საუკეთესო „მტერ-მოყვრები“
კიდევ რამდენ ხანს დარჩება მაჰათჰირ მოჰამადი მალაიზიის პრემიერმინისტრად 2020 წელს, ეს ქვეყნის პოლიტიკის მთავარი საკითხი იქნება. 2018 წელს, მმართველმა კოალიციამ, Pakatan Harapan-მა (PH) მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა. კოალიციამ კიდევ ერთი დაჯგუფება დაამარცხა, რომელიც „მალაიზიის გაერთიანებულ ეროვნულ ორგანიზაციასაც“ (UNMO) მოიცავდა. ეს უკანასკნელი ქვეყანას ექვსი ათწლეულის განმავლობაში მართავდა. დოქტორი მაჰათჰირი ახლა 94 წლისაა. იგი UNMO-ს ჭკვიანი, გამორჩეული ფიგურაა, რომელიც მალაიზიის პრემიერად 1981-2003 წლების პერიოდში მსახურობდა. მაჰათჰირის ყოფილი მოადგილე ახლა კოალიციის უმსხვილეს პარტიას უდგას სათავეში, ხოლო თვით დოქტორი მაჰათჰირი − ერთ-ერთ ყველაზე უმცირესს.
იმის თქმა, რომ ამ ორი მამაკაცის ურთიერთობა რთულია, რეალობის შეუფასებლობა იქნებოდა. დოქტორ მაჰათჰირმა ანვარი თანამდებობიდან 1998 წელს გაათავისუფლა. შემდეგ, სოდომიის ბრალდებით (მალაიზიაში ეს დანაშაულია), ანვარს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც წამყვანი ოპოზიციონერი ლიდერი, იგი გისოსებს მიღმა კიდევ ორჯერ აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ გაოცება, როდესაც ეს ორი პოლიტიკოსი, 2016 წელს, PH-ის დროშის ქვეშ გაერთიანდა. დოქტორი მაჰათჰირი სათავეში კოალიციის ტრიუმფის შემდეგ მოექცა, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ბატონი ანვარი მაშინ ციხეში იყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მაჰათჰირი ორი წლის შემდეგ უნდა გადამდგარიყო. ახლა იგი ამბობს, რომ „არაუმეტეს სამი წლით“ დარჩება.
ეს გადავადება ისედაც მოუქნელი კოალიციის შიგნით კონფლიქტს აღვივებს. მთავრობამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებული დიდი ფინანსური სკანდალის გამოძიება განახლდა, ექსტრავაგანტური ინფრასტრუქტურული პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა, საარჩევნო ხმის მიცემის ასაკი 21-დან 18-მდე შემცირდა. ბატონი მაჰათჰირი გამოუცდელ მინისტრებს წარმატებით ხელმძღვანელობდა და გაზრდილი უფლებამოსილებითაც სარგებლობდა, თუმცა მთავრობა თავის დაპირებებს სათანადოდ ვერ ასრულებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სამოქალაქო უფლებების დაცვა და ინსტიტუციების რეფორმირება. როდესაც კოალიციის გამარჯვება სათუო იყო, PH ამომრჩევლებს მრავალ სიკეთეს დაჰპირდა.
სირთულეების ფონზე, დოქტორმა მაჰათჰირმა ბატონ ანვარს მხარდაჭერა აღუთქვა. თუმცა, როგორც ამბობენ, პრემიერის მემკვიდრედ ანვარის პარტიის გავლენიანი წევრი − აზმინ ალი განიხილება. ორი პოლიტიკოსის გარშემო ფრაქციები ჩამოყალიბდა. სუფთა პოლიტიკის იმედი მალაიზიაში 2019 წელს დაიმსხვრა, როდესაც მაკომპრომეტირებელი კადრები გასაჯაროვდა. ამ კადრებში ბატონი აზმინი სხვა მამაკაცთან ერთად არის საწოლში. იგი ბრალდებას უარყოფს. მმართველი კოალიციის შიგნით არეულობა შესაძლოა ბატონი მაჰათჰირის ძალაუფლების შენარჩუნებას ხელს უწყობდეს, თუმცა 90 წელს გადაცილებულმა ადამიანმა იცის, რომ დრო მასზე არ მუშაობს.
მირანდა ჯონსონი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კორესპონდენტი, The Economist, კუალა ლუმპური