ბოლსონარუს ეფექტი ბრაზილიაში
კორუფციული სკანდალებისა და რეცესიის ათწლეულის შემდეგ, 2020 ბრაზილიისათვის შემობრუნების წელი უნდა გახდეს. ჟაირ ბოლსონარუმ – ულტრამემარჯვენე პოპულისტმა გამარჯვება 2018 წლის მეორე ნახევარში იზეიმა. იგი მოსახლეობას ეკონომიკის რეფორმირებას და პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს დაპირდა, თუმცა ბოლსონარუს მმართველობის პირველი წელი ოჯახური კონფლიქტებით და ამაზონის ტყეების ხანძრების მიმართ მისი გულგრილი დამოკიდებულებით დაიჩრდილა.
ყველაზე დიდი წარმატება იყო ოქტომბერში მიღებული საპენსიო სისტემის რეფორმა, რაც მანამდე ბევრმა მთავრობამ ვერ შეძლო. რეფორმა საჯარო ფინანსებზე დადებითად იმოქმედებს და სასურველ ინვესტიციებს მოიზიდავს. თუმცა, ეკონომიკური ზრდის ბევრად მზარდი ტემპი და 12,6 მლნ უმუშევარი ბრაზილიელის მდგომარეობის შემსუბუქება დიდწილად დამოკიდებულია შემდგომ ეკონომიკურ რეფორმებზე. მსგავსი ღონისძიებები კონგრესში წინააღმდეგობებს გამოიწვევს. საგადასახადო სისტემის შესაძლო გამარტივება დიდი წარმატება იქნება. პრივატიზაცია სახელმწიფოს თავდაჯერებულობას და ფინანსურ სახსრებს შემატებს (თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ამას კონგრესის რთულად მისაღწევი თანხმობა დასჭირდება). ბრაზილიის ეკონომიკის გაჯანსაღება თანდათანობითი და მკრთალი იქნება.
როდესაც პროკურორებმა ბატონ ბოლსონარუს უფროსი ვაჟის და სენატორ ფლავიოს წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმის გამოძიება დაიწყეს, პრეზიდენტმა კორუფციის დამარცხების გეგმები უკანა პლანზე გადასწია. იუსტიციის მინისტრ სერჟიო მოროს მიერ, 2019 წლის დასაწყისში ზარზეიმით წარმოდგენილი მექრთამეობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი დავიწყებას მიეცა. იმავდროულად, ბატონმა ბოლსონარუმ ჩაანაცვლა ან შეცვლით დაემუქრა ფედერალური პოლიციის უფროსებს, საგადასახადო ორგანოებსა და საფინანსო-საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელებს. ამ მოხელეთა ჩანაცვლება, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გამო, შეშფოთებას იწვევს. ეკონომიკის მინისტრმა, პაულუ გუედეშმა უფლებამოსილების დელეგირება გამოუცდელ და უფუნქციო ადმინისტრაციაზე მოახდინა. მისი შესაძლო გადადგომა ან გადაყენება მდგომარეობას დაამძიმებს.
თუ ბატონი ბოლსონარუ ამაზონის ტყეებთან დაკავშირებით სადავო პოლიტიკას გააგრძელებს და ტყეების დაკარგვის მიმართ კვლავ გულგრილი დარჩება, პრობლემებს საერთაშორისო ასპარეზზეც წააწყდება. ბრაზილიურ პროდუქტებზე აკრძალვები, ჯერჯერობით, გავრცელებული პრაქტიკა არ არის, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, შესაძლოა, ევროკავშირმა Mercosur-თან სავაჭრო შეთანხმებაზე უარი განაცხადოს. ეს რეგიონული ბლოკი ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის და ურუგვაის აერთიანებს.
2018 წელს ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პოლიტიკოსთა ახალი თაობა პირობას დებდა, რომ კონგრესი რეფორმისტული და პროგრესული გახდებოდა, თუმცა ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებამდე, გაუარესებაა მოსალოდნელი. 22 000-მა ბრაზილიელმა (მათ შორის, ბევრმა ახალგაზრდა სპეციალისტმა) სახაზინო სამსახურს შეატყობინა, რომ ისინი ქვეყნიდან ემიგრირებას 2019 წლის პირველ ნახევარში აპირებდნენ. ეს მაჩვენებელი 2011 წლის შედეგს ხუთჯერ აღემატება. ისინი, ვინც 2020 წელს ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებენ, კიდევ უფრო იმედგაცრუებულნი იქნებიან.
სარა მასლინი, ბრაზილიის კორესპონდენტი, The Economist, ბრაზილია