როგორ ვებრძოლოთ ექსტრემიზმს
მე მახსოვს მომენტი, როდესაც სოციალური ქსელების იარაღად გადაქცევა გავიაზრე. 2019 წლის 15 მარტს, ქრაისთჩერჩის ორ მეჩეთში 50 უდანაშაულო მუსლიმი მლოცველი დახოცეს. როდესაც სოციალურ ქსელებში ამ ძალადობის კადრები ვიხილე, გავაცნობიერე, რომ იგივე სურათს უამრავი სხვა ადამიანიც ნახავდა. ეს ასეც მოხდა. შეტევიდან 24 საათის განმავლობაში, YouTube-ზე ვიდეოკადრების ჩამოტვირთვა ყოველ წამში ერთხელ ხდებოდა. იმავე პერიოდში, Facebook-იდან შესაბამისი ჩამოტვირთვების რაოდენობამ 1,5 მილიონი შეადგინა. ეს ვიდეო ინტერნეტში დღემდე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იშლება.
სავარაუდო ტერორისტმა მისი დანაშაულის სოციალურ ქსელებში გავრცელება მიზანმიმართულად გადაწყვიტა. მას შიშის დანერგვა, სიძულვილის იდეოლოგიისა და ბოროტების გავრცელება სურდა. როგორც გლობალური საზოგადოება, ჩვენ მისი ეს მცდელობები უნდა უარვყოთ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ ცალ-ცალკე ვიმოქმედებთ.
ორი თვის შემდეგ მსოფლიო ლიდერების ჯგუფმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ჩემი თაოსნობით, ასევე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, წარმოადგინა ინიციატივა − „ქრაისთჩერჩის მოწოდება ქმედებებისთვის“. ინტერნეტში ტერორიზმისა და ძალადობრივი ტერორიზმის პოპულარიზაციის შეზღუდვის მიზნით, ერთობლივ ღონისძიებათა კომპლექსი შემუშავდა. ეს იყო მსგავსი შეთანხმების პირველი პრეცედენტი, როდესაც საერთო პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოები და კერძო კომპანიები გაერთიანდნენ. ყოველი ქვეყანა რეგულაციების დონეს შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, თუმცა ინიციატივის წინაპირობა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორის მიზანმიმართული თანამშრომლობა ექსტრემიზმის შეჩერების საუკეთესო გზაა.
„მოწოდების“ წამოწყებიდან სულ რამდენიმე თვეში კრიზისზე რეაგირების პროტოკოლი შევიმუშავეთ. ასე რომ, ტერორისტული შეტევის ინტერნეტტრანსლირების შემთხვევაში, კომპანიები სწრაფად იმოქმედებენ და მასალის გავრცელებას შეაჩერებენ. მახსოვს, 15 მარტს გაუგებარი იყო, თუ ვისთვის უნდა მიგვემართა ქსელიდან კადრების წასაშლელად. ახლა, გლობალური ქსელი და სისტემა მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელების შეჩერებისთვის მზად არის. პროტოკოლი მოქმედებაში უკვე ვნახეთ, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში, გერმანიაში ებრაულ თემზე შეუბრალებელი თავდასხმა განხორციელდა.
კომპანიებმაც ზომები მიიღეს. Facebook-ის გადაწყვეტილებით, Live-რეჟიმში სტრიმინგის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც არსებულ სტანდარტს ბოროტად იყენებენ. მსგავსი მიდგომა 15 მარტს რომ ყოფილიყო, სახელმძღვანელო ნორმების მანამდე გამოვლენილი დარღვევების გამო, შეიარაღებული ბოროტმოქმედი თავისი სისასტიკის ინტერნეტტრანსლირებას ვერ შეძლებდა.
ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია. წელიწადზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, რათა მსგავსი თავდასხმის ტრანსლირება თავიდან ავიცილოთ. თუმცა, 2020 წელს და შემდგომ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. „ქრაისთჩერჩის მოწოდებაში“ ჩართულებმა ვიცით, რომ მიღწეული შედეგი არსებული გამოწვევის მხოლოდ არასრული პასუხია. სიძულვილის იდეოლოგიის ინტერნეტით გავრცელების შესაძლებლობის შეზღუდვა მნიშვნელოვანი ქმედებაა, მაგრამ ამას ინტერნეტს მიღმა უფრო მეტად შეკრული და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის მცდელობები უნდა დაემატოს.
მე უკვე დიდი ხანია ვამბობდი, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმ ფასეულობების საფუძველზე, რომლებსაც ჩვენს შვილებს ვასწავლით: თანაგრძნობისა და სიკეთის მარტივი ცნებები. სწორედ ეს დაედო საფუძვლად ჩემი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ახალ ზელანდიაში ყველა სახის ნახევრადავტომატური იარაღი აიკრძალა (ქრაისთჩერჩის მოვლენების გამოძახილი). მათი ხელმისაწვდომობა ჩვენს საზოგადოებას ნაკლებად უსაფრთხოს ხდიდა. მინდა მკაფიო ვიყო: არ ვუჭერ მხარს, რომ ახალი ზელანდია იარაღისგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს. მე სოფლად გავიზარდე, სადაც იარაღი აუცილებლობას წარმოადგენს მავნებლების კონტროლისათვის თუ სხვა მიზნებისთვის. იარაღის ლეგიტიმური ფლობისა და გამოყენების უფლებას ჩვენ ვიცავთ. თუმცა, ვერ ვხედავ ისეთი ტიპის იარაღის შენარჩუნების საფუძველს, რომელსაც ახლა მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანების მასობრივი მკვლელობებისთვის რეგულარულად იყენებენ.
სიკეთე მკვლელების წინააღმდეგ
თავიდანვე ვიცოდი, რომ ახალ ზელანდიას ცალკე ამაზე მეტის გაკეთება არ შეეძლო. შანსის გამოყენება მხოლოდ საერთო, საერთაშორისო ძალისხმევით შევძელით. თუმცა, ჩვენი მზერა შიგნითაც უნდა მივაპყროთ. მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიასაც კი, ადამიანის განრისხებისა და ექსტრემიზმის შეჩერება არ შეუძლია. ამ მიზნით, ჩვენ უკეთესი და უფრო ინკლუზიური საზოგადოება უნდა შევქმნათ, სადაც ადამიანთა განსხვავებულობა მისასალმებელია და ლოკალურ თემში ყველას თავისი კუთვნილი წილი აქვს. ეს უნდა იყოს სიკეთით სავსე ადგილი, სადაც ჩვენს შვილებს ამაყად გავზრდით.
ჩვენ სრულყოფილი ქვეყანა არ ვართ, თუმცა ჩვენმა პასუხმა 15 მარტის მოვლენებზე ხაზი გაუსვა იმას, თუ რას წარმოვადგენთ: ქვეყანა, სადაც არსებობს პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. და კიდევ − სადაც ექსტრემალურ ძალადობას და სიძულვილს ჰუმანურობით და სიყვარულით პასუხობენ. სწორედ იმით, რაც ამ თავდასხმის სამიზნე იყო.
საძაგელი, ექსტრემალური იდეოლოგია და შიში 15 მარტის მემკვიდრეობად ვერ იქცევა. ეს იქნება მიზანსწრაფულობა, საერთო ჰუმანურობის ძლიერი გრძნობა.
ჯასინდა არდერნი, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი