ფიქრი The Box-ში
ახალ სამყაროში კოლონიის დასაარსებლად 1620 წელს პურიტანმა სეპარატისტებმა ორი გემი − „სპიდველი“ და „მეიფლაუერი“ მოამზადეს. საუთჰემპტონიდან და დარტმუთიდან ორი წარუმატებელი სტარტის შემდეგ, მოგზაურები პლიმუთში შეჩერდნენ და დაზიანებული „სპიდველი“ მიატოვეს. 16 სექტემბერს 102 მგზავრით დატვირთულმა „მეიფლაუერმა“ თავისი მოგზაურობა პლიმუთიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილზე კოლონისტები ზამთრისათვის მოუმზადებელნი ჩავიდნენ, თუმცა ბევრი მათგანი გადარჩა. სწორედ ამ პურიტანი კოლონისტების მემკვიდრეობაა ამერიკული დემოკრატია, ქვეყნის საყვარელი დღესასწაული და 35 მილიონი შთამომავალი (მათ შორის 10 მლნ მხოლოდ აშშ-ში). ოთხი საუკუნის შემდეგ, პლიმუთი მზად არის პილიგრიმთა შთამომავლებს მთელი ერთწლიანი ზეიმით უმასპინძლოს.
ფართო საზოგადოებისათვის ქალაქის წარმოსაჩენად, სექტემბერში დაგეგმილია 5 მილიონი გირვანქის (6.5 მლნ აშშ დოლარი) ინვესტირება, საიუბილეო ცერემონიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა. ამავე დროს, პროექტის ყველაზე ღირებული დანატოვარი The Box იქნება − კულტურული ჰაბი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. The Box, რომლის მშენებლობისთვის 45 მლნ გირვანქა გაიხარჯა, ექვს კოლექციას ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს. ეს კოლექციები მოიცავს ქალაქის მუზეუმს, ხელოვნების გალერეას, არქივებსა და ბიბლიოთეკას. ჰაბი „მეიფლაუერისადმი“ მიძღვნილი ექსპოზიციით გაიხსნება. ამ გამოფენის თანაკურატორი Wampanoag-ის თემი იქნება − მკვიდრი ამერიკელები, რომელთა წინაპრებმა ინგლისელ კოლონისტებთან ხელშეკრულება გააფორმეს (სახელწოდება The Box მომდინარეობს ბლოკის ფორმის სტრუქტურის მქონე შენობიდან, სადაც არქივი მდებარეობს).
2017 წელს პლიმუთი ბრიტანეთის კულტურის ქალაქის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა. ეს იყო ოთხწლიანი მდიდარი დაფინანსების მომტანი სტატუსი, რომელიც მაშინ საპორტო ქალაქმა ჰალმა მიიღო. „ასე რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი საკუთარი ძალებით გავაკეთოთ“, − ამბობს ჩარლზ ჰაკეტი, პლიმუთის პროექტის ზედამხედველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
პლიმუთის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ქალაქს უამრავი სტუმარი ეწვევა, რომლებიც შესაძლოა პლიმუთში ვიზიტს მანამდე არ გეგმავდნენ. შედეგად, ისინი უამრავ ნაცნობ-მეგობარს მოუყვებიან, თუ რამდენად ჩინებული ადგილია ეს ქალაქი.
კულტურული მიზიდულობის ცენტრის შექმნის გზით ქალაქის აქტუალურობის განახლების იდეა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გუგენჰაიმის მუზეუმის გახსნამ (1997 წ.) ბილბაო მსოფლიო კულტურულ რუკაზე მოაქცია. ეს მიდგომა ყოველთვის არ მუშაობს. პლიმუთში ფიქრობენ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის (სადაც ახლა გენეალოგიის უამრავი მიზანსწრაფული თაყვანისმცემელი ცხოვრობს) ისტორიის თანამონაწილეობა ქალაქს უპირატესობას ანიჭებს. ეს არის „მეიფლაუერის ტრამპლინად გამოყენება“, − აღნიშნავს ბატონი ჰაკეტი. თავისი მოგზაურობის დაწყებიდან 400 წლის შემდეგ, გემმა, რომელმაც ახალი ქვეყნის შექმნას დაუდო სათავე, შესაძლოა პატარა ინგლისურ ქალაქს ახალი სული შთაბეროს.
ლეო მირანი, ბრიტანეთის უფროსი კორესპონდენტი, The Economist. პლიმუთი