ტრამპის შოუ, მეორე სეზონი

2020 წლის ჰედლაინებს ძირითადად ორი მოვლენა დაიკავებს − პირველი ამერიკის საპრეზიდენტო კამპანია, მეორე კი მსოფლიო ეკონომიკის სისუსტეა. ორივე მათგანი შეშფოთებას მოიტანს და ერთმანეთზე მოახდენს გავლენას. მომდევნო წელი ცვალებადი იქნება და მისთვის არასტაბილური, ბრაზიანი და პოლარიზებული პოლიტიკა სახასიათო გახდება. ამას ემატება მსოფლიო ეკონომიკის სავარაუდო შესუსტება. ეს უკანასკნელი მოვლენა სულაც არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვის მისცემენ ხმას ამერიკელები 3 ნოემბერს. 

არჩევნების ბევრი ელემენტი კვლავაც გაურკვეველია. ამაში შედის იმპიჩმენტის პროცედურის ზეგავლენა საპრეზიდენტო კანდიდატების პირისპირ დებატებზე, ასევე ისიც, თუ ვის წარმოადგენენ დემოკრატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონკურენტად. ყველაფრის მიუხედავად, ცხადია ის, რომ 2020 წლის კამპანიის მიმდინარეობა ყველაზე დაუნდობელი იქნება ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. 2016 წლის კამპანია გამორჩეულად გულისამრევი გამოდგა, ხოლო ტრამპის პრეზიდენტობა ძალიან ბევრი ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. 2020 წელს ორივე მხარის მილიონობით ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საფრთხეშია თავად ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის საფუძვლები. ამერიკის გარეთ ბევრად მეტ ადამიანს აინტერესებს, თუ რითი დასრულდება არაორდინარული ოთხწლიანი ინტერლუდია, და შეუქცევადად შეიცვალა თუ არა ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მსოფლიო წესრიგის გარანტს წარმოადგენდა. 

ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობრივი უფლებამოსილებების წყალობით, რაც აღმასრულებელი ძალაუფლების მეშვეობით პოლიტიკის შექმნასა და მოსახლეობასთან საკუთარი Twitter-ის ფიდებით წვდომაში გამოიხატება, ბატონი ტრამპი საარჩევნო შოუს იმპრესარიოდ წარმოგვიდგება და დაადგენს როგორც ბრძოლის წესებს, ასევე მის ტონალობასაც. ნებისმიერ კონკურენტს იგი საშიშ სოციალისტად შერაცხავს, რომელსაც ამერიკის იმიგრანტებით წალეკვა განუზრახავს და ეკონომიკისათვის დამანგრეველი უკიდურესად მემარცხენე დღის წესრიგის ერთგულია. ასეთი კლიშე უფრო მართებული იქნება, თუ მისი ოპონენტი მასაჩუსეტსის სენატორი, ელიზაბეთ უორენი აღმოჩნდა. სამართლის ამ ყოფილი პროფესორის გეგმა ამერიკული კაპიტალიზმის გადაკეთებისა, მართლაც რადიკალურია. რიტორიკა მაინც მსგავსი იქნება, თუ დემოკრატები უფრო ცენტრისტულ კანდიდატს წარმოადგენენ, მაგალითად ისეთს, როგორებიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ან ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერობისას უეცარი პოპულარობის მომპოვებელი პიტ ბუტიჯიჩია, რომელმაც სამხედრო ვალდებულება ავღანეთში მოიხადა და იანვარში 38 წლის ხდება. 

ბატონი ტრამპისთვის სამწუხაროდ, ამერიკის ეკონომიკის შესამჩნევი „გაგრილება“ მას გაუძნელებს დაასაბუთოს, რომ ქვეყანა უკვე გახადა კვლავაც დიადი. 2019 წელს უკვე შენელდა გლობალური ზრდა, რისი მიზეზიც ჩინურ-ამერიკული სავაჭრო ომის ზარალის დაგროვება გახდა, რომელმაც, თავის მხრივ მრეწველობის გამოშვებასა და სავაჭრო ნაკადებს ავნო და ბიზნესის თავდაჯერებულობაც შეარყია. აქამდე თავად ამერიკას სირთულეები ნაკლებად შეეხო. მზარდი ხელფასებით, ბატონი ტრამპის მიერ 2017 წელს შემოღებული გადასახადების შეკვეცით მიღებული ხანგრძლივი სტიმულითა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმუშევრობის უმცირესი დონით იმედმიცემული მომხმარებლები 2019 წელსაც თავდაჯერებულობითა და ხარჯვის სურვილით ასრულებდნენ. 

მაგრამ ეს თავდაჯერებულობა 2020 წლიდან მოიკლებს, როცა საფონდო ბირჟა შეირყევა, ფისკალური სტიმული გაქრება და უმუშევრობის დონე ზრდას დაიწყებს. ამერიკა ფორმალურ რეცესიას გადაურჩება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფედერალური რეზერვი სარგებლის განაკვეთის 2019 წლის ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში შემცირების შემდეგ სწრაფად იმოქმედებს განაკვეთის კიდევ უფრო შესაკვეცად. მიუხედავად ამისა, განწყობაში პესიმისტური ტონალობა იმატებს ქვეყნის ისტორიაში დოკუმენტურად დადასტურებული ყველაზე ხანგრძლივი ბუმის დასასრულის მოახლოებასთან ერთად.

 

მანკიერი წრეები

პოლიტიკური დომხალი ვითარებას დაამძიმებს. ბატონი ტრამპი განტევების ვაცს დაუწყებს ძებნას. უფრო ინტენსიური გახდება მისი შეტევები ფედერალური რეზერვის მეთაურ ჯერომ პაუელის წინააღმდეგ. პრეზიდენტი გაკიცხავს ყველა ფირმას, რომელიც თანამშრომლებს დაითხოვს. იგი გადასახადების კიდევ უფრო შეკვეცას მოითხოვს და შემდეგ უმაქნის კონგრესს გააკრიტიკებს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ამას ვერ შეძლებს. ირონიულია, მაგრამ პოლიტიკა ხელს შეუშლის ზრდის ხელშეწყობის ყველაზე გონივრულ გზას — ჩინეთთან ეკონომიკური კონფრონტაციის დასრულებას. მართალია, ბატონი ტრამპი წარმატებას მიაღწევს პრეზიდენტ სი ძინპინთან მინიგარიგების გაფორმებით, მაგრამ კვლავ ძალაში დარჩება ჩინურ საქონელზე დაწესებული ამერიკული ბაჟის უმეტესი ნაწილი, ხოლო განზრახვა, შეეზღუდოს ჩინეთს ამერიკულ ტექნოლოგიებთან წვდომა, კიდევ უფრო მტკიცე გახდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ბატონ ტრამპს არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უფლება, დემოკრატი ოპონენტის მიერ საზოგადოებისთვის „ჩინეთის საკითხზე რბილი პოზიციის მქონე“ კანდიდატად იყოს წარმოდგენილი. არცერთი დემოკრატი კანდიდატი არ წარმართავს კამპანიას ჩინეთთან უფრო მეტი სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობის პოზიციიდან. სხვა რომ არაფერი, გაიზრდება ზემოქმედება ტრამპზე ჩინეთისადმი უფრო აგრესიული მიდგომის მოთხოვნით. დემოკრატები გაკიცხავენ ტრამპს იმის გამო, რომ მან ტოლერანტულობა გამოიჩინა სინძიანის პროვინციაში ჩინეთის მიერ ადამიანთა უფლებების შელახვის მიმართ და ვერ შეძლო ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული გამოსვლების სათანადო ­მხარდაჭერა. 

თუ დემოკრატები უფრო მემარცხენე კანდიდატს შეარჩევენ, მაგალითად ქალბატონ უორენს ან 78 წლის სენატორს ვერმონტიდან, ბატონ ბერნი სანდერსს, ამოქმედდება პოლიტიკისა და ეკონომიკის დამაკავშირებელი დესტაბილიზაციის მეორე არხი. ამერიკული ბიზნესის მთელი რიგი სფეროების რადიკალური ცვლილების შესაძლებლობით (მაგალითად, ქალბატონი უორენი მთელი რიგი ინდუსტრიების ცვლილებას აპირებს − ჯანდაცვით დაწყებული, ფინანსებითა და ტექნოლოგიით დამთავრებული) შეშფოთებული ფინანსური ბაზარი კიდევ უფრო წაიფორხილებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ბატონი ტრამპი საფონდო ბაზრის პრობლემებს უმალვე გადააბრალებს ოპონენტების სოციალისტურ მისწრაფებებს. თუმცაღა, მომხმარებელთა თავდაჯერებულობის შემდგომი კლება პრეზიდენტს გაურთულებს კამპანიის იმ იდეის საფუძველზე წარმოებას, რომ ამერიკის ეკონომიკა სწორედ მისი წყალობითაა ძლიერი.

შეშფოთება მთელ მსოფლიოში

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის სიძნელეები სხვათა სისუსტეს კიდევ უფრო რელიეფურად გამოკვეთს. ჩინეთის ეკონომიკა თუმცა ეტაპობრივად, მაგრამ კიდევ უფრო შენელდება, რადგანაც მის მთავრობას სულ უფრო მეტად უჭირს ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლის მისაღწევად საჭირო სტიმულების გამოძებნა. ამავე დროს, ამის კეთებისას, ჩინეთის მთავრობამ ერთდროულად ვაჭრობის დანაკარგის შევსებაზეც უნდა იზრუნოს და არ უნდა დაუშვას ჭარბი კრედიტის უკონტროლო ზრდა. 

ევროპას განსაკუთრებით რთული წელი ელის. უცხოურ მოთხოვნაზე, განსაკუთრებით ჩინეთზე დამოკიდებულების გამო, გერმანია 2020 წელს რეცესიას მიუახლოვდება და კანცლერ ანგელა მერკელის მიერ მართული ფართო კოალიცია ისეთი მყიფე იქნება, როგორც არასდროს. ანგელა მერკელის ზეობის მიწურულს, პოლიტიკური დამბლა, დეფიციტური ხარჯვისგან თავის არიდების კულტურასთან ერთად, გერმანიას აშკარად მართებული პოლიტიკური ღონისძიების გატარებაზე ააღებინებს ხელს, რაც საშინაო საზოგადოებრივი ინვესტიციების ფისკალურ სტიმულირებაში უნდა ასახულიყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უფრო თამამი მიდგომის საერთოევროპულ დონეზე გალვანიზაციას ეცდება, თუმცა ეს მცდელობები დამარცხდება ბანალურ მცდელობასთან დავაში, რამენაირად შეივსოს ევროკავშირის შვიდი წლის ბიუჯეტში ბრექსიტის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის მოთხოვნის გამოცოცხლების ტვირთი კიდევ ერთხელ დააწვება ევროპის ცენტრალურ ბანკს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუციას ლიდერშიპის ცვლილებასთან ადაპტაცია მოუწევს და უახლოვდება რეგულაციებით დაშვებული სამოქმედო სივრცის ზღვარს. 

2020 წელს ევროპის ცენტრალურ ბანკზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ახალი საფრთხეც შექმნას, რადგანაც ამერიკის ეკონომიკური შენელების ასახსნელად განტევების ვაცის მძებნელი ბატონი ტრამპი თითს ევროპის ცენტრალური ბანკის ნეგატიური საპროცენტო განაკვეთების, როგორც უსამართლო სავაჭრო უპირატესობის შემქმნელი მექანიზმისკენ, გაიშვერს. მის საარჩევნო კამპანიაში მიმობნეული იქნება ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესების მუქარა, რაც საკმარისად დააფრთხობს ინვესტორებს. საფონდო ბირჟის რყევები, რასაც ეს მოიტანს, შესაძლოა საკმარისად შემაშფოთებელი აღმოჩნდეს, რათა ბატონ ტრამპს სავაჭრო ომებში მეორე დიდი ფრონტის გახსნაზე ააღებინოს ხელი. 

უკმაყოფილების ატმოსფერო

მიუხედავად ამისა, რაც უფრო ხშირად მიმართავს ბატონი ტრამპი სატარიფო მუქარას, მით უფრო მოეწონებათ ეს მიდგომა სხვებს. 2020 წლის ნოემბერში გლაზგოს კლიმატის დიდი სამიტის სამზადისში, ევროპელმა ლიდერებმა შესაძლოა სერიოზულად დაიწყონ ნახშირბადის ტარიფების განხილვა (რასაც ისინი მოგვიანებით „სასაზღვრო კორექტირების გადასახადებს“ დაარქმევენ). მართალია, ეს იდეა ნაწილობრივ ლეგიტიმურია, მაგრამ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის არსენალში ახალი ტარიფების შეტანის პერსპექტივა გლობალურ ვაჭრობას კიდევ ერთ შემაშფოთებელ რისკს უმატებს. 

ყველა ეს ფაქტორი ქმნის უკუკავშირის წრედებს ველურ პოლიტიკასა და შესუსტებულ ეკონომიკას შორის. ეს დიდ ცვლილებას მოასწავებს, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მათი შედეგი. უკანასკნელ წლებში გლობალური ექსპანსია პოლიტიკური შოკებისადმი თითქმის შეუვალი ჩანდა. ფინანსურმა ბაზრებმა მოახერხა ბრაზიანი და დამაპირისპირებელი პოლიტიკის თავიდან მოშორება. 2020 ამის საპირისპირო წელი იქნება. 

ასეთი მერყეობა მხოლოდ ეკონომიკაში არ დაფიქსირდება. იგივე დინამიკა აღინიშნება გეოპოლიტიკაშიც. ამერიკის უფრო მეტად ინტროვერტულმა პოლიტიკამ გაზარდა მსოფლიოში დესტრუქციული ქმედებების არეალი. ამის ბოლოდროინდელი მაგალითები მოიცავს თურქეთის მანევრებს ჩრდილოეთ სირიაში, ირანის ინტრიგებს ყურეს რეგიონში ნაოსნობასთან და საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე იაპონიასა და კორეას შორის სავაჭრო დაპირისპირების აფეთქებას. 

მაშინ, როცა ამერიკელ პოლიტიკოსთა ყურადღება მთლიანად საშინაო საარჩევნო დაპირისპირებითაა დაკავებული, დანარჩენი მსოფლიოს მედროვეები „მღვრიე წყალში თევზის დაჭერას“ შეეცდებიან. თუ ეს ზესახელმწიფოს სისუსტეს გამოაჩენს, შესაძლოა ამით გამოწვეულმა უხერხულობამ მსოფლიოში ამერიკის როლის შესახებ დავა საარჩევნო ბატალიების ცენტრში მოაქციოს და საერთაშორისო კრიზისიც კი გამოიწვიოს, თუკი პრეზიდენტი გადამჭრელი რეაგირების აუცილებლობაში დარწმუნდება. 

ასეთი კრიზისი ნამდვილად არ არის ის, რაც შესუსტებულ ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ამერიკის პოლიტიკური ციებ-ცხელების ფონზე, 2020 წელს ამის ალბათობა ჩვეულებრივზე დიდია. ემზადეთ ძლიერი რყევებისთვის. 

ზანი მინტონ ბედოუსი, მთავარი რედაქტორი, The Economist