ვენესუელას შეცვლის გზები

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვენესუელას ხალხმა ბევრი მძიმე გამოცდა გადაიტანა. წარსულში, ჩვენი დემოკრატიული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებული ტირანული რეჟიმებისგან გამოქცეულთათვის თავშესაფარს წარმოადგენდა. ერთი ადამიანისა და მისი გარემოცვის ძალაუფლების წყურვილის გამო, ეს სისტემა ახლა აღარ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოსთვის რთულია აღიქვას, თუ როგორ მოახერხა სიღარიბის დაძლევისა და დემოკრატიის ლოზუნგებით ორი ათეული წლის წინ აღზევებულმა რეჟიმმა საპირისპირო შედეგის მიღება − ქვეყნის მიყვანა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კოლაფსამდე. 

„21-ე საუკუნის სოციალიზმის“ (როგორც დიქტატორი უწოდებს) ერთადერთი შედეგია კომპლექსური ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი რეგიონისთვის. ვენესუელას 10 მოქალაქიდან 9 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ჩვენს საავადმყოფოებში სამკურნალო საშუალებებისა და ექიმების უკმარისობაა. სკოლებს მასწავლებლები არ ჰყოფნით. მოსახლეობა შიშის ქვეშ ცხოვრობს. 

ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებმა, გულგრილობამ და მასიურმა კორუფციამ ჩვენი ეკონომიკა დაანგრია. 1998 წელს, ვენესუელაში ნავთობის დღიური მოპოვება 3,1 მილიონ ბარელს შეადგენდა და ქვეყანა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებში ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2019 წლის სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 650 ათასს არ აღემატებოდა. იგივე ვითარებაა გადამამუშავებელ საწარმოებში, რომლებიც ჩვენი ბენზინისა და სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტის წყაროა. დღეს, ვენესუელას ასეულ ათასობით მოქალაქეს საწვავის შესაძენად რიგში დგომა უწევს. 

ანალოგიურად, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სისტემაა დანგრეული. მოსახლეობას ელექტროენერგია საათობით, ზოგჯერ დღეობით, არ მიეწოდება. და ეს მაშინ, როცა ჩვენ სიდიდით მეოთხე ჰიდროელექტროსადგური გვაქვს. 1998 წელს, არასანავთობო კერძო სექტორზე ექსპორტის ყოველი სამი დოლარიდან ერთი მოდიოდა და ეს მიმართულება დასაქმების ძირითადი წყარო იყო. აბსურდული, იდეოლოგიზებული პოლიტიკის გამო, ეკონომიკის ეს ნაწილიც განადგურებულია. 

უფრო მეტი − თავის გადარჩენის მიზნით, რეჟიმი ძალაუფლებას არასახელმწიფო წარმონაქმნებს უნაწილებს, როგორიცაა კოლუმბიაში მოქმედი ნაციონალური განმათავისუფლებელი არმია, (ELN) და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები თუ ორგანიზებული კრიმინალური წრეები. მადუროს აშკარა კავშირები ამგვარ უკანონო ფორმირებებთან და კრიმინალებთან ჩვენი მეზობლებისთვის ნამდვილი პრობლემა გახდა. 

ყოველივე ამან ვენესუელას 4.3 მლნ მკვიდრს ქვეყნის დატოვება აიძულა, განსაკუთრებით − უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. ისტორიულად, ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან, ჩვენ მილიონობით მიგრანტს ვიღებდით. მეტად გულდასაწყვეტია იმის ხილვა, რომ დღეს ჩვენ ერად ვიქეცით, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოდან გაქცევას აიძულებს. და ეს ყველაფერი ერთი მუჭა ადამიანების უნიათო მმართველობის გამო. 

პარადოქსია, რომ ეს ვითარება ვენესუელაში მაშინ შეიქმნა, როცა შიმშილი, ბავშვთა არასწორი კვება და სიღარიბე მთელ მსოფლიოში უკან იხევს. წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრის, განათლებისა და ჯანდაცვის განვითარების, სასმელ წყალზე წვდომის გაუმჯობესებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალური მასშტაბით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებენ. ვენესუელა ამ ტენდენციის მიღმა აღმოჩნდა. 

ვენესუელაში მზად არიან, დემოკრატიის დაბრუნების შემდეგ, მსოფლიო პროცესების მონაწილენი გახდნენ. მიმდინარე პრობლემების მიუხედავად, ჩვენი დიასპორების მიერ მიღებული ცოდნის უპირატესობის გამოყენებას შევძლებთ. მიგრანტები, რომლებმაც ვენესუელა დატოვეს, შესაძლებლობების უზარმაზარ წყაროს წარმოადგენენ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ისინი ვენესუელას გააერთიანებენ და წინ წასწევენ. ასეთი შესაძლებლობები კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა. მეტიც − მიგრანტების დიდ უმრავლესობას სამშობლოში დაბრუნება სურს. 

ვენესუელელთათვის ეს კოლექტიური ცოდნის მიღების მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესია. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მთავარი სიმდიდრე ხალხია, და არა უხვი ბუნებრივი რესურსები. ეს ნამდვილი ადამიანური კაპიტალია, რომელსაც ჩვენი ინსტიტუციების კვალდაკვალ აღვადგენთ. 

 

იმედის ძალა

2020 წელს და შემდგომ, მსოფლიო ვენესუელას ხელახალი დაბადების მოწმე გახდება, მაგრამ ამისათვის ჩვენ ნიკოლას მადუროს უზურპატორული რეჟიმი უნდა დავამარცხოთ და დემოკრატიული გარდაქმნა დავიწყოთ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მსოფლიო დემოკრატიების უმრავლესობის მხარდაჭერით ვსარგებლობთ. 

ძალა, რომელიც ვენესუელელ ხალხს ბრძოლის ჟინს უნარჩუნებს, იმედია. ჰუმანიტარული კრიზისის მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეები ქუჩებში მარშირებენ, თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობენ, ამ ტრაგედიის მშვიდობიან და დემოკრატულ დასრულებას ითხოვენ. მთელი ერი, ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ, თავისუფლებისკენ სწრაფვაში სიმტკიცეს ამჟღავნებს. 

რეჟიმი შიშის დათესვას ცდილობს. ჩვენ ვესწრაფვით იმედს, საკუთარ ძალებში რწმენას და საკუთარ ოცნებებს. ერთიანი ძალებით, ჩვენ მივაღწევთ ცვლილებებს, რომელიც ვენესუელას სასწრაფოდ სჭირდება. ჩვენ არასოდეს დავუბრუნდებით ქვეყანას, რომელიც ოდესღაც ვიყავით, მაგრამ წარსულისგან დასკვნებს გამოვიტანთ, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ.

ხუან გუაიდო, ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარე