მშფოთვარე წყლებში
მისი უდიდებულესობის ბარჟა Endeavour-ის გემბანზე მყოფნი, ალბათ ავსტრალიის 2029 წლის ბედ-იღბალს შეიგრძნობენ. კაპიტან ჯეიმს კუკის მე-18 საუკუნის ბარჟის ზუსტი ასლი ავსტრალიის გარშემო იმოგზაურებს. ამ ღონისძიებით აღინიშნება წყნარ ოკეანეში კუკის პირველი მოგზაურობა, მის მიერ ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს მონახულება (1770) და კონტინენტის ბრიტანეთისთვის მიძღვნა. გემთან ერთად, აბორიგენთა მიწაზე ევროპელთა ჩამოსვლისადმი მიძღვნილი გამოფენაც იმოგზაურებს. კუკის მოგზაურობიდან 250 წლის შემდეგ, 38 პორტი ავსტრალიის ახალ დიდ გამოწვევებს გაუსვამს ხაზს.
ჰობარტი, ტასმანიის დედაქალაქი, ერთ-ერთი პირველი გაჩერება იქნება. მოსახლეობის, ბინათმშენებლობისა და თავდაჯერებულობის ზრდამ ავსტრალიის უმცირეს შტატს წლების განმავლობაში გამორჩეულად კარგი ეკონომიკური შედეგი მისცა. დიდი შეკითხვაა, აისახება თუ არა ეს დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით, ბასის სრუტის გასწვრივ.
28 წლის უწყვეტი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ავსტრალიის ეკონომიკის პერსპექტივა ნაკლებად ცხადი იქნება. მშპ-ის ზრდის ტემპი 2019 წელს 1,4%-მდე შემცირდა. 2020 წლისათვის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის გამოცოცხლებას და 2,8%-იან ზრდას ვარაუდობს. ამის მისაღწევად, ავსტრალიას ხანგრძლივი ზრდის პერიოდის ღონისძიებებიდან განსხვავებულ ეკონომიკურ სტიმულთა გამოძებნა მოუწევს. ეკონომიკის დინამიკური წლებისთვის დამახასიათებელი იყო საინვესტიციო ბუმი სამთო-მოპოვებით სექტორში; მოსახლეობის სტაბილური ზრდა; უმსხვილეს ქალაქებში − სიდნეისა და მელბურნში, საცხოვრებელ ფართებზე ფასების ზრდა. ეკონომისტი საულ ესლეიკი ამტკიცებს, რომ ეს კომბინაცია ავსტრალიას სხვა მდიდარი ქვეყნებისგან გამოარჩევდა. თუმცა, ამ ფაქტორების გავლენა ახლა შემცირდა. ესლეიკის განცხადებით, ავსტრალია „კვლავ შემადგენლობას უბრუნდება“ − მას სხვა მდიდარი ქვეყნების იდენტურ პრობლემებთან გამკლავება უწევს (მაგალითად, შრომის ანაზღაურების ზრდის დაბალი ტემპი).
ოქტომბერში, ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე − 0,75%-მდე შეამცირა. 2019 წლის განმავლობაში, ეს მესამე შემცირება იყო. სავარაუდოდ, ასეთი მიდგომა კვლავ გაგრძელდება. ფილიპ ლოუ − ცენტრალური ბანკის მმართველი, უფრო ინტერვენციონისტი გახდება და კონსერვატიული კოალიციის ფედერალურ მთავრობას ხარჯების გაზრდას მოუწოდებს. პრემიერმინისტრი სკოტ მორისონი ამის წინააღმდეგი იქნება. 2019 წლის არჩევნები მან ყველასთვის მოულოდნელად მოიგო. რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებით, გარდა საშემოსავლო გადასახადის შემცირებისა, იგი იმედოვნებს, რომ რეცესიის შეჩერება შესაძლებელი იქნება. თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმულის მიმართ არასერიოზული მიდგომით, პრემიერი ძალიან რისკავს. 2020 წელს, კონსერვატორთა გულების მოსაგებად, ბატონი მორისონი მიგრანტთა რაოდენობის 30 ათასით შემცირებას გეგმავს (160 ათასამდე). ბიზნესწრეები ამ ნაბიჯს არ მიესალმებიან.
ეკონომიკური რყევები ავსტრალიელებს თუ შეაშფოთებს, „იღბლიანი ქვეყანა“ მათ დააწყნარებს. ჩვეულებრივ, ამისათვის, მიწისქვეშა და ოკეანის სიმდიდრეებით მიღებულ კეთილდღეობას ეყრდნობიან. თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ქუინსლენდიდან და დასავლეთ ავსტრალიიდან, ძირითადად ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ პროგნოზები სწორია, 2020 წერს, ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე 54 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (37 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების თხევად გაზს გაიტანს და ამ მაჩვენებლით ყატარს გადაუსწრებს. შესაბამისად, ავსტრალია თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება.
მას შემდეგ, რაც Endeavour გლადსოუნის და ქუინსლენდის LNG საწარმოებს უკან მოიტოვებს და ჩრდილოეთით, დიდი ბარიერული რიფისკენ გაემართება, ნაკლებად სასიამოვნო სურათს წააწყდება. რიფზე დაშვების შემდეგ, კაპიტანმა კუკმა თავისი გემისთვის ნავსაყუდელი იქ იპოვა, სადაც ახლა კუკთაუნია. ახლა უკვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს − რიფს, 2020 წელს თავისი კრიზისი ექნება. 2019 წერს ავსტრალიის მთავრობამ მარჯნის რიფების მდგომარეობის შეფასება „ცუდიდან“ „ძალიან ცუდამდე“ გააუარესა. მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. ზღვის წყლის ტემპერატურის ზრდამ მარჯნის გაუფერულება გამოიწვია. ბატონ მორისონს სულ უფრო მტკიცედ მოუწოდებენ, რომ კლიმატის საკითხების მიმართ თავისი გაურკვეველი მიდგომა დაასრულოს და ენერგეტიკული პოლიტიკა წარმოადგინოს, სადაც ცენტრალური ადგილი ქვანახშირს არ ექნება.
2021 წლის დასაწყისში, ერთ-ერთ უკანასკნელ გაჩერებაზე, Endeavour-ს უფრო ხალისიანად მიესალმებიან. ეს ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში, ადელაიდაში იქნება. შტატის ღვინის მწარმოებლებს ბუმის პერიოდი უდგათ. 2019 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩინეთის უმსხვილეს ღვინის მიმწოდებლებს შორის, ავსტრალიამ საფრანგეთსაც კი გადაუსწრო. ღვინო, ისევე, როგორც ბუნებრივი აირი, შესაძლოა ერთ-ერთი გზა იყოს, რომელიც ავსტრალიას სარეკორდო, 29-ე ზრდის წლამდე მიიყვანს.
რობერტ მილიკენი, ავსტრალიის კორესპონდენტი, The Economist, სიდნეი