კოლოსებს შორის მომწყვდეული
2020 წელს კანადა და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლისთავს აღნიშნავენ, თუმცა საზეიმო განწყობაზე არცერთი მათგანი არ არის. 2018 წელს, შეერთებული შტატების მოთხოვნით, კანადაში ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ის ხელმძღვანელის ქალიშვილი, მენგ ვანჯოუ დააპატიმრეს. მას შემდეგ ჩინურ-კანადური ურთიერთობები დაიძაბა. კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოსათვის ამ არასახარბიელო ვითარების გამოსწორება უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.
საგარეო პოლიტიკას ბატონი ტრიუდო შიდა წინააღმდეგობების გარეშე ვეღარ წარმართავს. ოქტომბრის არჩევნების შედეგად, მან პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამჟამად, ტრიუდოს პარტიას 338-ადგილიან პარლამენტში 157-დეპუტატიანი უმცირესობა ჰყავს. პრემიერმინისტრი იძულებულია ოპოზიციონერ კონსერვატორებს და სხვა პარტიებს ანგარიში გაუწიოს. არჩევნების შემდეგ, ტრიუდოს ჩინური გეგმები კრიტიკის ქვეშ მოექცა. შედეგად, პრემიერმა განაცხადა, რომ მხოლოდ შესაბამის ექსპერტებთან საკითხის დამატებით განხილვებს ელოდება.
ეს მარტივი არ იქნება. შეერთებულ შტატებში ექსტრადაციის მიზნით ქალბატონ მენგის დაკავების საპასუხოდ, ჩინეთში კანადის ორი მოქალაქე დააკავეს. კანადის მთავრობის აზრით, მათ შპიონაჟის ცრუ ბრალდებები წაუყენეს. ჩინეთის მთავრობის ქმედებების დაგმობის მიზნით, კანადამ მეკავშირეთა კონსოლიდირება მოახდინა. შემდგომი ნაბიჯი იყო ჩინეთის მიერ კანადიდან იმპორტის აკრძალვები, მაგალითად − რაფსის ზეთის. ასევე, ჩინეთიდან გაისმა ბრალდება, რომ თეთრკანიანთა რასობრივი სუპრემაციის თვალსაზრისით, კანადა შეერთებული შტატების დანამატია. ჩინეთის საკითხზე მომუშავე სტაჟიანი კანადელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კრიზისში შევიდა.
მსოფლიოში უმსხვილეს სავაჭრო ძალასთან პარტნიორობის გარეშე, ვაჭრობაზე დამოკიდებულ კანადას მარგინალიზაცია და ეკონომიკური სტაგნაცია ემუქრება. ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა პასიურ ამომრჩევლებში გავრცელებული უკმაყოფილების დამარცხება უნდა შეძლოს. ასეთ ამომრჩეველთა 90% ჩინეთს უარყოფითად ან გარკვეულწილად უარყოფითად აღიქვამს და (ჩინეთის საწინააღმდეგო ალიანსში ჩართვის მიზნით) ამერიკულ ზემოქმედებასაც ეწინააღმდეგება. 1970 წელს, მსგავსი ზემოქმედების დაძლევა პიერ ტრიუდომ წარმატებით მოახერხა და „წითელ ჩინეთთან“ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
ჩინეთის საწინააღმდეგოდ ამერიკასთან ალიანსს კონსერვატორები დიდი ხანია ემხრობიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს კანადურ-ჩინური ურთიერთობების სრულად გაწყვეტის საწინდარი იქნება. მათი აზრით, ჩინეთი კანადისაგან ფუნდამენტურად განსხვავდება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით. ასე რომ, ქვეყნისათვის ამერიკულ ალიანსში ყოფნა ბევრად უსაფრთხოდ წარმოუდგენიათ. კანადის საგარეო ვაჭრობაში შეერთებულ შტატებს კვლავ წამყვანი პოზიცია ექნება. უკანასკნელ პერიოდში ამერიკულ ბაზარზე წვდომას ხშირად საფრთხე ემუქრება, თუმცა დონალდ ტრამპი მუდმივი მოვლენა არ არის (ან ასე ფიქრობენ კანადელი კონსერვატორები).
ლიბერალებს ჩინეთის საკითხი არ მიუტოვებიათ, მინიმუმ, როგორც პოტენციური სავაჭრო პარტნიორი. თუმცა, კანადელთა დაკავების გამო, საერთაშორისო კრიტიკის წახალისებას, ჰონკონგში საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერას ჩინეთში ძალიან მტკივნეულად იღებენ. აქ საერთაშორისო რეპუტაცია და სუვერენიტეტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პრობლემები. ლიბერალების აქცენტი ადამიანის უფლებებზე (ისევე, როგორც კონსერვატორების) არ ითვალისწინებს იმ ძირითად მიზეზს, რის გამოც, ნახევარი საუკუნის წინ, კანადამ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა: პიერ ტრიუდოს სურდა ჩინეთი ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის ნაწილი ყოფილიყო.
კანადის პრემიერ-მინისტრი მამის მიზნებს თუ გაითვალისწინებს და ურთიერთობების ნორმალიზაციის გზას დაადგება, ეს მას ამერიკული (ჩინეთიდან „განწყვილების“ მოწოდებები) და შიდა წნეხის გამკლავებაში დაეხმარება. წინ ახალი გარდამტეხი მომენტებია. ქალბატონ მენგის ექსტრადირების საქმე გრძელდება. არჩევნების დასრულებამდე არ გადაწყდება მეხუთე თაობის ქსელების მოწყობის პროექტში Huawei-ის მონაწილეობის საკითხი. ჩინეთში ელჩად დომინიკ ბარტონის წარდგენა (ყოფილი საერთაშორისო კონსულტანტი, რომელსაც ჩინეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს) აჩვენებს, რომ კანადას ორმხრივი კავშირების გაგრძელება სურს. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზეც. სულ ახლახან პეკინმა კანადაში ელჩად კარიერული დიპლომატი, კონგ პეი ვუ წარადგინა.
ერთხელ, პიერ ტრუდომ კანადა თაგვს შეადარა, რომელსაც ამერიკული სპილოს გვერდით სძინავს. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კონტექსტში, მისმა ვაჟმა, ჯასტინმა განაცხადა: კანადას მასზე ბევრად მსხვილ ქვეყნებთან „პირდაპირი და წარმატებული“ ურთიერთობების დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ ტაქტიკას მოითხოვს. ვინაიდან პრემიერ-მინისტრი კანადურ-ჩინური ურთიერთობების გამოსწორებას აპირებს, შესაძლოა, მას აზბესტის ხელთათმანები დასჭირდეს.
მედელინ დროჰანი, კანადის კორესპონდენტი, The Economist, ოტავა