გააფორმეთ ბირთვული შეთანხმებები

საგარეოპოლიტიკური შეთანხმებების მისაღწევად, ამერიკისთვის 2020 წელზე უარესის წარმოდგენა ძალიან ძნელია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობამ ამერიკის დიპლომატია „ტოქსიკურად“ აქცია. ეჭვებმა და ინფორმაციის მოსალოდნელმა გაჟონვამ შესაძლოა ნებისმიერი დიდი ინიციატივა მოწამლოს. ამერიკის მზარდ მეტოქესთან, ჩინეთთან ურთიერთობამ ღრმა უნდობლობის ფორმა საბოლოოდ მიიღო. ურთიერთობები ტრადიციულ მეტოქე რუსეთთან ცივი ომის ყველაზე ინტენსიური სტადიის შემდგომი მთლიანი პერიოდის განმავლობაში ყველაზე უფრო მყიფე გახდა, ამ ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ გაუგებრობების მინიმიზაციის მიზნით წარმოებული სტრატეგიული დიალოგის თვალსაზრისით. ამასთანავე, მსოფლიოს ლიდერთა ნაწილი ალბათ მიიჩნევს, რომ სჯობს დაელოდოს ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლას, თუკი თანამდებობას 2021 წლიდან ვინმე უფრო დამყოლი დაიკავებს. 

ამავე დროს, ბირთვული შეიარაღების კონტროლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში გადაუდებელია მოქმედებისკენ მიბრუნების აუცილებლობა და ამ შესაძლებლობის 2020 წელს გამოყენება. ამ გადაუდებლობას იწვევს ფაქტი, რომ ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის რეჟიმის „ეროზია“ ისე განვითარდა, რომ შესაძლოა ამ რეჟიმიდან მალე აღარაფერი დარჩეს. ამერიკამ 1972 წლის ანტიბალისტიკური რაკეტების შეთანხმება 2002 წელს დატოვა. ბატონმა ტრამპმა ირანთან გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებაზე თქვა უარი (თუმცა, შეთანხმების ევროპელი სუბიექტები მას ჯერ კიდევ აცოცხლებენ). ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და რაკეტების გამოცდა კვლავაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ტრამპი თვალთმაქცობს, თითქოს მისი ინიციატივით ჩატარებულმა სამიტებმა პრობლემა გადაჭრა და მზერას სხვა მიმართულებით აპყრობს. რუსეთის თაღლითობამ საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება მოკლა, რომელმაც შეიარაღების მთელი კლასის მოსპობა გახადა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას ვადა 2019 წელს გაუვიდა. 

თუ ორივე მხარე − რუსეთიცა და ამერიკაც შეთანხმების გაგრძელებაზე არ მოილაპარაკებს, 2010 წელს გაფორმებული სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების (New START) მოქმედების ვადა 2021 წლის დასაწყისში ამოიწურება. ეს ორი ქვეყანა ჯერ კიდევ ფლობს მსოფლიოს ატომური ბომბების 90%-ს. ეს ხელშეკრულება ზღუდავს მათი არსენალების სიდიდეს და აწესებს ინსპექტირების რეჟიმის დეტალურ წესებს. შეზღუდვების გარეშე ბირთვული შეიარაღების ახალ შეჯიბრს გაეხსნება გზა. 

ბატონ ტრამპს არ მოსწონს ეს ხელშეკრულება და ყველაფერს ლანძღავს, რაც მის წინამორბედ ბარაკ ობამას უკავშირდება. როგორც ეს მას ახასიათებს, ტრამპს დიდი გარიგების გაჩარხვა უნდა, რომლითაც მცირე, მაგრამ მზარდი არსენალის მქონე ჩინეთის ჩაბმაც გახდება შესაძლებელი. ჩინელები არავითარ ინტერესს არ ავლენენ. მართალია, გონივრულია მათი ჩაბმა ბირთვული შეიარაღების კონტროლში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი შეთანხმების მიღწევას წლები დასჭირდება. ასეთ პირობებში, ამაზე ლაპარაკი New START-ის ხელშეკრულების დასაღუპად გაწირვას ნიშნავს. გასული წლის სექტემბრამდე ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის პოსტზე მყოფი „ქორი“ − ჯონ ბოლტონი კმაყოფილი იყო იმ ხელშეკრულებების მოშლით, რომლებიც ამერიკას მანევრირების საშუალებას უზღუდავდნენ. ივნისში მანვე განაცხადა, რომ New START-ის მოქმედების ვადის გაგრძელება „მოსალოდნელი არ იყო“. 

ეს ყველაფერი განიარაღების პროცესის ვეტერანებისთვის შემაშფოთებელია. „1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არასდროს ყოფილა აშშ-რუსეთის ბირთვული კონფრონტაციის რისკი ასე მაღალი, როგორც დღესაა“, − გვაფრთხილებენ ყოფილი სენატორი სემ ნანი და ჟურნალ Foreign Affairs-ის თანამშრომელი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ერნესტ მონიცი. კონტროლის მექანიზმის მოშლა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გასამართ, ამჟამად აპრილის დასაწყისში ნიუ იორკში დაგეგმილ ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შეთანხმების მონიტორინგის კონფერენციას, შემოკლებით RevCon-ად ცნობილ ღონისძიებას, ფიქციად აქცევს. ბირთვული სახელმწიფოები ვეღარ ახერხებენ თავიანთი დანაპირების შესრულებას, რაც ატომური ბომბების სრული ლიკვიდაციისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ქმედებას ნიშნავს. გაუვრცელებლობის შეთანხმების მოშლა სულ უფრო მეტ ქვეყანას გადააწყვეტინებს, რომ ბირთვული იარაღი სჭირდება. 

 

RevCon-იდან RevUp-მდე

მიუხედავად პირქუში პროგნოზებისა, ჰიროსიმასა და ნაგასაკის თავზე ატომური ბომბების ჩამოგდებიდან 75 წლის თავზე, 2020 წელს ბირთვული განიარაღების დიპლომატიის გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ობსტრუქციონისტი ბატონი ბოლტონი უკვე წავიდა და სულ მცირე, ორ სფეროში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. 

ერთი მათგანი ირანს უკავშირდება. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ენერგიული მცდელობები, შედგეს შეხვედრა, ან როგორც მინიმუმ, საუბარი მაინც ბატონ ტრამპსა და პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შორის, ბირთვული შეთანხმების განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს. ბატონ ტრამპს კარგი ჰედლაინები სჭირდება. ირანისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა სანქციების შერბილება და ბატონმა რუჰანიმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის ინიციატივა მოლაპარაკების დასაწყებად „მისაღებ“ პლატფორმად მიაჩნია. ამერიკასა და ირანს შორის არსებული უფსკრულის ფონზე (იხ. ახლო აღმოსავლეთის განყოფილება), ეს წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ „ვაჭრობის“ პოტენციალი ნამდვილად არსებობს. 

მეორე მათგანი უკვე რუსეთთან New START-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ეხება. ორივე მხარეს აქვს თავშეკავების საფუძველი. ეს დაბრკოლება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შეთანხმებამდე უნდა მოიხსნას, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, დაუძლეველი დაბრკოლებები აქ არ არსებობს. შეთანხმების დროულად გასაფორმებლად სერიოზული მოლაპარაკებები სწრაფადვე უნდა დაიწყოს. 

ბატონ ტრამპს, რომელიც საკუთარ თავს ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებათა „გამჩარხავად“ გაპრეზიდენტებამდე დიდი ხნით ადრე სახავდა, საშინაო პრობლემების ფონზე ექმნება ცდუნება, საკუთარი „ბრენდი მიაწებოს“ ხელშეკრულებებს, რომლებსაც პუბლიკას ახალ, გაუმჯობესებულ და მტკიცე გარიგებებად „მიჰყიდის“. ისიც მართალია, რომ ამოცანას ზებგერითი იარაღისა და კიბერკონფლიქტების ახალი რისკის მართვის საჭიროებაც ართულებს. ეს კი, საბოლოოდ, უფრო ზრდის არსებული ხელშეკრულებების შენარჩუნების აუცილებლობას და 2020 წელს შეიარაღების კონტროლის ჩვევისკენ მიბრუნებას. 

დანიელ ფრანკლინი, რედაქტორი, „მსოფლიო 2020“