კიდევ ერთი მცდელობა
გასული ოთხი წლის განმავლობაში, ესპანეთისთვის აქტუალური შეკითხვა 2020 წლის დასაწყისიდანაც დღის წესრიგში იქნება: შეუძლიათ პოლიტიკოსებს ძლიერი რეფორმისტული მთავრობის შექმნა?
მობეზრებული ამომრჩევლები მარჯვნივ თუ არ გადაიხრებიან, ბოლო არჩევნების შედეგები 2019 წლის აპრილის კენჭისყრისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება. მაშინ სოციალისტებმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს, თუმცა ეს საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მოვლენები ახლაც მსგავსი სცენარით თუ წარიმართება, სოციალისტი პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი იგივე ამოცანის წინაშე დადგება, რომლის გადაწყვეტა 2019 წელს ვერ შეძლო: მემარჯვენე-ცენტრისტულ Ciudadanos-სთან ან მემარცხენე კოლეგებთან შეთანხმების მიღწევა. ამჟამად, მემარცხენეთა ფრთა Podemos-ს და ახალ განაყოფს, Más País-ს მოიცავს. ამ ორი შეთანხმებიდან, მარტივად მისაღწევი არცერთი არ იქნება. ესპანელი პარტიული ლიდერები ვერ აცნობიერებენ, რომ მრავალპარტიულ სისტემაში კომპრომისი აუცილებელია. 2020 წელს, ბოლოსდაბოლოს, მათ ეს უნდა შეძლონ.
ახალი მთავრობის პირველი ამოცანა ქვეყნის ახალი ბიუჯეტის დამტკიცება იქნება, რომელიც 2018 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ხარჯვის კონტროლი გამკაცრდება. ეკონომიკური ზრდა, ისევე როგორც, სამუშაო ადგილების შექმნა, შენელდება. ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 98%-ს შეადგენს. ასეთ პირობებში, ევროს ზონის შესაძლო რეცესიის გათვალისწინებით, ესპანეთს ფისკალური შერბილების საშუალება ნაკლებად აქვს. გაუმჯობესებას სტრუქტურული რეფორმების გატარება სჭირდება, განსაკუთრებით − განათლებისა და ტრენინგების მიმართულებით. სწრაფად მზარდი საპენსიო ვალდებულებების დაფინანსების გზების თაობაზე შეთანხმების მიღწევა, ასევე სასწრაფო ამოცანას წარმოადგენს.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა კატალონია იქნება. დამოუკიდებლობის არაკონსტიტუციური რეფერენდუმის მოწყობის გამო, სასამართლო განხილვების შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში, ცხრა სეპარატისტ ლიდერს ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდეს. ამას საპროტესტო გამოსვლები მოყვა. თუმცა, სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ, შესაძლოა კატალონიაში პოლიტიკური საქმიანობა კვლავ დასაშვები გახდეს, ყოველ შემთხვევაში, ოდნავ მაინც. ორი მთავარი სეპარატისტული პარტიისგან, უფრო უკეთ ორგანიზებული Esquerra ცალმხრივი ქმედებების ნებისმიერ გამეორებას, სავარაუდოდ, გაემიჯნება. პარტია ადგილობრივი არჩევნების ინიციატორი იქნება, სადაც კატალონიის ყოფილ პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონის მომაკვდავი პარტიის დამარცხების იმედი ექნება. ამავე დროს, ესპანეთი ბატონ პუჩდემონის ბელგიიდან ექსტრადირებას 2020 წელს ელოდება.
შესაძლოა, 2020 წელს ესპანეთის ცენტრალურ მთავრობასა და Esquerra-ს შორის შეთანხმების მომსწრენი გავხდეთ. ეს კატალონიისათვის დაფინანსების გაზრდისა და უფლებამოსილებების გამიჯვნის საწინდარი იქნებოდა. და მაინც, ამაზე ფსონს ცოტა ვინმე თუ ჩამოვა.
მაიკლ რიდი, Bello-ს მესვეტე და მთავარი რედაქტორი, ლათინური ამერიკა და ესპანეთი, The Economist, მადრიდი