ოჰ, ტრიანონი, უნგრელთა გოდება
2020 წელს, ტრიანონის ზავის გაფორმებიდან ასი წლისთავი სრულდება. ეს უნგრეთის ისტორიის მტკივნეული მომენტია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საზავო ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთს სამეფოს ტერიტორიების ორი მესამედი ჩამოერთვა (იხილეთ რუკა) და მისი მოსახლეობის ნახევარი რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უკრაინასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში აღმოჩნდა. ისტორიკოს კრისტიან უნგვარის განცხადებით, ტრიანონი უნგრეთის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა იყო. საკუთარი ქვეყნის დანაწევრებას უნგრელები დღემდე გლოვობენ.
2010 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ფანტომური ტკივილი არ გაქრეს. თავისი პირველი დიდი საკანონმდებლო ცვლილებით, უცხოეთში მცხოვრებ დაახლოებით 2,5 მილიონ ეთნიკურ უნგრელს მან უნგრული პასპორტის მიღების უფლება მიანიჭა. მილიონზე მეტმა ადამიანმა ამ უფლებით ისარგებლა და (უმეტესწილად) ორბანის პარტია Fidesz-ის მხარდამჭერი გახდა. Fidesz-ის მთავრობა უნგრულ დიასპორას ყოველწლიურად 160 მილიარდამდე ფორინტით (540 მლნ აშშ დოლარი) აფინანსებს. 1920 წლის ტრიანონის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის დღე − 4 ივნისი, ბატონმა ორბანმა „ეროვნული ერთიანობის დღედ“ გამოაცხადა. იგი ხელს უწყობს კონფერენციებს და ლექციებს, რომლებიც ამ სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს მიმოიხილავს.
2020 წელს, ეროვნული ერთიანობის დღეს ბატონი ორბანი პარლამენტის წინ ტრიანონისადმი მიძღვნილი გრანდიოზული მონუმენტის გახსნით აღნიშნავს. მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მონუმენტი 100 მეტრი სიგრძის გრანიტის პანდუსი იქნება, რომელზეც 13 ათასი ქალაქისა და სოფლის დასახელებებს ამოტვიფრავენ. ეს დასახლებული პუნქტები, ოდესღაც, უნგრეთის სამეფოს ნაწილი იყო. შედეგად, ისტორიული დანაკარგის შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრდება. ორბანის მთავრობასთან დაახლოებული ისტორიკოსებიც (როგორიცაა ანდრაშ გერო) კი ამბობენ, რომ მონუმენტი ნოსტალგიას წაახალისებს, რომელიც არის გზა არსაით.
ბატონ ორბანს არ გააჩნია ისეთი შორსმიმავალი მოთხოვნები, როგორიცაა საზღვრების გადახედვა. ძველი წყენის დაბრუნება მას ნაციონალისტური კრედოს ხელშეწყობისთვის ეხმარება. ტრიანონი უნგრელებისათვის ტრაგედია იყო. მკურნალობის ნაცვლად, ბატონი ორბანი „ძველ ჭრილობებს მარილს აყრის“.
ვენდელ ფონ ბრიდოუ, ევროპის ბიზნესისა და ფინანსების კორესპონდენტი, The Economist ბერლინი