიარებენ, რომ საარჩევნო წარმატებას უაღრესად პიროვნული მიზეზი აქვს: პრემიერმინისტრის ენერგიულობის, ქარიზმისა და უზომო აღტკინების ნაზავი, რომელიც მეტოქეებს უშანსოდ ტოვებს. 2019 წელს ხმის მიცემას კონკრეტულ პოლიტიკასთან უფრო ნაკლები კავშირი ჰქონდა, ვიდრე პრემიერმინისტრის მიერ გამოსხივებულ თვითდაჯერებულობასა და სიამაყეს ხალხის რეაქციასთან. გაცილებით მკაცრი პოზიციით ინდოეთის მუდმივი გამოწვევის − პაკისტანის მიმართ, ან უფრო მოკრძალებული პროგრამების დაცვით, როგორიცაა ღარიბი მოსახლეობის საპირფარეშოებით და გაზქურებით უზრუნველყოფა, ან ოპონენტების უმოწყალო პოლიტიკური განადგურებით. ბატონი მოდი გამარჯვების ჯიქურ ნებას ავლენდა, რაც უბრალო ხალხის ცნობიერებაში სათანადო გამოძახილს ჰპოვებდა.
ინდოელებს ძლიერი ლიდერი თუ სურდათ, მათ ის მიიღეს. ბატონი მოდის და მისი პარტიის პირველი ვადის გამოწვევები უკვე დაძლეულია: პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა 353-დან 545-მდე გაიზარდა. პარლამენტის ქვედა პალატაში (Lok Sabha), სურვილისამებრ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაზე პარტიას კარტბლანში აქვს. ბატონი მოდი რეალური ლიდერია, რომელიც კაბინეტის წევრებს ნაკლებად კომპეტენტურობის, და უფრო მეტად, პატიოსნების, ჰინდუ-ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევრობის და პირადი ერთგულების ნიშნით არჩევს, შედარებით სუსტი კაბინეტის პირობებში, ძალაუფლების უდავო ცენტრს უშუალოდ პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ერთადერთი გამონაკლისია ამიტ შახი, რომელიც ბატონი მოდის უახლოესი თანამებრძოლია, ჯერ კიდევ გუჯარათის შტატში ამ უკანასკნელის მინისტრობიდან. მოდის მთავრობის პირველი ვადის დროს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამპლუაში, შრომისმოყვარე ბატონ შახს პატივი ჰქონდა, პარტიის წევრთა რიცხვი მკვეთრად გაეზარდა და ტრიუმფალური საარჩევნო სტრატეგიები შეემუშავებინა (როგორც ნაციონალურ, ისე შტატების დონეზე). ახლა ის შინაგან საქმეთა მინისტრია და კანონის ძალის მეგობრების წახალისებისთვის, ან მტრების დასასჯელად გამოყენება შეუძლია.
რას მოიმოქმედებს ამხელა ძალაუფლებით ბატონი მოდი? პირველ ვადაში, აღტკინების მიუხედავად, მნიშვნელოვან რეფორმებს მან თავი აარიდა. დიდი ხნის მოსალოდნელი, თუმცა სასარგებლო ეკონომიკური მცირე ცვლილებების, ასევე პაკისტანის მიმართ ცოტაოდენი თავაზიანობის გარდა, მან გადამჭრელი ზომები ნაკლებად მიიღო. გამონაკლისია უკანონო სიმდიდრეზე დაუფიქრებელი და ძვირადღირებული ნადირობა, რაც ქაღალდის ბანკნოტების 86%-ის ბრუნვიდან ამოღებაში გამოიხატა.
მაგრამ მოდის ვერსია 2.0 უფრო მეტ შეუპოვრობას აჩვენებს. ჰინდუ ნაციონალისტი კრიტიკოსების გულების მოსაგებად (მისი ყველაზე მყარი საარჩევნო ბაზა) ბატონმა მოდიმ 70-წლიანი საკონსტიტუციო ორაზროვნება დაასრულა. ჯამუსა და ქაშმირის მეამბოხე შტატები დელის პირდაპირი მმართველობის ქვეშ გადავიდნენ. შესაბამისად, ამ შტატებში პოლიტიკური აქტივობები შეწყდა. ქაშმირის ხეობის 7,5 მილიონი მცხოვრებლისათვის (ძირითადად, მუსლიმები) ბლოკადა გამოცხადდა. ამავე დროს, ბატონმა შახმა კანონთა პაკეტი წარადგინა, რომელიც პოლიციის უფლებამოსილების გაზრდას და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური პლურალიზმის მიზანშეწონილობაც საეჭვოდ მიიჩნია. მან ასამის შტატში განხორციელებული საპილოტე პროექტის მთელ ქვეყანაში გავრცელების გეგმების თაობაზე განაცხადა. პროექტიის მიხედვით, შტატის 32 მილიონ მცხოვრებელს ინდოეთის მოქალაქეობის დამტკიცება მოუწია. მათგან დაახლოებით 2 მილიონს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
იმ დროს, როდესაც ინდოეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგას (იხილეთ ბიზნესის განყოფილება), ასეთ საკითხებზე მოდის გუნდის ფოკუსირება გონივრულად არ გამოიყურება. ამან ნამდვილად შეაშფოთა უმცირესობები და ლიბერალური ინტელექტუალები, რომლებიც ტოტალიტარიზმისკენ შეუქცევად გადახრას უფრთხიან. თუმცა შემაკავებელი ფაქტორების თითქმის არარსებობის პირობებში, ინდოეთის მომავალ გზას, ნამდვილად, ბატონი მოდი განსაზღვრავს.
მაქს როდენბეკი, სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist, ნიუ დელი