პუტინის პრიზმა
მსოფლიოს ვლადიმირ პუტინის თვალით თუ შეხედავთ, უკეთესს ვერც კი ინატრებდით. მთავარი ოპონენტი − აშშ, რომელზეც საკუთარი სიძლიერის თუ სისუსტის სწორებასაც რუსეთი ყოველთვის ახდენს, შფოთიანობამ მოიცვა. უფრო უკეთესი − შტატების ბოლო კრიზისი უკრაინას უკავშირდება, რომელსაც რუსეთი ყოველთვის თავისი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილავს. ბრიტანეთი − ამერიკის უახლოესი პარტნიორი და რუსეთის გამაღიზიანებელი, კრიზისულ მდგომარეობაშია. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს ემხრობოდა, ემანუელ მაკრონმა გადაწონა. საფრანგეთის პრეზიდენტს რუსეთის ჩართვა ახალი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში სურს. როგორ მოახერხებს ბატონი პუტინი ამ სისუსტეებიდან სარგებლის მიღებას 2020 წელს?
უკრაინის დონბასში რუსეთის მარიონეტების მიერ წარმოებული ომი მალე შესაძლოა ისე დამთავრდეს, რომ ამან მოსკოვის მიზნები დააკმაყოფილოს. შემოსავლების კლებისა და საპენსიო ასაკის ზრდის ფონზე, ქვეყნის საზღვარგარეთული ავანტიურები რუსებს უფრო აღიზიანებთ, ვიდრე აღაფრთოვანებთ. ბატონ პუტინისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზებას და სანქციების გაუქმებას მიაღწევს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება სურს და რუსეთთან მოლაპარაკების მზადყოფნაზე მიანიშნებს.
უკრაინისთვის, პუტინის იდეალური გეგმა იქნებოდა დონბასისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭება. ადგილობრივი არჩევნები პრორუსული კანდიდატების ლეგიტიმაციას მოახდენდა. დონბასის დე-იურე კონტროლს კიევი, ხოლო დე-ფაქტო კონტროლს მოსკოვი განახორციელებდა. ყირიმისგან განსხვავებით, დონბასის კონფლიქტი ტერიტორიის მიტაცებას არ უკავშირდებოდა. ამოცანას წარმოადგენდა ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც რუსეთს უკრაინაზე წნეხის შეხედულებისამებრ მართვის საშუალებას მისცემდა.
უკრაინელთა უმრავლესობა დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს. მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი ომის დასრულების ვარიანტის მისაღწევად, ბატონ ზელენსკის ევროპისა და ამერიკის მაქსიმალურად მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა, დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ერთადერთი, რასაც ის იღებს, წნეხის ქვეშ ყოფნაა. ახლახან, ბატონმა ტრამპმა ბატონ ზელენსკის ნიუ იორკში შემდეგი განუცხადა: „მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ თქვენ და პრეზიდენტი პუტინი ერთმანეთს შეხვდებით და საერთო პრობლემის გადაწყვეტას შეძლებთ“. ამერიკისა და რუსეთის წნეხის ქვეშ მოქცეული უკრაინისთვის, საკუთარი თავის დაცვა 2020 წელს მარტივი არ იქნება.
არკადი ოსტროვსკი, რუსეთის რედაქტორი, The Economist