ანგლოსფერო სინოსფეროს წინააღმდეგ

ანგლოსფეროსა და სინოსფეროს შორის განსხვავებების გასაგებად განიხილეთ „სამხრეთის პარკი“. როცა ამ სატირულმა ამერიკულმა ანიმაციურმა ფილმმა ჩინურ ცენზურას დასცინა, ჩინეთმა ის აკრძალა. შოუს შემქმნელებმა ბოდიში მოიხადეს: „ჩინელ ცენზორებს ჩვენს გულებსა და ჩვენი სახლის კარებს ვუხსნით... სი (იგულისხმება ძინპინი) ვინი პუჰს საერთოდ არ ჰგავს... გაუმარჯოს ჩინეთის დიად კომუნისტურ პარტიას! დაე, ამ შემოდგომის სორგოს მოსავალი იყოს უხვი! ახლა ჩინეთში მიღებულები ვართ?“ 

მსოფლიოს ორი დიდი კულტურა ერთმანეთს შუბლებით შეასკდა. რინგის ერთ კუთხეში ანგლოსფეროა, აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახით. ეს ინგლისურად მოლაპარაკე მდიდარი ქვეყნებია ღია საზოგადოებებით და ავტორიტეტების ხალისიანი მიუღებლობით. საპირისპირო კუთხეში სინოსფეროა, უფრო მკაცრი სივრცე, სადაც სამისდღემჩიო ლიდერის ერთგულებას არა მხოლოდ ყველა ელის, არამედ იგი აუცილებელიცაა. სინოსფერო უმეტესად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან შედგება, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ მყოფთაც მოიცავს. 

შესაძლოა პედანტებმა შარი მოგვდონ, რომ ამათგან არცერთი არსებობს. არც ანგლოსფეროს ჰყავს პრეზიდენტი და არც „სინოსფერული“ კანონია ბუნებაში. მიუხედავად ამისა, ორი სფეროს იდეა მსოფლიოში რაღაცას მაინც ჰფენს ნათელს. გეოპოლიტიკის ცენტრში მყოფ ზესახელმწიფოთა დაპირისპირება ნაწილობრივ მაინც იმას ასახავს, რომ ორი მეტად განსხვავებული საზოგადოება მშვიდობიან თანაარსებობას ვერ ახერხებს.   

ხუთ ინგლისურენოვან დემოკრატიას უამრავი რამ აქვს საერთო. ყველა მათგანში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და მაქსიმალურად უწყობენ ხელს თავისუფალ მეწარმეობას (თუმცა, ეს ქვეყნებიც ხშირად ვერ ახერხებენ ამ იდეალების დაცვას). ეს საცხოვრებლად მიმზიდველი ქვეყნებიცაა. ეს ქვეყნები მსოფლიოს კვალიფიციური იმიგრანტების ორ მესამედს იზიდავენ. ამის საპირისპიროდ, იმ 750 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც გელაპის სააგენტოს გამოკითხვის მიხედვით, ემიგრაციაში წასვლას გეგმავენ, მხოლოდ 1%-ს სურს ჩინეთში გადაბარგება. მხოლოდ სიდნეიში უფრო მეტი უცხოეთში დაბადებული რეზიდენტია, ვიდრე კონტინენტურ ჩინეთში.

ანგლოსფეროს წევრ-სახელმწიფოებს ერთმანეთთან უფრო გულთბილი კავშირები აქვთ, ვიდრე სხვა მდიდარ დემოკრატიებთან, მიუხედავად იმისა, რომ არაამერიკელთა უმეტესობას დონალდ ტრამპი სულაც არ მოსწონს. ერთად ამ ხუთი ქვეყნის მთავრობები შეადგენენ „ხუთ თვალს“ − მათი ჯაშუშები ენდობიან ერთმანეთს და ძალებს აერთიანებენ, რასაც არ აკეთებენ საფრანგეთთან, გერმანიასა და იაპონიასთან ერთად. სინოსფერო მხოლოდ ერთი ქვეყნის ირგვლივ ბრუნავს, თუმცა ამ ქვეყნის გავლენა დიდია. ის გავლენას გზებითა და სესხებით ყიდულობს და მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს სთავაზობს მართვის მოდელს, რომლითაც სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ერთპარტიული მმართველობის კომბინირებაა შესაძლებელი. 

ეს ორი სფერო სულ უფრო დიდი ეჭვით უცქერს ერთიმეორეს. ბატონი ტრამპი სავაჭრო ომს აწარმოებს. ავსტრალიას ჩინეთში ექსპორტზე დამოკიდებულება აღიზიანებს. ერთ დროს მოდური იდეა, რომ დასავლეთის ეკონომიკები ჩინეთიდან ჩამოშორებას შეძლებდნენ, აქტუალური ხდება. 

ამასობაში, ანგლოსფეროს სამხედრო სფეროს მესვეურები ბჭობენ იმაზე, თუ როგორ არ დაუშვან ჩინეთის მიერ წყნარი ოკეანის გაკონტროლება. ჩინეთის შპიონაჟისგან თავის დასაცავად, ანგლოსფეროს მთავრობებმა შეანელეს მეხუთე თაობის (5G) მობილური ქსელების მუშაობის გაშლა თავიანთ ტერიტორიაზე, შეზღუდეს რა ჩინური სატელეკომუნიკაციო ფირმა Huawei-სა და კიდევ ორი ჩინური ფირმის მცდელობა, შემოეღწიათ მასში (იხილეთ ბიზნესის განყოფილება). ამერიკის „დისტანციაზე შესანარჩუნებლად“, ჩინეთი სამხედრო ხარჯებს მუდმივად ზრდის. 

გარკვეული უთანხმოება გარდაუვალია. 2020 წელს ორივე მხარე მეტს უნდა ეცადოს ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ბატონი ტრამპის სავაჭრო ომის „მეტასტაზები“ მსოფლიო ეკონომიკას დაასნებოვნებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნებისმიერი არასწორი ქმედება შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი გახდეს. 

კარგი დასაწყისი იქნებოდა თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, სადაც ორივე მხარეს საერთო ინტერესი აქვს. ეს სფეროებია კლიმატის ცვლილება, პანდემიებთან ბრძოლა, ოკეანეების შენარჩუნება და პრევენცია იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს. ამერიკამ და ავსტრალიამ ბოლო წლებში დამთრგუნველი მარცხი იწვნიეს მცდელობაში, ეთანამშრომლათ ჩინეთთან კლიმატის ცვლილების საკითხებში. მათ უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა არა დღევანდელი ლიდერების ხელში. 

ორივე მხარემ მტრული რიტორიკა გვერდით უნდა გადადოს. სავაჭრო საკითხებში მკერდში მჯიღის ცემა და ნაციონალისტური რიტორიკა საერთო ინტერესებს ჩრდილავს. ბატონ ტრამპს წინასაარჩევნოდ რეცესია ნამდვილად არ აძლევს ხელს, ბატონი სის ინტერესებში კი მკვეთრი შენელება სულაც არ შედის. შესაძლებელია გარიგების მიღწევა, რომლითაც ამერიკა ტარიფებს მოხსნის, ხოლო ჩინეთი ბაზრებს უფრო გახსნის და ინტელექტუალურ საკუთრებას შედარებით ნაკლებად მოიპარავს. უდიდესი სადავო საკითხი − ამერიკის მოთხოვნა, შეწყვიტოს ჩინეთმა სახელმწიფო საწარმოების ფავორიტიზმის პრაქტიკა, ფაქტობრივად, ჩინეთის სახელმწიფოსა და მის ეკონომიკას შორის ურთიერთობის გადაწერის მოთხოვნაა. ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ მისი მიჩქმალვა შეიძლება.

ანგლოსფერო, სინოსფერო, ატმოსფერო

უფრო კონსტრუქციული ურთიერთობების ასაგებად, მოთხოვნათა შეზღუდვაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს ჩინეთის კრიტიკა დისიდენტების დევნის გამო, თუმცა არა ვაჭრობისა და კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას. პეკინის მიერ ჰონკონგელთა შევიწროებისა და სინძიანის პროვინციაში უიღურების მასობრივი დაპატიმრებების მიმართ დანარჩენი მსოფლიოს საყოველთაო პროტესტის ზრდა სავსებით სამართლიანია. თუ სავაჭრო მოლაპარაკებებში ადამიანთა უფლებების დაცვის მოთხოვნაც გაერია, ბატონი ტრამპის მმართველობაში ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ეს შესაძლებელია მომავალი დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობაში. შეთანხმება განწირულია. 

რობერტ გესტი, საზღვარგარეთის რედაქტორი, The Economist