იუპიტერის გადატვირთვა

ტრანსფორმაცია გუშინდელი ქედმაღალი მმართველიდან დღევანდელ ყურადღებიან პრეზიდენტამდე. მომავალი წლისთვის ეს ემანუელ მაკრონის ახალი სტილი იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტი რეფორმისტული ენერგიის განახლებასა და კონსენსუსის მიღწევას შორის ბალანსის გამოძებნას ცდილობს. საფრანგეთში მშვიდი ვითარება არ არის. პრეზიდენტის მიმართ ნდობა მყიფეა. არსებობს რისკი, რომ მაკრონის ახალი მიდგომა მის საშინაო ამბიციებს დაასამარებს. 

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ბატონი მაკრონი, საპასუხოდ დამამშვიდებელ რიტორიკას გამოიყენებს. იგი 2019 წელს ქალაქის თვითმმართველობებში გამართულ შეხვედრებს გაიმეორებს („დიდი ნაციონალური დებატები“). პრეზიდენტი შეეცდება ამ დისკუსიებზე მისი სამომავლო რეფორმები ახსნას. უნდა ველოდოთ, რომ პრეზიდენტი მუნიციპალიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოივლის, პერანგის სახელოებაწეული, შეკითხვებს უპასუხებს და ამით საკუთარი მიზნების შესრულებას შეეცდება. 

ყველაზე რთული მიმართულება საპენსიო რეფორმა იქნება, რომლის პარლამენტში დამტკიცებას მთავრობა ზაფხულამდე შეეცდება. ბატონ მაკრონს სურს ქვეყნის 47 საპენსიო რეჟიმი ერთიან, ქულებზე დაფუძნებულ სისტემად გარდაქმნას. არსებული სისტემა, გარდა იმისა, რომ რთულად სამართავია, პოლიტიკურად ფეთქებადსაშიშია. ადამიანები, რომლებიც უპირატესობებს კარგავენ, ქუჩებში საპროტესტოდ გადიან. ისინი ბატონ მაკრონს სახელმწიფო სოციალური სისტემის მოშლაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ რეფორმის ამბიცია მთლიანობაში შეინარჩუნოს და, იმავდროულად, საპროტესტო განწყობების მართვაც მოახერხოს. 

ახალი საპენსიო სისტემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მარტის თვეში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების შემდეგ მოხდება. არჩევნები ქვეყნის 35 ათას კომუნაში ჩატარდება. საფრანგეთში მერები ძალიან უყვართ, ასე რომ, ეს არჩევნები ძალიან კარგი საზომი იქნება, რომელიც ბატონ მაკრონის ახალგაზრდა პარტიის „რესპუბლიკა, წინ!“ სახალხო მხარდაჭერის ხარისხს აჩვენებს. შესაძლოა, შედეგები ძალზე იმედის გამაცრუებელი იყოს. განსაკუთრებით სიმბოლური პარიზისათვის ბრძოლა იქნება. მაკრონის მხარდამჭერი, ბენჟამინ გრივო, დედაქალაქში, ანი იდალგოს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ქალაქის ამჟამად მოქმედი სოციალისტი მერია. ბრძოლა თანაბარი იქნება. თუმცა, შესაძლოა ბატონი გრივოს კამპანია ჩავარდეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მას მეტოქეობას საკუთარი თანაგუნდელი, პოპულარული მათემატიკოსი და მაკრონის პარტიის მეორე პირი, სედრიკ ვილანიც უწევს. თუ ეს შიდა დაპირისპირება მაკრონის მიერ პარიზზე კონტროლის მოპოვების შანსს დაემუქრება, იგი საარჩევნო რბოლაში ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს ჩააბამს. ასეთ შემთხვევაში, პრემიერის პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი ჟან-ივ ლე დრიანი იქნება. 

ორი საკითხის პედალირებას ბატონი მაკრონი მთელი წლის განმავლობაში მოახდენს − ნაწილობრივ, კონკურენტთა რიგების დესტაბილიზაციის მიზნით. „მწვანეთა“ შეტევების მოსაგერიებლად, პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მის გლობალურ ბრძოლას და ეკომეგობრული ეკონომიკის შექმნის მცდელობას გაუსვამს ხაზს. ნაციონალისტებისა და მარინ ლეპენის საპასუხოდ, იგი იმიგრაციის საკითხებზე ხისტ პოზიციას დააფიქსირებს. საფრანგეთის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ძალიან ცვალებადია. ასეთ პირობებში უნდა დავაკვირდეთ ისეთ ლიდერებს, როგორებიცაა „მწვანეების“ წარმომადგენელი, იანიკ ჟადო, სოციალისტი ბერნარ კაზნევი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი), მემარჯვენე ცენტრისტი, ხავიერ ბერტრანი და ქალბატონ ლეპენის ამბიციური დისშვილი, მემარჯვენე ნაციონალისტი, მარიონ მარეშალი. 

შიდა ასპარეზზე წნეხის ქვეშ მოქცეული ბატონი მაკრონი საზღვარგარეთ ევროპის შემდგომ ბუნებრივ ლიდერად თავის წარმოჩენას შეეცდება. მომავალ წელს საფრანგეთის ეროვნული გმირის, ჟანა დ’არკის კანონიზაციიდან 100 წელი სრულდება. ირანის, სირიისა და რუსეთ-უკრაინის საკითხებზე, ბატონი მაკრონი შუამავლის ფუნქციის შესრულების გაგრძელებას ჯიუტად შეეცდება (რამდენადაც უმნიშვნელო უნდა იყოს ამ შუამავლობის შედეგები).

 ევროპა − ეს მე ვარ

ამგვარი მცდელობებით, იგი მეგობრებს ყველგან ვერ მოიპოვებს. მაკრონის მცდელობებს, რუსეთი ევროპულ ორბიტაზე შეინარჩუნოს და ჩინეთის გავლენას არ დაუქვემდებაროს, ბერლინსა და აღმოსავლეთის ნაწილში ფრთხილად შეხვდებიან. თუმცა, თუ იგი საქმეებს სწორად წარმართავს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, გერმანიის ეკონომიკისა და ანგელა მერკელის პრობლემები, მეგობრულად განწყობილი ევროკომისია იშვიათ შესაძლებლობას ქმნის, რომ ბატონი მაკრონი კონტინენტის ახალ ლიდერად მოგვევლინოს. 

სოფი პედერი, პარიზის ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist, პარიზი