ყველაზე ხანგრძლივი ომი
2020 ამერიკელთათვის შესაძლოა ავღანეთის ომის დასრულების წელი აღმოჩნდეს. ახლა ეს ყველაზე ხანგრძლივი ომია, რაც კი ოდესმე შეერთებულ შტატებს უწარმოებია. ავღანელთათვის, ეს ალბათ ნამდვილი აჩქარების წელი იქნება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნაკლებ ენთუზიაზმს აჩვენებს კონფლიქტთან მიმართებაში, რომელმაც 2001 წლის შემდეგ 2400 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. მისი აზრით, ეს „სულელური“ ომია. ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, შეუძლია „ერთ კვირაში“ 10 მილიონი ადამიანის დაღუპვით, გამარჯვებას მიაღწიოს. სანაცვლოდ, აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთიდან გამოსვლა სურს, ისე, რომ შტატებში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ომის დასრულების შესახებ გამოაცხადოს.
ტრამპის წარმომადგენელმა, ავღანური წარმოშობის დიპლომატმა, ზალმაი ხალილზადემ 2019 წლის დიდი ნაწილი ვაშინგტონს, დოჰასა და ქაბულს შორის გადაფრენებსა და მოლაპარაკებებში გაატარა.
წლების განმავლობაში, სამშვიდობო შეთანხმება თალიბანთან ამერიკაში არც კი განიხილებოდა. სექტემბერში ის ხელმოსაწერად მზად იყო. ავღანეთიდან ამერიკა თავისი საჯარისო ნაწილების უმეტესობას გამოიყვანს. საელჩოს უსაფრთხოებისა და დაზვერვითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ადგილზე მცირე ზომის სამხედრო კონტინგენტი დარჩება. თალიბანი თანახმა იქნება, რომ ავღანეთის კვლავ საერთაშორისო ტერორიზმის ბაზად გადაქცევა არ დაუშვას და დასავლეთის მხარდაჭერილ მთავრობასთან მოლაპარაკება გამართოს.
თუმცა, 2001 წლის 11 სექტემბრის მე-18 „იუბილემდე“ კვირაზე ოდნავ მეტი ხნით ადრე ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების შეწყვეტას აპირებდა. Tweeter-ის საკუთარ გვერდზე, პრეზიდენტმა კემპ დევიდში თალიბანის ლიდერისა და ავღანეთის პრეზიდენტის მასპინძლობის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. რეზიდენციაში ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი უნდა შემდგარიყო (გასაოცარია). მას შემდეგ, თალიბანმა ქაბულში სამხედრო შეტევა განახორციელა, რომელსაც ათეულობით ადამიანის, მათ შორის ერთი ამერიკელი სამხედრო პირის, სიცოცხლე შეეწირა. შედეგად, ტრამპმა აზრი შეიცვალა.
რაც დრო გადის, ავღანეთის არმია სულ უფრო სუსტდება. გულუხვი დაფინანსების მიუხედავად, თალიბების მოქმედების დიდ ქალაქებში შეზღუდვის მიზნით, არმია ახლა ისეა დამოკიდებული ავიაციის მხარდაჭერაზე, როგორც არასდროს. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება, რომ 2019 წელს ამერიკული და მოკავშირე ძალების ოპერაციებმა მეტი მშვიდობიანი ადამიანი შეიწირეს, ვიდრე თალიბების სამხედრო აქციებმა. წლების განმავლობაში, ასეთი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ დანს, ლეგიტიმურობის პრობლემაც აქვს. სექტემბრის უაღრესად ხარვეზიან საპრეზიდენტო არჩევნებზე 9.6 მილიონი ამომრჩევლიდან, ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ 2.7 მილიონმა ისარგებლა. 2000-ზე მეტი საარჩევნო უბანი არ გახსნილა. ბიომეტრიული პირადობის მოწმობების ხარვეზები ბევრგან დაფიქსირდა. ბატონმა განიმ და მისმა ძირითადმა კონკურენტმა, აბდულა აბდულამ, თავი გამარჯვებულად ერთდროულად გამოაცხადეს.
დაუღალავი ბატონი ხალილზადე თალიბანის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეთანხმების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. თუმცა, თალიბანის გავლენა ავღანეთში ყოველთვიურად იზრდება. ბატონ ტრამპს ავღანეთის დატოვება ძალიან თუ სურს, შესაძლოა თალიბანმა მაქსიმალურად სარგებლიანი პირობები მიიღოს. ასეთ შემთხვევაში, დღევანდელ ომზე უარესი მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ.
დენიელ ნოულსი, საერთაშორისო კორესპონდენტი, The Economist