გაყოფილი, დაზიანებული, შემცირებული
დეკემბრის არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატორთა მიერ მოპოვებული გამაოგნებელი გამარჯვებით ბრექსიტთან დაკავშირებული ერთი საკითხი გაირკვა − ბრიტანეთი ევროკავშირს ფორმალურად დატოვებს შედარებით რბილი პირობებით, რომლებსაც ჯონსონმა მოლაპარაკებებით მიაღწია. პარლამენტში მისი 80-ადგილიანი უმრავლესობა ნიშნავს, რომ ევროკავშირში დარჩენის მომხრეები გარიგებას ვეღარ დაბლოკავენ. მაგრამ, რა მოხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს, კვლავ ბურუსითაა მოცული. 2020 წელს ბრექსიტი გიგანტური კალმარივით იქნება, რომელიც ერზე ზის, სასიცოცხლო ენერგიას სწოვს და მისგან დახსნასაც არ აპირებს. ბრექსიტის გავლენა შეგვიძლია სამი სიტყვით შევაჯამოთ: დაყოფა, დაზიანება და შემცირება.
ბრექსიტი ბრიტანელების პოზიციებს ნებისმიერ სხვა პრობლემაზე მეტად გახლეჩს. ლეიბორისტ და კონსერვატორ ამომრჩეველთა ძველი კლასობრივი უთანხმოების რღვევა ჯერ კიდევ 2016 წლის რეფერენდუმამდე დაიწყო. ამ უკანასკნელმა დააჩქარა ახალი საზოგადოებრივ-კულტურული გათიშულობის ჩამოყალიბება: ერთი მხრივ ურბანული ზონები, რომლებიც უნივერსიტეტთა კურსდამთავრებულებს მასობრივად იზიდავს; მეორე მხრივ, პროვინციები, სადაც ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულება ჭარბობს. ახალი საზოგადოებრივი დაყოფა აისახება ლეიბორისტებზეც და ტორებზეც.
მას შემდეგაც კი, რაც ბრექსიტის საკითხი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამომყვანი გარიგების დადებით „გადაწყდება“, ქვეყანას კვლავ მოუწევს მოლაპარაკების წარმოება ევროპულ კლუბთან თავისი მკაფიო ურთიერთობების განსასაზღვრად. ეს არც ისე მარტივი იქნება.
აღნიშნული პროცესებით გამოწვეული ზიანი კიდევ უფრო ცხადი გახდება. ბრექსიტი ბრიტანული ინსტიტუტების ნგრევას გააგრძელებს. ეს ნამდვილი გამოცდა იქნება (შესაძლოა, ზოგჯერ გახლეჩვაც) კონსტიტუციის მდგენელი კომპონენტების ურთიერთკავშირებისთვის: მთავრობა და პარლამენტი; პარლამენტარები და მათი ამომრჩევლები; მთავრობა, პარლამენტი და სასამართლო ორგანოები. ეს ყოველივე ბრიტანეთის საზოგადოების პოლიტიკურ კლასთან შემდგომ გაუცხოებას გამოიწვევს. კვლევით ცენტრ Hansard Society-ის მიხედვით, ბრიტანელთა 37% მიიჩნევს, რომ სისტემას „ბევრი ცვლილება“ ესაჭიროება. ეს მაჩვენებელი 10 პუნქტით აღემატება 2010 წლის სარეკორდო მონაცემს, როდესაც ბრიტანელი პარლამენტარები ხარჯებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვნენ. ახლა საპროტესტო მარშები თითქმის ყოველ კვირას იმართება. იგივე შეიძლება განმეორდეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევაში, რომლის იშვიათობამ ბრიტანეთი უაღრესად მშვიდობიან ქვეყნად აქცია.
ბრექსიტი ბრიტანეთს მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო მეტად დააკნინებს, ვიდრე ეს რეალობაშია. საეჭვო გახდა ბრიტანელთა პრაგმატულობის გავრცელებული იდეა, რაც რთულ ვითარებებში გადაწყვეტის პოვნის უნარს გულისხმობს. შეილახა მისი, როგორც უმაღლესი დონის დიპლომატიის მქონე ქვეყნის, რეპუტაცია. მოლაპარაკებების პროცესში, ბრიტანელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ევროპელ კოლეგებთან შედარებით, სასაცილომდე მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. ბრექსიტმა ხაზი გაუსვა შიშებს, რომ იმპერიული ეპოქის შემდეგ, მსოფლიოში საკუთარი პოზიციების შესუსტებას ბრიტანეთი ვერა და ვერ შეეგუა.
ბრექსიტმა გლობალურ პროცესებზე ქვეყნის რეალური გავლენებიც შეარყია. ევროკავშირის წევრობა ამერიკის ურთიერთობასთან კონტექსტში ბრიტანეთის მნიშვნელობას ამყარებდა. იმავდროულად, ბრიტანულ-ამერიკული მჭიდრო კავშირები ევროკავშირის შიგნით ბრიტანულ გავლენებსაც აძლიერებდა. ათეულობით ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებით, ევროკავშირმა გლობალურ სარბიელზე ბრიტანეთის პოზიციებიც განამტკიცა. 2020 წელს, ბორის ჯონსონის თეზისები „გლობალური ბრიტანეთის“ შესახებ არნახული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. საქმე იმაშია, რომ ქვეყანა ევროპა-ამერიკის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას დაკარგავს, ხოლო განვითარებად სამყაროში ჩინეთის გავლენები გაიზრდება. მოქნილი პოლიტიკის წყალობით, შედარებით მცირე მოთამაშეები შესაძლოა გადარჩნენ, მაგრამ არა მათი სისხლისმწოველი გიგანტური პარაზიტის პირობებში.
ედრიან ვულდრიჯი, Bagehot-ის მესვეტე, The Economist