პოლიტიკური რყევები თურქეთში
ტერორისტული თავდასხმების ტალღის შემდეგ, სირიიდან ოთხი მილიონი ლტოლვილის შემოსვლა, წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება, შემდგომი მასობრივი წმენდა და დაპატიმრებები, სავალუტო კრიზისი − ეს ყოველივე თურქეთს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაატყდა თავს. ასე რომ, თურქებისათვის კარგი ამბავი ამ პერიოდში არ არსებობდა. 2020 წლისთვის, არსებობს გარკვეული იმედი, რომ ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა.
ხუთი წლის განმავლობაში შვიდი არჩევნების შემდეგ (ბოლოს სტამბოლის მერის წინააღმდეგობრივი არჩევნები), ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებთან მისვლა აღარ მოუწევთ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შესაძლოა, თურქეთში არჩევნები არ შედგეს. 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკამ რეცესიას თავი გაჭირვებით დააღწია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობამ ეკონომიკური სანქციები აიცილა თავიდან, როდესაც რუსული თავდაცვითი სარაკეტო სისტემის შესყიდვის გამო, NATO-ს წევრი მოკავშირე ქვეყნის დასჯა აშშ-მ გადაიფიქრა.
თუმცა, ქვეყნის ღრმა პოლიტიკური ხარვეზების ფონზე, წნეხი იზრდება. ბატონ ერდოღანის და მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK) მიერ წლობით ნაგროვებ კონსერვატიულ ამომრჩეველთა ბაზაში ნაპრალები ჩნდება. 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მიღწეული წარმატებით ფრთაშესხმული სეკულარული ოპოზიცია კონსერვატორი და ქურთი ამომრჩევლების გულების მოსაგებად ახალ გზებს იპოვის. ბატონ ერდოღანს გამოწვევები შიდა გარემოცვიდანაც ექნება. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის რიგები დატოვეს. როგორც ჩანს, ისინი ერთი ან მეტი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ.
ვალის დონე თურქეთში კვლავ მაღალია. ქვეყანა მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, მათ შორისაა დიპლომატიური კრიზისები (აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობაში). რუსული სარაკეტო სისტემის, S-400-ის შესყიდვა თურქეთს ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო თვითმფრინავ F35-ის პროექტში მონაწილეობის ფასად დაუჯდა. ქვეყანამ 22 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტები დაკარგა. თუ დავუშვებთ, რომ ბატონი ერდოღანი რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას გააგრძელებს, ამერიკა საპასუხო სანქციებს შემოიღებს.
ყველაზე დიდ შეშფოთებას მეზობელ სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იწვევს. თურქეთმა იერიში მიიტანა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრებ ქურთებზე, რომლებიც ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობენ. შედეგად, ქვეყანამ ამერიკასთან დიპლომატიური კრიზისი, ხოლო რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან სანქციები მიიღო. შესაძლოა, მალე, თურქეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან წამოსული ლტოლვილების ახალ ნაკადთან გამკლავება მოუწიოს. რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აქ ჩაშლის პირასაა. რუსეთისა და მისი რეჟიმის სამხედრო მანქანას ათეულ ათასობით ისლამისტი მეამბოხე და სამმილიონიანი მშვიდობიანი მოსახლეობა უპირისპირდება.
უკვე თურქეთში მყოფი ლტოლვილების ბედიც გაურკვეველია. ბატონი ერდოღანი ამბობს, რომ ორი მილიონი ლტოლვილის „უსაფრთხო ზონებში“ გადასახლება სურს, რომლებიც სირიის უპირატესად ქურთებით დასახლებულ რეგიონებში მოეწყობა. კრიტიკოსებისთვის, ეს დემოგრაფიულ ინჟინერიას წააგავს. ბატონმა ერდოღანმა დასავლეთის მთავრობები გააფრთხილა, რომ მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, თურქეთი ევროკავშირთან 2016 წელს მიღწეულ შეთანხმებას გადახედავს და უამრავ ლტოლვილს საბერძნეთისკენ გზას გაუხსნის.
პიოტრ ზალევსკი, თურქეთის კორესპონდენტი, The Economist ანკარა